მთავარი მთავარი ამბავი საქართველო ვაქცინის მისაღებად სამ ლოგისტიკურ სცენარზე მუშაობს

საქართველო ვაქცინის მისაღებად სამ ლოგისტიკურ სცენარზე მუშაობს

ავტორი: სოფო მაქაცარია

  საქართველო ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად სამ სცენარზე მუშაობს. ქვეყანა მზადაა, ის ვაქცინაც მიიღოს, რომელიც მინუს 70 გრადუსიან ტემპერატურაზე უნდა შეინახოს.   ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრისცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ერთი პლუსი გვაქვს – მეტი გვაქვს გადახდილი თავდაპირველი შენატანი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია, რომ „კოვაქსის“ პლატფორმაზე ავირჩიოთ ის სასურველი ვაქცინა, რომელიც ლოგისტიკურად ქვეყნისთვის უფრო მისაღები იქნება. დღეისათვის არსებობს სამი ტიპის ვაქცინა – ერთი მინუს სამოცდაათ გრადუსზე უნდა შეინახოს, მეორე – მინუს ოცზე და მესამე – ჩვეულებრივ მაცივარში. ჩვენ ქვეყანას სამივეს მიღების ლოგიტიკური საშუალება აქვს. თუმცა, განსხვავებულია მოცულობები. ჩვეულებრივი ცივი ჯაჭვი ყველა სოფლის ექიმის დონემდე ხელმისაწვდომია. მინუს ოც გრადუსიანისთვის საჭირო პირობები რაიონულ დონეზე ყველგან არის საქართველოში. მინუს სამოცდაათიანი კი თბილისში, ბათუმში და ქუთაისში პრობლემის გარეშე შეგვიძლია მივიღოთ. ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობა დამოკიდებული იქნება ისევ და ისევ იმ ვაქცინების ტიპებზე, რომლებიც  ქვეყანაში შემოვა,“– განმარტა პაატა იმნაძემ.

გადაცემაში სტუმრობისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ საქართველოში ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლის სავარაუდო თარიღიც დაასახელა.

„ „კოვაქსის“ პლატფორმა იძლევა გარანტიას, რომ ვაქცინა გაზაფხულისთვის იქნება.  მაგრამ გარდა ამისა, მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, სხვადასხვა მწარმოებელთან და ვნახოთ, რომელი იქნება უფრო ადრე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იგი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და საქართველო გაზაფხულამდეც შეძლებს ვაქცინის მიღებას.

უახლესი

სხვა ამბები