მთავარიდღის ამბებიბრექსიტმა შესაძლოა ფოლკლენდის კუნძულებს ევროკავშირთან ვაჭრობა გაურთულოს

ბრექსიტმა შესაძლოა ფოლკლენდის კუნძულებს ევროკავშირთან ვაჭრობა გაურთულოს

ავტორი: მიხეილ კალანდარიშვილი

 

ბრიტანეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიები ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმებაში არ შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის ევროკავშირთან ვაჭრობა გართულდება. პრობლემები ექმნება ფოლკლენდის კუნძულებს. მათი ექსპორტის დიდი ნაწილი ევროკავშირში გადის. პარალელურად,  არგენტინა გაერთიანებული სამეფოსგან ფოლკლენდის კუნძულების დაბრუნებას ითხოვს.

ბრიტანეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიები ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმებაში არ გაითვალისწინეს. პრობლემები შეიძლება შეექმნას ფოლკლენდის კუნძულებს. მათი ეკონომიკის დიდი ნაწილი თევზეულის ექსპორტზეა დამოკიდებული. ექსპორტის 90 პროცენტი კი ევროკავშირში გადის. ბრექსიტის გამო, ვაჭრობაზე ტარიფები დაწესდება.

„ჩვენ მარტივ რამეს ვითხოვთ. გვინდა, რომ ევროკავშირის უპირატესობებით ვისარგებლოთ. იტალიასა და საფრანგეთში ჩვენი კალმარები და რვაფეხები უყვართ. ჩვენი ვაჭრობა არ უნდა შეიზღუდოს“, – აცხადებს ტესლინ ბარკმანი, ფოლკლენდის კუნძულების საკანონმდებლო ასამბლეის წევრი.

გასული წლის თებერვალში არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი ევროპაში დიპლომატიური ტურით გაემგზავრა. იგი ითხოვდა, რომ კუნძულები, რომლებსაც არგენტინა თავის ტერიტორიად მიიჩნევს, ბრექსიტის ხელშეკრულებიდან ამოეღოთ. არგენტინელი დიპლომატების აზრით, ახლა ხელსაყრელი დროა,  რომ კუნძულებთან დაკავშირებული საუკუნოვანი დავა გადაწყდეს.

„ჩვენ ყველა ქვეყნის მხარდაჭერას ველოდებით. ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკებები გვინდა. გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები უნდა დასხდნენ ჩვენთან ერთად და მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. შეუძლებელია, რომ ბოლო 188 წლის განმავლობაში არგენტინა კოლონიალური ძალების მიერ იყოს ოკუპირებული“, – აცხადებს არგენტინელი დიპლომატი დენიელ ფერნანდო.

1982 წელს ფოლკლენდის კუნძულებზე ომი გაჩაღდა, როდესაც არგენტინის არმიამ ბრიტანეთისგან ტერიტორიის დაბრუნება წარუმატებლად სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს გაეროს რეზოლუციას კუნძულების დეკოლონიზაციის შესახებ, ევროპულმა ქვეყნებმა მხარი მაინც გაერთიანებულ სამეფოს დაუჭირეს. ექსპერტების განცხადებით, ბრექსიტის გამო კუნძულის მოსახლეობამ შეიძლება არგენტინასთან ურთიერთობები გააუმჯობესოს.

„ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. სავარაუდოდ, ყველას ერთი პოზიცია ვერ ექნება. ჩვენ ვიცით, რომ ზოგი ქვეყანა არგენტინას უჭერს მხარს. ესენია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი, ავსტრია და საბერძნეთი“, – აცხადებს ქრისტიან გაიმერსი, ინსტიტუტ „ირელაკის“ პრეზიდენტი, რომელიც ლათინური ამერიკისა და ევროპის ურთიერთობებს სწავლობს.

კუნძულების მომავალი გაურკვეველია. ამასობაში ბრიტანულმა ჯარებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ერთი რამ ცხადია: გაერთიანებული სამეფო არ აპირებს დათმოს ის ტერიტორია, რომელსაც  ანტარქტიდასთან სიახლოვის გამო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend