მთავარისპორტიქართული სპორტი და 2021 წელი

ქართული სპორტი და 2021 წელი

2021 წლის სეზონი ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრებით ზამთარში გაიხსნა. საქართველომ პირველად უმასპინძლა სკი-კროსისა და სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს. სკი-კროსში ქალთა და ვაჟთა შორის შერეული შეჯიბრების მსოფლიო თასის ეტაპი ისტორიაში პირველად ბაკურიანში გაიმართა. ეს მოსამზადებელი ეტაპია 2023 წლისთვის, როდესაც ბაკურიანი სათხილამურო ფრისტალისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

2021 წელი სპორტის სამყაროსთვის განსაკუთრებული იყო. 1 წლით გადადებული ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები ტოკიოში უცხოელი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა. საქართველომ ოლიმპიადაზე 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველი ოქრო ქართველებს ლაშა ბექაურმა მოუტანა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული პირველად მიიღო. ძალოსნობაში ქართველ გულშემატკივრებს იმედი ლაშა

ტალახაძემ არ გაუცრუა და ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. მსოფლიო რეკორდსმენმა ამავე წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეხუთედ დაიმსახურა და ტაშკენტში გამართულ ტურნირზეც არაერთხელ დაამყარა რეკორდი.

ქართველებმა წარმატებით იასპარეზეს პარაოლიმპიურ თამაშებზეც. საქართველოს ნაკრებმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პირველი ქართველი ქალი პარასპორტსმენია, რომელმაც პარაოლიმპიურ თამაშებზე მედალი დაიმსახურა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით იასპარეზა. ბი ჯგუფში 7 ქულით ნაკრები ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე გავიდა და მუნდიალისთვის ბრძოლას გამოეთიშა, თუმცა „ჯვაროსნებმა“ ბოლო შეხვედრის დროს შვედეთის უძლიერესი  ნაკრები დაამარცხეს და 2021 წელი სასიამოვნო სენსაციით დახურეს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმაც დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდმა შინ უკრაინის ნაკრები დაამარცხა, გასვლით მატჩში კი ესპანეთთან დამარცხდა. 2022 წელი ქართული კალათბურთისთვის განსაკუთრებული იქნება, თბილისი „ევრობასკეტ 2022-ის“ ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი ცვლილება იყო კალათბურთის ფედერაციაში. 2021 წლის ბოლოს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს.

2021 ქართული რაგბისთვისაც განსაკუთრებული იყო. დაძაბულობის, რამდენიმე არჩევნებისა და პროტესტის შემდეგ რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე დაინიშნა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კიდევ ერთხელ მოიგო „რაგბი ევროპა“ და რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა. შეიქმნა პირველი ქართული ფრენშაიზი „შავი ლომი“, რომელიც „რაგბი ევროპის“ სუპერთასზე წარმატებით ასპარეზობს. „შავი ლომისა“ და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი კორონავირუსს მძიმე ბრძოლაში გაუმკლავდა და კვლავ დაუბრუნდა ქართულ რაგბის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend