მთავარიმსოფლიოპრეზიდენტ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ

პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ

ავტორი: ნინი დვალიშვილი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრე მომიტინგეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების პროცესის ჩაშლა სცადეს.   თუმცა რამდენიმე საათში კონგრესმა მუშაობა კვლავ გააგრძელა. დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულები.  პოლიციამ პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი ათეულობით მოქალაქე დააკავა. შექმნილი ვითარების გამო ტვიტერმა ტრამპის ანგარიში რამდენიმე საათით დაბლოკა, ფეისბუკმა კი პრეზიდენტის  ვიდეომიმართვა წაშალა. 

ვაშინგტონში, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობასთან, ღამით დაპირისპირება მოხდა.

ეროვნული გვარდია შენობის წინ განლაგდა, რადგან პრეზიდენტ ტრამპის მომხრეებმა კომენდანტის საათის მიუხედავად საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებისა და პოლიციის დაპირისპირებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონგრესში, აქციის მონაწილეების შეჭრამდე, არჩეული პრეზიდენტის სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა.

ბევრი ტრამპს ადანაშაულებს, რომ პრეზიდენტი თვეების განმავლობაში გაყალბებული არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებებით დემონსტრანტებს ძალადობისაკენ უბიძგებდა.

შექმნილი არეულობის გამო, პოლიციას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისა და კანონმდებლების ევაკუაცია მოუხდა.

აქციის მონაწილეებმა კაპიტოლიუმის დერეფნებსა და კაბინეტებშიც შეაღწიეს.

არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე მხოლოდ ორი კვირაა დარჩენილი. მისი აზრით, ეს არეულობა ამერიკის დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

„პრეზიდენტის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. როგორიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ცუდი თუ კარგი, მისმა სიტყვებმს სეუძლია ხალხი  შეაჩეროს. უარეს შემთხვევაში კი  პირიქით – წააქეზოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ტრამპს მოუწოდა, რომ დაგმოს ძალადობა. პრეზიდენტმა ეს მოწოდება არ გაითვალისწინა, თუმცა თავის მხარდამჭერებს სახლში წასვლისაკენ მოუწოდა.

“მე მესმის თქვენი ტკივილი. მე ვიცი, რომ თქვენ გაწყენინეს. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. არჩევნები გაყალბდა და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით კი მეორე მხარემ. მაგრამ ახლა თქვენ სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, “ – მიმართა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს.

მხარდამჭერთა დიდი ნაწილი დაემორჩილა პრეზიდენტს და სახლში წავიდა, თუმცა ნაწილი კაპიტოლიუმის წინ მაინც დარჩა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend