ავტორი: დავით კეკენაძე
ამიერიდან 13-15 წლის მოზარდები TikTok-ზე დარეგისტრირდებიან, მათი ანგარიშები ავტომატურად დახურული იქნება. ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ ატვირთული ვიდეოების ნახვა მხოლოდ ამ ანგარიშის გამომწერებს შეეძლებათ. დახურული ანგარიშის მფლობელს გამომწერები იმ შემთხვევაში ეყოლება, თუ თავად დაეთანხმება გამომწერის მოთხოვნას. თუმცა დახურული ანგარიშის გახსნა პარამეტრებიდან ისევ შესაძლებელია.
მკაცრდება ასეთ ანგარიშებზე კომენტარის დატოვების წესიც. 13, 14 და 15 წლის მომხმარებელს შეუძლია ან მხოლოდ გამომწერს მისცეს კომენტარის დატოვების უფლება, ან საერთოდ გააუქმოს კომენტარის ეს ფუნქცია.
ვიდეოების გადმოწერა მხოლოდ 16 წლისა და უფროსი ასაკის მომხმარებელთა ანგარიშებზე დაიშვება. მართალია თავდაპირველად ამ კატეგორიის მომხმარებლსაც გათიშული ექნება ეს ფუნქცია, მაგრამ პარამეტრებიდან მისი ხელახლა ჩართვა თავისუფლად შეიძლება.
სიახლეები ეხება იმ ფუნქციასაც, რომელიც პლატფორმაზე ამა თუ იმ მომხმარებლის ანგარიშს ავრცელებს და ურჩევს სხვებს, რომ გახდნენ მისი გამომწერი. ეს ფუნქცია 13, 14 და 15 წლის მოზარებდისთვის გათიშული იქნება, თუმცა პარამეტრებიდან მისი ჩართვა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თინეიჯერების უსაფრთხოების მიზნით, TikTok დამატებით ზომებს ნერგავს. 2020 წელს აპლიკაციაზე დაემატა ფუნქციები, რომლებიც მშობლებს ბავშვის ანგარიშზე პარამეტრების შეცვლისა და შეზღუდვების დისტანციურად დაწესების შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს 16 წლამდე მომხმარებელს პირადი შეტყობინებების მიღებისა და გაგზავნის ფუნქციაც გაეთიშათ.