მთავარი COVID-19 დისტანციური მუშაობა - რატომ რეკავს მაღვიძარა ჩვეულ დროზე გვიან?

დისტანციური მუშაობა – რატომ რეკავს მაღვიძარა ჩვეულ დროზე გვიან?

კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში მრავალი კომპანია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. როგორია სახლიდან მუშაობის ჩვევები? და რა არის დისტანციურად სამსახურში ყოფნის მთავარი სირთულე? – როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი გამოწვევა აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. 

მაღვიძარა ახლა ანასთვის ჩვეულ დროზე გვიან რეკავს. სამსახურმა უკვე დიდი ხანია სახლში გადმოინაცვლა. ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე ერთ ოთახში, ერთ მაგიდასთან და ერთ მონიტორში იყრის თავს.

ონლაინ შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე ანას ჩაცმულობა იცვლება – ის რაც ეკრანზე ჩანს, სამსახურისთვის შესაფერისი, ოფიციალური და მოწესრიგებულია. ის კი რაც არ ჩანს, შინაურული, კომფორტული და სასიამოვნოა. ამიტომ ხშირად საქმიანი შეხვედრებს ფუმფულა ჩუსტებითაც კი ესწრება.

ანა ქანთარია, „ფილიპ მორის საქართველოს“ საგარეო საქმეთა ურთიერთობის განყოფილების ასისტენტი:

„ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია, ალბათ ისაა, რომ ადრე ადგომა არ გიწევს. ხშირად ვიდეო თვალის ჩართვა მიწევს, შესაბამისად ისეთ გარემოში ვინაცვლებ, სადაც მინიმუმ ისეთი ფონი მექნება, რომ არეულობა არ  გამოჩნდება, ან სხვა ადამიანები ხელს არ შემიშლიან“.

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია “buffer”-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40%-მა სახლიდან მუშაობის უპირატესობებს შორის მოქნილი გრაფიკი დაასახელა, 30%-ს კი მიაჩნია, რომ ყველაზე კომფორტული ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობაა.

ანასგან განსხვავებით, ლაკოს ოფისში თითქმის არც უმუშავია. მისი კარიერის პირველი ნაბიჯები კორონავირუსის პანდემიის დასაწყისს დაემთხვა.

მაგიდაზე ყოველთვის დევს რამდენიმე აუცილებელი ნივთი: ლეპტოპი, წიგნაკი, ტელეფონი და ყავა. ეს ნივთები სამუშაო განწყობას ამაღლებს. როგორც თვითონ ამბობს, სახლიდან მუშაობის დროს საშუალება აქვს სხვადასხვა სივრციდან ჩაერთოს, რაც ამ ვითარებაში,  ყველაზე კარგი გამოსავალია.

ლაკო ჯაჯანიძე, „საქართველოს ბანკის “მომხმარებლის გამოცდილების მკვლევარი:

„სექტებრის პერიოდში, როდესაც შეზღუდვები შემსუბუქდა, ოფისში მისვლა მომიწია. ძალიან სასიამოვნო იყო ასეთ გარემოში მუშაობა და ადამიანებთან ურთიერთობა, თითქოს უფრო პროდუქტიულებიც ვიყავით. მხოლოდ უარყოფითზე რომ არ ვისაუბროთ. დისტანციურ მუშაობას ბევრი დადებითი მხარეც აქვს ჩემთვის. მაგალითად, არ მიწევს აუცილებლად იმ ქალაქში ვიყო ყოველდღე, სადაც ვმუშაობ“.

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად დისტანციური მუშაობა უფრო მეტად საჭირო და აუცილებელი ხდება. ბევრი კომპანია გეგმავს, რომ მუშაობის ეს მეთოდი მომავალშიც აქტიურად გამოიყენოს.

ავტორი: ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები