ევროპაში ღამის მატარებლის ბიზნესი ვითარდება, რაც უფრო მეტ მგზავრს, გაფართოებულ ქსელებსა და გაზრდილ კონკურენციას გულისხმობს.
როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო რკინიგზის წარმომადგენლებს სურთ, რომ ხალხმა, თვითმფრინავის ნაცვლად, ღამის მატარებლით მგზავრობა აირჩიოს. როგორც ჩანს, ვენის ცენტრალურ სადგურზე მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს.
„ღამის მატარებელში თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ, ვიდრე თვითმფრინავში,“- ამბობს ღამის მატარებლის ერთ-ერთი მგზავრი. მეორესთვის კი ღამის მატარებელი ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა. მისი აზრით, მატარებელში ღამით იძინებ და მეორე დღეს უკვე დანიშნულების ადგილზე ხარ.
ხშირ შემთხვევაში მატარებლით მგზავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე გაცილებით ძვირი ჯდება. ამის მიუხედავად, გრეტა ტუმბერგის ეპოქაში ღამის მატარებელი კიდევ უფრო პოპულარულია. ავსტრიის ფედერალური რკინიგზა ქსელს 26 მიმართულებით აფართოებს.
ავსტრიის ფედერალური რკინიგზის წარმომადგენელი ბერნარდ რეიდერი აცხადებს, რომ მათი მიზანი მგზავრებისთვის ალტერნატიული მომსახურების შეთავაზებაა. ამიტომ ისინი სხვა კომპანიებთან თანამშრომლობენ და რკინიგზის ქსელებსა და მარშრუტებს აფართოებენ.
სხვა სახელმწიფო რკინიგზებთან თანამშრომლობის შედეგად, სარკინიგზო მარშრუტში მალე ბევრი ახალი ქალაქი შევა, მაგალითად, ბარსელონა, პარიზი და ამსტერდამი.
ბოლო წლებში ბაზრის ლიბერალიზაციის შედეგად, გაჩნდა უამრავი ახალი კერძო კომპანია, რომლებიც მომხმარებელს ახალ მარშრუტებს სთავაზობენ, მაგალითად, სტოკჰოლმი-ბერლინი-ალპები და ჩეხეთი-უკრაინა.
კერძო კომპანია „რეგიოჯეტი“ მომხმარებელს ღამის მატარებლით მგზავრობას ახალი მიმართულებით უკვე სთავაზობს: პრაღა-ხორვატია-სლოვაკეთი. თუმცა სახელმწიფო რკინიგზებთან კონკურენციის გაწევა საკმაოდ რთულია. ამის გამო „რეგიოჯეტს“ ბილეთების გაყიდვა და სახელმწიფო სუბსიდირება სურს.
„რეგიოჯეტის“ წარმომადგენელ ალეშ ონდრუის კი მიაჩნია, რომ სახელმწიფო და კერძო კომპანიებს შორის სამართლიანი და ღია კონკურენცია უნდა არსებობდეს.
„გვჯერა, რომ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს“, – ამბობს ალეშ ონდრუი.
„რეგიოჯეტის“ ადმინისტრაციამ, სხვა კერძო რკინიგზების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკოსებს ღია წერილი გაუგზავნა. ისინი სამართლიან კონკურენციას ითხოვენ. მათი განცხადებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომ ევროპული ტრანსპორტით მგზავრობისას ევროკომისიის მწვანე შეთანხმების პუნქტები გათვალისწინებული იყოს.
ავტორი: თორნიკე კოპლატაძე