ავტორი: არჩილ მდინარაძე
ევროპის ქვეყნებში უკვე დაწყებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი. თუმცა იზრდება ინფიცრებულთა რაოდენობაც. სწორედ ამიტომ ინგლისში მესამე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, ხოლო გერმანიაში შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. ესპანეთში ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა, ჯარიც ჩართონ. საფრანგეთში კი ვაქცინის პირველ ეტაპზე ასაცრელი ხალხის კატეგორია გაფართოვდება.
ლონდონის ის ქუჩები, რომლებიც პანდემიამდე საყიდლებზე გასული ხალხით იყო გადატვირთული, ახლა ცარიელია. ინგლისში მესამე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შეზღუდვების დაწესების გამართლებას ცდილობს.
ჯონსონის განმარტებით, ინგლისში ახლა მილიონზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხანშიშესულები და რისკ ჯგუფში მყოფი პირები დაიცვას.
გერმანიაშიც გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე გახანგრძლივდება. ახალი წესის მიხედვით, იმ რაიონებში, რომლებშიც 100 ათას მოსახლეზე 200 ინფიცირებული გამოვლინდება, მოსახლეობას აეკრძალება სახლიდან 15 კილომეტრზე შორს გასვლა.
ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამი უკვე გავრცელდა. ზოგადად, ზამთრის სეზონის დროს პანდემია უფრო მეტად მძვინვარებს. მერკელი თვლის, რომ აუცლებელად უნდა განახლდეს ინფიცირებულთა წყაროებისა და კონტაქტების დადგენა.
მოსახლეობის უკამყოფილების საპასუხოდ, საფრანგეთში ვაქცინაციის შენელებული პროცესი დააჩქარეს. პირველი 6 დღის განმავლობაში მხოლოდ 500 ადამიანის აცრა მოხერხდა. მთავრობა ვაქცინაციის ცენტრების რიცხვისა და რისკჯგუფში შემავალი ხალხის რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
ესპანეთში კი შესაძლოა ვაქცინაციის პროცესში სამხედროებიც დაიხმარონ. რეგიონებში სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს ვაცქინაციის პროცესი. მადრიდში დოზების 6% გამოიყენეს, ასტურიასში კი – 81%. პანდემიის დროს ესპანეთს ჯარისთვის არაერთხელ მიუმართავს. ისინი მონაწილეობას იღებდნენ როგორც მოხუცთა თავშესაფრების სადეზინფექციო სამუშაოებში, ისე კონტაქტების მოძიებაში.