მთავარისაქართველობოლნისსა და ვანში მუზეუმები გაიხსნა

ბოლნისსა და ვანში მუზეუმები გაიხსნა

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

მუზეუმის ცხოვრება ყველგან შეიცვალა. პანდემიის გამო, ხალხი მუზეუმებში ვეღარ დადის. ყველაფერი გაჩერდა და უკეთესი დროის მოლოდინში გაიყინა.

და აი, ამ დროს საქართველოში, პანდემიის მიუხედავად, ახალი მუზეუმები გაიხსნა.

2020 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დააარსა, ხოლო ვანში არსებული არქეოლოგიური მუზეუმი აღადგინა.

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენები, არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი.

როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვშია, რომლებშიც ახალი მუზუმები გაიხსნა.

„ჩვენ გავხსენით ორი ახალი მუზეუმი, ერთ-ერთია ბოლნისში. ეს გახლავთ რეგიონული მუზეუმი, რომელიც, ფაქტობრივად, ქვემო ქართლის მთელ ისტორიას გვიყვება. აქ მნახველებს გავაცნობთ უძველესი ევროპელების ისტორიას, უძველესი ღვინის წარმოების ტრადიციას, ადრეულ წარწერებს და მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში გერმანელების ცხოვრების შესახებ“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ბოლნისის მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი ამ რეგიონში ჩასახლებული გერმანელი კოლონისტების ისტორიას ასახავს. მეოცე საუკუნის დასასრულს საქართველოში დაახლოებით 46 ათასი გერმანელი ცხოვრობდა. ბოლნისს კატერინენფელდი ერქვა – ვიურტემბერგის დედოფლ ეკატერინეს პატივსაცემად. გერმანელების კვალი ბოლნისში დღესაც შემორჩენილია. მუზეუმის გიდმა ვლადიმერ ჩხეტიანმა „ევრონიუსს“ დასახლების სახელწოდების გენეზისი აუხსნა.

„აქაურ ტერიტორიას სახელი გადაერქვა და კატერინენფელდის ნაცვლად დაერქვა ლუქსემბურგი. თუმცა 1941 წელს, როდესაც გერმანია  საბჭოთა კავშირს დაესხა თავს, სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები გერმანელები მასობრივად გადაასახლეს შუა აზიაში“, – ამბობს ვლადიმერ ჩხეტიანი.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ამ მხარის ისტორია და კულტურაა წარმოდგენილი. ასეთ მუზეუმს  საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა მას  საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის ცენტრის ფუნქციაც აკისრია.

დავით ლორთქიფანიძის განმარტებით, ვანში მუზეუმი ადრეც არსებობდა, ახლა კი მას განახლებული სახე აქვს.

„ეს გახლავთ არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც ვანის ნაქალაქარის ისტორიას გვიყვება, წარმოდგენას გვიქმნის ლეგენდარულ კოლხეთზე. გვაჩვენებს იმას, რომ მითი  მხოლოდ მითი არ არის, ეს რეალობაა. რთული არქეოლოგია ადასტურებს მითიური კოლხეთის არსებობას“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა.

ვანის არქოლოგიურ მუზეუმში ძველი წელთაღრიცხვის VIII – I საუკუნეების არტეფაქტებია წარმოდგენილი. მუზეუმში ინახება ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები და ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები. ასევე წარმოდგენილია ოქროს დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, თუ როგორ მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ოქროს ძველი კოლხები.

დავით ლორთქიფანიძე თვლის, რომ მუზეუმებში საერთაშორისო სტანდარტები დაცულია და   ორივე მუზეუმი მნიშნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის ფუნქციას შეიძენს. მუზეუმის დირექტორი იმედოვნებს, რომ  მუზეუმებს  ბევრი მნახველი 2021 წელსვე ეყოლება. მათ შესაძლებლობა ექნებათ,  საქართველოს ისტორიაზე მეტი გაიგონ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2021 წლისათვის ყველა იმ პროექტის აღდგენასა და ბოლომდე მიყვანას გეგმავს, რომლებიც პანდემიამ შეაფერხა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend