მთავარიმსოფლიოდიდთოვლობა მადრიდში

დიდთოვლობა მადრიდში

ესპანეთში  შტორმ “ფილომენას” შემდეგ, დათოვლილი გზების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.  სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლოა, ტემპერატურამ -14 გრადუსს მიაღწიოს და თოვლი სახიფათო ყინულად გადაიქცეს. არსებობს საშიშროება, რომ უამინდობა დაზარალებულ რეგიონებში კორონავირუსის ვაქცინებისა და საკვების ტრანსპორტირებას  შეაფერხებს.

8 იანვარს მადრიდში  დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი მოვიდა.

„ჩვენ უნდა გავწმინდოთ მეტროს ყველა შესასვლელი, განსაკუთრებით სახიფათო გადასასვლელები, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს, ასევე საცალფეხო გადასასვლელი და საზოგადოებრივი შენობების შესასვლელები“, -განმარტავს ედუარდო გომესი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

საგანგებო მდგომარეობის სამსახურის ბრიგადამ ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში 500-მდე გზა გაწმინდა და გადაარჩინა  1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მანქანებში იყვნენ ჩარჩენილი.

კვირას 10 იანვარს, არმიის სამაშველო ბრიგადა მადრიდში  საკვების დისტრიბუციის პროცესს ხელმძღვანელობდა და საავადმყოფოებში მისასვლელ გზებს წმენდდა.

მედპერსონალმა,  გაწეული სამსახურის გამო, აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ზოგიერთი იძულებული გახდა, მანქანა დაეტოვებინა და სამსახურში ფეხით მისულიყო.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ ტვიტერზე დაწერა:

„ერთგულება, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გამოიჩინეს, სოლიდარობისა და თავდადების მაგალითია. ”

ვაქცინის დისტრიბუცია რომ არ შეწყდეს, ესპანეთის მთავრობამ დამატებით ზომებს მიმართა. გეგმის მიხედვით, ვაქცინის 300 ათასი დოზა რეგიონებში  პოლიციის კორდონის თანხლებით ჩავა და იმავე დღეს განაწილდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend