ავტორი: ნინი დვალიშვილი
კორონავირუსის პანდემიამ ცხოვრების წესი მთელ მსოფლიოში რადიკალურად შეცვალა. სირთულეებთან გამკლავება ბავშვებსაც უწევთ. დახურული სკოლები და სოციალური დისტანცია – ცვლილებების მხოლოდ ნაწილია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თანატოლებთან ურთიერთობას მოზარდების განვითარებისთვის ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მას ვერაფერი ჩაანაცვლებს.
7 წლის კატოს ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა. და როგორც ყოველთვის, წელსაც ელოდებოდა საზეიმო გარემოსა და თანატოლებს… მაგრამ პანდემიის გამო, კატო თავის დაბადების დღეს წელს მეგობრების გარეშე შეხვდა.
არათუ ზეიმი და მხიარულება, უკვე რამდენიმე თვეა, კატო და მისი და-ძმა, ისევე როგორც ყველა მათი თანატოლი, მეგობრებს საერთოდ ვეღარ ხვდებიან. ბავშვებისათვის საგანმანათლებლო და გასართობმა სივრცემ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა.
ირინა მგალობლიშვილი “ევრონიუს ჯორჯიასთან” იმ სირთულეებზე საუბრობს, რომელსაც მისი სამი შვილი პანდემიის პერიოდში გადააწყდა.
“შუათანა ყველაზე მეტად განიცდის ამ გარემოებას. იგი ხშირად ტირის. ამბობს, რომ დაიღალა პანდემიით. მას სურს გარეთ, სკოლაში, ტანვარჯიშის წრეზე სიარული და ყველაფერი, რაც მანამდე ჰქონდა. სამწუხაროდ, წელს ბაკურიანშიც ვერ მივდივართ. ამასაც ძალიან განიცდიან ბავშვები. ისინი მთელი წელი ემზადებოდნენ თხილამურებზე სასრიალოდ.”
ფსიქოლოგების აზრით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებით განსაკუთრებით ბავშვები ითრგუნებიან. ურთიერთობებსა და კონტაქტებს მათ განვითარებაში უმნიშნვნელოვანესი როლი უჭირავს. სკოლა და საბავშვო ბაღი გარდა საგანმანათლებლო ამოცანისა, მოსწავლეებს სოციალურ უნარებსაც უვითარებს.
“არსებული სიტუაცია ძალიან რთული ასახსნელია ბავშვებისათვის. მშობელი ეუბნება, რომ მან ადამიანებთან ურთიერთობა ისწავლოს და ამავდროულად მათთან დისტანცია დაიცვას და არ იკონტაქტოს. ზრდასრულებისაგან განსხვავებით, ბავშვისთვის სრულიად გაუგებარია სოციალური დისტანციის დაცვაც,” – ამბობს ფსიქოთერაპევტი ელენე ჯაფარიძე.
ზუსტად არავინ იცის, თუ როგორ იმოქმედებს იძულებითი სახლში ყოფნა და პანდემიით გამოწვეული სხვა შეზღუდვები ბავშვებზე. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ სოციალური დისტანცია დროებითია. მშობლებმა აუცილებლად უნდა აუხსნან, რომ როგორც კი პანდემია დასრულდება, ბავშვები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.