მთავარი საქართველო ბუკინისტის პატარა მაღაზია

ბუკინისტის პატარა მაღაზია

ავტორი: ანა ალელიშვილი

ბუკინისტი რამაზ ჯიქია, უკვე 10 წელია  წიგნებს ყიდის. თავისუფლების მოედანზე პატარა მაღაზიაშია მისი წიგნების სამფლობელო.  პროფესიით ინჟინერია, ადრე წიგნების მხოლოდ მკითხველი იყო… ახლა კი  ამ სფეროში მუშაობა მისთვის ძალიან  საინტერესო აღმოჩნდა.

 

„ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ აქ ისეთ წიგნებს ვხვდებით, რომლებსაც მეორედ აღარ გამოსცემენ, ან დიდხანს აღარ გამოსცემენ. სტუდენტებს სწავლისთვის კიდევ, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ახალი გამოცემები არ ჰყოფნით“, – ამბობს ბუკინისტი რამაზ ჯიქია.

 

რამაზ ჯიქია მყიდველების რაოდენობას არ უჩივის.  ხალხი წიგნებს ხშირად აკითხავს,  ძირითადად ასაკოვანი ხალხია მისი წიგნების მუშტარი. თუმცა ახალგაზრდებიც მოდიან –  ძირითადად სტუდენტები და სწავლისათვის საჭირო წიგნებს არჩევენ. პანდემიამდე  ბუკინისტურ მაღაზიაში ტურისტებიც ხშირად დადიოდნენ.

 

„ადრე უფრო ხშირად ვყიდულობდი ხოლმე ძველ წიგნებს“

„ბუკინისტებთან წიგნები არ მიყიდია, მირჩევნია, მაღაზიაში ავარჩიო ჩემით“

„ადრე ხშირად ვყიდულობდი, ახლა – ნაკლებად“

„ბუკინისტებთან ვყიდულობ ხოლმე წიგნებს“, – ამბობენ ქუჩის გამოკითხვაში მოქალაქეები.

 

ბუკინისტ რამაზ ჯიქიას, მუდმივი მომხმარებლებიც ჰყავს. ზოგთან უკვე მეგობრობაც აკავშირებს. წიგნების არჩევაშიც ეხმარება და, როგორც ამ საქმეს სჩვევია, მერე ამ წიგნების თაობაზე  საინტერესო საუბარიც იმართება ხოლმე.

 

„რამაზთან მარტო ნაცნობობა კი არა, უკვე მეგობრობაც მაკავშირებს. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. აქ ძველ წიგნებს ვეხებით და ვხვდებით, ჩვენმა საზოგადოებამ და ქვეყანამ განვითარების რამხელა გზა გაიარა“, – ამბობს აკაკი სოზიაშვილი.

საახალწლო დღეებში მაღაზია ღიაა. მალე, COVID-19-ის გამო, ბუკინისტური წიგნები ისევ ჩაიკეტება. თუმცა, ცხოვრება წინ წავიდა და აღმოჩნდა, რომ ძველი და იშვიათი წიგნების გაყიდვა, ინტერნეტითაც არის შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები