მთავარისაქართველო„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2020 წელი შეაჯამა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2020 წელი შეაჯამა

ავტორები: ანა ალელიშვილი, ალეკო გვეტაძე

კომპანია „სილქნეტის“ ინიციატივით დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა და შედეგები დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს გააცნო. საქველმოქმედო ფონდი 2018 წელს შეიქმნა.

უკვე 3 წელია „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ საქართველოს ჯარში მომსახურე ნებისმიერ დაჭრილ მეომარს ეხმარება. მნიშვნელობა არა აქვს, სამხედრო პირი ჯარში როდის მსახურობდა. წელს ფონდმა 560 ათასი ლარის მოზიდვა მოახერხა, რომელიც ტრადიციულად ქართველ დაჭრილ მებრძოლების დახმარებაზე დაიხარჯება. 15 დეკემბერს ფონდმა თავისი საქმიანობა დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს გააცნო.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ ზუსტად ვაჩვენოთ ჩვენს დაჭრილ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს, რომ მათზე ვზრუნავთ. მაგალითად, წელს, ჩვენი და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი შემოწირულობის მეშვეობით, 24 გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა“, – განმარტა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

„საზოგადოების ნებისმიერი წევრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება ეს 300 ათასი ლარი, 300 თუ 3 ლარი. ნებისმიერი ჩვენგანის მხარდაჭერა, ვინც ჩვენი განწყობით, დამოკიდებულებით მხარში დავუდგებით დაჭრილ მეომრებს და გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას მათ მიმართ. ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“, – თქვა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.

ფონდის დაარსება კომპანია „სილქნეტის“ ინიციატივაა და იგი ერთი მიზნის ირგვლივ  კერძო სექტორის გაერთიანებას ემსახურება. თავად „სილქნეტი“ ფონდში ყოველწლიურად 300 ათას ლარს რიცხავს. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის  ფონდს“ ბიზნეს-სექტორი მუდმივად ეხმარება. ფონდმა ახალი შემოწირულობები პრეზენტაციის მიდინარეობის დროსაც მიიღო. ასეთი ინიციატივების მნიშვნელობაზე კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

“ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს ახლო მეგობარ სახელმწიფოებს შორის საფრანგეთიც ვახსენო. ჩვენთვის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები გამორჩეულია. ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის დიდი ნაწილი თავდაცვის სფეროს ეხება. ჩვენი გადმოსახედიდან, საქართველოსთან საფრანგეთის სამხედრო თანამშრომლობა უნიკალურია. ფრანგი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ იწვრთნებიან და კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არც 2020 წელი ყოფილა”, – თქვა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

„ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრება ჩემთვის დიდი პატივია. მხარს ვუჭერ იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოება და ნატოს ინტერესები დაეცვა, ამიტომაც აშშ-ისთვის აქ ყოფნა ნამდვილად დიდი პატივია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

„მადლიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაზე მომიწვიეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე საქართველოს შეაირაღებული ძალების დიდი გულშემატკივარი ვარ და ვაფასებ ქართველი ჯარისკაცების მიერ ავღანეთსა და ევროკავშირის მისიებში შესრულებულ საქმიანობას. ეს ნამდვიალდ შთამბეჭდავია“, – განმარტა ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” ანგარიში სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმაც მოისმინეს.

„საზოგადოებისთვის ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ყველაფერი ყოველთვის არ არის მხოლოდ სახელმწიფოზე დამოკიდებული, ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო პერიოდში ჩვენი თავდაცვის ძალების სამინისტროსგან“, – განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„მეორედ მაქვს პატივი, დავესწრო ამ საქველმოქმედო ღონისძიებას და მსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი გიროგი რამიშვილის მიმართ და მის მიერ დაფუძნებული ფონდის მიმართ, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც საზოგადოების განსაკუთრებულად ღირსეული ნაწილის, ჩვენი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების  მხარდაჭერისა და თანადგომის საუკეთესო მაგალითს ქმნიან“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2020 წლის განმავლობაში ფონდმა  დაჭრილი მებრძოლების დასახმარებლად 560 ათას ლარზე მეტი მოიზიდა. ჯარისკაცების დასახმარებლად ინიციატივის ავტორებს 2021 წლისთვისაც დიდი გეგმები აქვთ.

https://www.facebook.com/102925454381513/videos/396459058097440

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend