მთავარიმსოფლიობრექსიტის საგა

ბრექსიტის საგა

ავტორი: მარიამ ქობულია

 ბრექსიტამდე ათი დღე დარჩა. დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მოლაპარაკებებს განაგრძობენ. მხარეებს სავაჭრო შეთანხმებაზე კომპრომისისთვის ამ დრომდე არ მიუღწვიათ, თუმცა ბრექსიტის მოლაპარაკება დიდი ბრიტანეთის მხრიდან ახალი წინადადებით განახლდა.

საშობაოდ ბრექსიტთან დაკავშირებით შესაძლოა მცირეოდენი წინსვლა იყოს. ბრიტანეთის წარმომადგენელმა დეივიდ ფროსტმა მოლაპარაკებების მაგიდაზე თევზჭერის უფლებასთან დაკავშირებით ახალი წინადადება წარადგინა. ევროკავშირის ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაპირველი მოთხოვნა ბრიტანეთის წყლებში ევროკავშირის ქვეყნების მიერ თევზჭერის 60%-ით შემცირების შესახებ შეიცვალა და ამჯერად კი მხოლოდ 35%-იანი შემცირება არის შეთავაზებული.

ეს წინადადება დევიდ  ფროსტის ევროკავშირელი კოლეგა მიშელ ბარნიესათვის, შესაძლოა, მისაღები იყოს.

ბრიტანეთის მთავრობამ უკან დაიხია, რადგან ბორის ჯონსონზე ზეწოლა გაიზარდა. იგი მოლაპარაკებების მომავალი წლისათვის გადავადებას აპირებდა.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა განაცხადა, რომ  ბრიტანეთის მხრიდან ,,უგუნური’’ გადაწყვეტილება იქნება, თუკი ის ევროკავშირს ისე დატოვებს, რომ მასთან სავაჭრო შეთანხმებას არ გააფორმებს. ეს კიდევ ერთი ახალი და დიდი პრობლემა იქნება ქვეყნისათვის მაშინ, როცა ქვეყანა  კორონავირუსის ახალ შტამს ებრძვის.

ლონდონის ლეიბორისტი მერი სადიქ ხანი კი აცხადებს, რომ მომარაგების უზრუნველყოფა და კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას მინისტრების  ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ლონდონის მერი თვლის, რომ ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმების გარეშე განხორციელება, წინდაუხედავი ნაბიჯია, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა და ახალი შტამის გავრცელების ფონზე.

თუმცა ბორის ჯონსონი კვლავ თავის პოზიციაზე რჩება.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ დიდ ბრიტანეთს უნდა ჰქონდეს სრული კონტროლი საკუთარ კანონებზე და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვაკონტროლოთ თევზჭერასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული პირობები ბრიტანეთისათვის დამაკმაყოფილებელზე მეტი უნდა იყოს,’ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

თევზჭერასთან დაკავშირებული საკითხი არ არის ერთადერთი რაც  ბრექსიტის პროცესს აბრკოლებს. კიდევ ერთი მწვავე საკითხია ბრიტანეთის ინტერესი კონკურენციის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის შესახებ. თუმცა მრავალი ანალიტიკოსის შეფასებით, თევზჭერასთან დაკავშირებით შეთავაზებული ბოლო წინადადება   მოლაპარაკებების პროცესში ყინულს დაძრავს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend