მთავარისაქართველოცხოველების ახალი წელი

ცხოველების ახალი წელი

ავტორი: კესარია ჯავახიშვილი

ხალხის უმრავლესობისთვის ახალი წელი საყვარელ ადამიანებს, სითბოს და სიყვარულს უკავშირდება. ისინი ცდილობენ, ეს დღე ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების გარემოცვაში გაატარონ და ერთმანეთი გაახარონ. ბევრი შინაურ ცხოველებსაც ოჯახის წევრად მიიჩნევს და არც მათ ივიწყებენ, უკეთებენ საჩუქრებს და საახალწლოდაც კი ალამაზებენ.


მიუსაფარი ცხოველებისთვის  ზამთარი განსაკუთრებით რთულია. გარეთ ცივა,  მათ კი მეტი საკვების მიღება სჭირდებათ. კიდევ უფრო  მძიმეა მათი მდგომარეობა პანდემიის დროს,  როცა კვების ობიექტები დაკეტილია და რესტორნებს მიკედლებული ძაღლები  მშივრები არიან.

ცხოველებს ხშირად ეხმარებიან ადამიანები –  ვინც როგორ ახერხებს, ისე. არსებობს არაერთი ჯგუფიც, რომელთა წევრებიც სისტემატურად ზრუნავენ ცხოველებზე.

რუსთაველის მეტროსთან უკვე მეოთხე წელია, იმართება აქცია, სახელწოდებით „გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის“.

„ჩვენ ცხოველთა მოყვარულ მოქალაქეებს საშუალებას ვაძლევთ, მოიტანონ აქციაზე საკვები, დასაფენები, მედიკამენტები და სხვა ნივთები, რომლებსაც ვაგზავნით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ცხოველებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – ამბობს აქციის ორგანიზატორი თიკო კვალიაშვილი.

ზაქარია დოლიძე კი ძაღლებისათვის სახლებს აკეთებს. მან ეს საქმიანობა ორი წლის წინ წამოიწყო. მას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. დღეს კი უკვე ხშირად ვხედავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  მიუსაფარი ცხოველების პატარა ბუდრუგანებს.

„ერთი ცუგას ვიდეო ვნახე, თვითონ ძაღლიც  მძიმედ იყო და მისი ლეკვებიც. ამ ზამთრის ყინვაში ტალახში იწვა. მოვედი სახლში, ჩემი მშობლების კარადა დავშალე და სასაცილო სახლი გავაკეთე. წავუღე ცუგებს. ის სითბო, რომელიც დედა ცუგასგან ვიგრძენი, არასოდეს დამავიწყდება, როგორ შეძვრნენ სახლში და თბილად მოკალათდნენ.“
როგორც ზაქარია ამბობს, მას ხალხის მადლიერება არ უნდა, მთავარია, ცხოველი იყოს კარგად.

ცხოველთა თავშესაფრებში თანხა ძირითადად საკვებსა და საჭირო მედიკამენტებზე იხარჯება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად,  საახალწლო განწყობის შექმნას აქ მაინც ცდილობენ.

ბევრ ადამიანს ეშინია ქუჩის  ძაღლებისა და კატების. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში ხშირად გვეუბნებოდნენ, თითქოს ისინი აგრესიულები და ცოფიანები არიან. სინამდვილეში კი,  ძაღლების უმრავლესობას გამვლელებისგან სითბო და ყურადღება უნდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend