ავტორი: დავით კეკენაძე
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომ 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. ეს 1869 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პრეზიდენტი თავისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება.
To all of those who have asked, I will not be going to the Inauguration on January 20th.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 8, 2021
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ 20 იანვარს ძალაუფლების გადაცემის პროცესი მშვიდობიანად და წესების დაცვით წარიმართება.
დონალდ ტრამპი მუდმივად იმეორებდა, რომ 2020 წლის არჩევნები მან გაყალბების გამო წააგო. 7 იანვარს კი ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აღიარებს, რომ ძალაუფლება ახალი ადმინისტრაციის ხელში გადავა.
ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში 6 იანვარს შეიჭრნენ – იმ დროს, როდესაც კონგრესი არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა. დაპირისპირების დროს ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია.