მთავარი მთავარი ამბავი პანდემიამ შშმ პირებს ცხოვრება გაურთულა

პანდემიამ შშმ პირებს ცხოვრება გაურთულა

პანდემიამ ადამიანების ცხოვრება და ყოველდღიურობა შეცვალა. თუმცა, განსაკუთრებით რთული გამოწვევების წინაშე სპეციალური საჭიროების მქონდე პირები აღმოჩნდნენ. ბევრი მათგანისთვის ისეთი სამედიცინო მომსახურება, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სრულყოფილად ვეღარ ხერხდება. უფლებადამცველები სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეები დახმარების გარეშე დარჩნენ.

საქანელაზე თამაში 10 წლის გაბრიელისთვის სახლიდან გასვლის ერთადერთი მიზეზია. ის აუტისტური სპექტრის მქონეა, ამიტომ სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამა და სამედიცინო მომსახურება სჭირდება. თითქმის ერთი წელია, პანდემიის გამო, ეს მხოლოდ დისტანციურად არის შესაძლებელი.

„გაბრიელი 3 წლიდან ჩართულია აუტიზმის პროგრამაში – ეს არის ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია, სენსორული თერაპია, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზეა დამოკიდებული ბავშვის განვითარება და ზოგადად, მისი მდგომარეობის შემსუბუქება. გაბრიელს ძალიან კარგი მდგომაროება ჰქონდა პანდემიამდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ისევ ნულიდან მოგვიწევს ყველაფრის დაწყება, რადგან უკვე წელიწადია თერაპიები შეწყვიტა,“ – ამბობს 10 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის დედა, თამარ იარაჯული.

უფლებადამცველების შეფასებით, სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის, პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

„ხანგრძლივი კარანტინის პერიოდში ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგიური კონსულტაცია, ეს კი ჩვენთან სახელმწიფო სერვისების ნაცვლად, მხოლოდ არასამთავრობოების ზრუნვის საგანია. ასევე, შშმ პირებს დაერღვათ ის რუტინა, რაც არის თერაპია, სოციალური ინკლუზია, გარეთ გასვლის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან თავდაპირველად არ იყო შეფასებული, როგორ შეიძლება დააზიანოს ადამიანების ჯანმრთელობა ამ მდგომარეობამ“, – აცხადებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 174 ათასზე მეტი სპეციალური საჭიროების მქონე პირი ცხოვრობს. ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მათთვის ძალისხმევას არ იშურებენ.

“როდესაც დასრულდება პანდემია, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ სახლში არ იყვნენ ჩაკეტილი და კვლავ ჰქონდეთ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა. ჩვენ გადავედით სრულად დისტანციურ სერვისზე. შევიმუშავეთ კონცეპტუალური ჩარჩო-დოკუმენტი და ვთავაზობთ შესაბამის სერვისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მაგალითად დღის ცენტრები, ადგილობრივი განვითარების პროგრამები, რადგან ეს არის მათი მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება,“ – განმარტა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ.

გაბრიელის დედა ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრაში, რომელიც პანდემიამ მის შვილს შეუქმნა, არავინ ეხმარება.

„ერთდერთი ნატვრა მაქვს –  რომ ვინმემ მთავრობიდან 24 საათის განმავლობაში უყუროს ჩვენი შვილის მდგომარეობას, რომ მიხვდეს, რა გზას გავდივართ და რა გვჭირდება,“ – ამბობს 10 წლის გაბრიელის დედა, თამარ იარაჯული.

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი 

უახლესი

სხვა ამბები