მთავარისაქართველო„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინეს  

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინეს  

ავტორი: ანა ალელიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკიდან მიდის.  11 იანვარს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს წარადგენენ. პოლიტსაბჭოს სხდომაზე, პარტიის შემდგომი განვითარების გეგმებზეც ისაუბრეს.

თბილისის მერის, კახა კალაძის მიხედვით, პარტიის ყრილობა  16 იანვარს გაიმართება და მას მთელი საქართველოდან 400-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

„პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა“, – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„ნებისმიერი პარტიისთვის პარტიის ლიდერისა და ამ ცვლილებების განმახორციელებლის წასვლა, რა დროც არ უნდა იყოს ამისთვის შერჩეული, ძალიან რთულია. თუმცა, როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მას აქვს იმ გუნდის ნდობა, რომელიც რჩება“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის “ფეისბუკის” მეშვეობით გაავრცელა. მან ღია წერილში იმ მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ასევე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მესამე ვადით გამარჯვება უპრეცედენტო მოვლენად შეაფასა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის  გამოვლინებაა. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც მაშინ გარბიხარ, როცა ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, შენსა და შენ მიერ მოყვანილ ადამიანებზეა“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

„რა თქმა უნდა, ესაა უბრალოდ დეკლარირებული გაქცევა, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება“, – განმარტა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  პოლიტიკურმა საბჭომ, წევრობის ახალი კანდიდატების ოცადერთკაციანი სიაც დაამტკიცა. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობაც პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი, რომელიც შაბათს, 16 იანვარს გაიმართება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend