მთავარიCOVID-19პანდემიამ ყვავილების გაყიდვა შეამცირა

პანდემიამ ყვავილების გაყიდვა შეამცირა

პანდემიის დაწყების შემდეგ, მოქალაქეები ყვავილებს ისე ხშირად აღარ ყიდულობენ, როგორც მანამდე – ასე ფიქრობენ თავად ფლორისტები და ყვავილებით მოვაჭრეები. მათი განმარტებით, იმის გამო, რომ სადღესასწაულო ღონისძიებები ვეღარ ტარდება, ყვავილების შესაძენად უფრო ნაკლები მომხმარებელი მიდის. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მცენარეებს ხშირად თვითღირებულების ფასად ყიდიან, რის გამოც თითქმის მოგების გარეშე უწევთ მუშაობა.

ზურაბ ტურაბელიძემ ყვავილების გაყიდვა პანდემიამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. მაშინ დიდი გეგმები ჰქონდა. ახლა კი ეს ფერადი მცენარეები ყურადღებას უწინდებურად ვეღარ იქცევენ.

“ქორწილებიც გადაიდო, ღონისძიებებიც. ახლა მიწევს მაღაზიის შენარჩუნება. კომუნალური გადასახადები, ქირა. ძირითადად ვმუშაობთ ონლაინ შეკვეთებზე. ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაცას აკეთებ და ადამიანებს დადებითი ემოციების გამოხატვის საშუალებას აძლევ. სასიამოვნოა, როცა ერთი ჩუქნის მეორეს და ამაში ეხმარები. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სასიამოვნო კია, მაგრამ შემოსავალი თუ არ იქნა, შეიძლება დავანებო თავი“, – ამბობს ყვავილების მაღაზიის მფლობელი ზურაბ ტურაბელიძე.

ზურას მაღაზიაში თაიგულებს დილიდან საღამომდე ამზადებენ. ცდილობენ, ყვავილები ყველა გემოვნების მომხარებელს შესთავაზონ. მომხარებელს, რომელიც მათ დახლებთან სულ უფრო იშვიათად ჩნდება.

„შემოსავალი, რაც გვქონდა, იმის ნახევარიც აღარ გვაქვს. მხოლოდ ის თანხა შემოდის, რომ ადამიანმა უბრალოდ იარსებოს. მაგრამ მხოლოდ არსებობა ხომ არ არის? ბანკის ვალები გვაქვს. ათასი პრობლემა…“ – ამბობს ყვავილებით მოვაჭრე, ვახტან ფერიაშვილი.

ზურაბ ტურაბელიძეს სურს, მისი ყვავილები ისეთი მოთხოვნადი იყოს, როგორც პანდემიამდე ერთი თვით ადრე, მაღაზიის გახნისას წარმოედგინა.

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი​

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend