ავტორი: მარიამ ქობულია
მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი მზადაა, ,,ვიკილიქსის” დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ჯულიან ასანჟი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გადასცა. ამერიკის მთავრობა კი 18 პუნქტიანი საბრალდებო დასკვნის მომზადებას განაგრძობს და ასანჟს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გატეხვასა და საიდუმლო ინფორმაციის ,,ვიკილიქსის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებაში ადანაშაულებს.
ბრიტანელმა მოსამართლემ შეაჩერა ჯულიან ასანჟის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის საკითხი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით უნდა გაესამართლებინათ. ,,ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს მექსიკაშიც ჰყავს ბევრი მხარდამჭერი. მექსიკის დედაქალაქში ბრიტანეთის საელჩოს გარშემო ავსტრალიის მოქალაქის მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა.
მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, შესთავაზოს ასანჟს პოლიტიკური თავშესაფარი.
,,ჩვენ მოვითხოვთ ჯულიან ასანჟის შეწყალებასა და ამნისტიას. მივცემთ მას თავშესაფარს მექსიკაში. ჩვენ უზრუნველვყოფთ მის დაცვას. ძალისხმევას არ დავიშურებთ ამის მისაღწევად,’’ – განაცხადა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ ჯულიან ასანჟის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, იგი ორშაბათს ისევ ციხეში დააბრუნეს. ექსტრადიციაზე უარის თქმის მიზეზი ასანჟის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. არსებობდა იმის საფრთხეც, რომ იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმკვლელობას ჩაიდენდა.
ამერიკის ხელისუფლება ჯულიან ასანჟს ადანაშაულებს აშშ-ს სამხედრო მონაცემთა ბაზებში შეღწევასა და ავღანეთისა და ერაყის ომების შესახებ იმ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში, რომლებიც მოგვიანებით ,,ვიკილიქსის“ საიტზეც გამოქვეყნდა. ჯულიან ასანჟის თქმით, ეს ინფორმაცია ააშკარავებს აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯულიან ასანჟს კვლავ მოუწევს წარდგენილ ბრალდებებზე პასუხისგება, ადვოკატები მისი გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების შეტანას აპირებენ .