ავტორი: არჩილ მდინარაძე
დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის გამო, 40-ამდე ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე შეზღუდვები და აკრძალვები დააწესა. საზღვარი ჩაკეტილია საფრანგეთთან, სადაც საკვები პროდუქტებით დატვირთული სატვირთო მანქანების უზარმაზარი რიგი დადგა. ბრიტანელებს საკვების დეფიციტის ეშინიათ, რის საპასუხოდაც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანას საკმარისი მარაგები აქვს და ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შესაძლებელია.
ბრიტანეთიდან გასვლის მსურველი ასობით სატვირთო მანქანა იძულებული გახდა, საფრანგეთის საზღვართან ღამე გაეთია, რადგან ბრიტანეთთან საზღვარი ჩაიკეტა. ამასობაში ევროკავშირის ოფიციალური პირები მოლაპარაკეკებებს აწარმოებენ, რომ ერთობლივად იმოქმედონ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ. ბოლო ინფორმაციით, ახალი შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ იგი უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ძველი ვირუსი. ბრიტანეთში შიშობენ, რომ შესაძლოა, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნას.
ბორის ჯონსონს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელიც თვითიზოლაციაშია მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სავაჭრო ნაკადის შეფერხებების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მაკრონი იმედოვნებს, რომ შეიმუშავებენ ტესტირების სისტემას და ტესტს ქვეყანაში შემოსულ ყველა ადამიანს ჩაუტარებენ.
სატვირთოს მძღოლები კი უკმაყოფილებას ვერ მალავენ და იმედოვნებენ, რომ სახლში მისვლას საშობაოდ მოახერხებენ.
40-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც დიდ ბრიტანეთთან ფრენები აკრძალეს. მათ შორის არის ესპანეთი, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისთვის დასვენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი. ამავე დროს საბერძნეთმა მოგზაურებისთვის დიდი ბრიტანეთიდან საკარანტინო პერიოდი 3-დან 7 დღემდე გაზარდა.