მთავარი COVID-19 შეზღუდვებმა ონლაინ ვაჭრობას სტიმული მისცა

შეზღუდვებმა ონლაინ ვაჭრობას სტიმული მისცა

პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ბიზნესსექტორის უმეტესი ნაწილი  მომხმარებლების დეფიციტს უჩივის. თუმცა  სულ სხვა რეალობაა ონლაინ გაყიდვებში. ახლა სასურველი ნივთების შეძენა ძირითადად  ვირტუალურად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ყველაზე მეტი მომხმარებელი სწორედ ონლაინ პლატფორმებს ჰყავთ. ამ სფეროსთვის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ახალი ინიციატივებისა და განვითარების სტიმული გამოდგა.

ონლაინ გაყიდვების ბიზნესში ახლა დიდი სამზადისია. ათობით ნივთს, რომელიც მომხმარებლებმა ონლაინ შეიძინეს, ადრესატებთან წასაღებად ამზადებენ. დღეის მდგომარეობით საქართველოში  საყიდლებზე წასვლა მხოლოდ ვირტუალურად არის შესაძლებელი. ამიტომ ონლაინ პლატფორმებს ბევრი მომხმარებელი მიმართავს.

„პანდემია ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, ვინაიდან ჩვენი სერვისის ერთ-ერთი ნაწილი ნივთების ფიზიკურად შემოწმებაა. შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, სრულად ონლაინ რეჟიმზე მოგვიწია გადასვლა და ეს იყო ერთ-ერთი პირველი დაბრკოლება. თუმცა პანდემიის პირველი ტალღის დროს, მაისის თვეში, ყველზე მეტი გაყიდვები გვქონდა. ახლაც, საახალწლოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგი შედეგი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები და იდეები. უკვე გავფართოვდით და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მომხმარებელს შოურუმსაც დავახვედრებთ“, –  ამბობს ონლაინ სავაჭრო პლატფორმის დამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე.

მართალია, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ონლაინ ბიზნესს განვითარების სტიმული მისცა, მაგრამ ბიზნესის ბევრ მიმართულებას მდგომარეობა ძალიან გაურთულა.

“ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც პანდემიამდეც ონლაინ ვაჭრობდნენ, კარგად მართავდნენ თავიანთ მარაგებს. განსაზღვრული ჰქონდათ საფასო პოლიტიკა. ადვილად აწყობდნენ  აქციებს, მიტანის სერვისი ძალიან მარტივი ჰქონდათ. შესაბამისად, ძალიან მარტივად გადაეწყვნენ ამ რეალობაში და  გაყიდვები გაეზარდათ კიდეც. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, რომლებსაც ამ მიმართულებით არ ჰქონდათ გამოცდილება, ისინი ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. პირველი პრობლემა, რაც გაჩნდა, ეს იყო პროგრამული უზრუნველყოფა, იმისათვის რომ ყველა ნაშთი რაც ჰქონდათ სავაჭრო ობიექტებში, ეს გამოეტანათ და ონლაინ სივრცეში ჩაეშვათ“, – განმარტავს მარკეტინგის სპეციალისტი თორნიკე გურული.

ონლაინ ვაჭრობაში გამოუცდელი მყიდველების დასახმარებლად სოციალური მედიის მენეჯერმა ანუკი აბრამიშვილმა სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი შექმნა. ის ამ გზით ცდილობს მომხმარებლები დააკვალიანოს.

“ჯგუფში დავიწყე ყოველდღიურად ახალი პოსტების დადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეძინათ საიტიდან პროდუქცია. როგორ დარეგისტრირებულიყვნენ, როგორ მოეძებნათ, რა იყო ამისთვის აუცილებელი. დავიწყე  ცოდნის გაზიარება და დღეს უკვე ჩემი ჯგუფის წევრებმა იციან, რომ ამ ჯგუფში ონლაინ შოპინგთან დაკავშირებით  ნებისმიერი ინფორმაცია  შეიძლება მიიღონ –  როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის მაღაზიებიდან“, – ამბობს ანუკი აბრამიშვილი.

ონლაინ ბიზნესის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მომხმარებელთა ნაწილი  მათი ერთგული დარჩება.

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend