მთავარი მთავარი ამბავი მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ოპოზიციის გარეშე დაიწყო

მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ოპოზიციის გარეშე დაიწყო

ავტორი: ანა ალელიშვილი

მმართველა ძალასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა ოთხი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა და  საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველი სესია ოპოზიციის გარეშე გახსნა. ეყოლება თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტს ოპოზიცია, ეს,  დიდი ალბათობით, 14 დეკემებრს დაგეგმილ მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდზე გადაწყდება.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს 12 საათზე დაიწყო. სხდომას წინ უძღოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით  მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი. მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს დაინიშნა. იქამდე კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესწრებოდნენ.

„პროცესი ნამდვილად რთულია, პოზიციები განსხვავებულია, მაგრამ დაველოდოთ და შევხედოთ. მოლაპარაკებები იმიტომ არსებობს, რომ განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს. ჩვენი სურვილია, რომ შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს“,განმარტა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას ოთხი ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს, მათ შორის განმეორებითი არჩევნებიც იყო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამ დრომდე არ განიხილავს.

„ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ გამოჩნდა ჰორიზონტზე”,თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

„არასტანდარტული იყო ის, რომ გარკვეულ საკითხებზე სრულად შევთანხმდით, წინ გადავდგით ნაბიჯები. არის საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით“, – განმარტა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

„განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს“,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი მე-10 მოწვევის პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წამოაყენა.

„პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას წამოაყენებს. კომისიის მუშაობაში ჩასართავად ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მოვიწვევთ, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, მოსაზრებით, ორივე მხარეს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. იგი მზად არის, მოლაპარაკებათა იმდენი რაუნდი გამართოს, რამდენიც საჭირო იქნება.

„მხარეთა მოთხოვნები ნამდვილად განსხვავებულია, ამიტომ ვიყავი და ვარ ფრთხილი მოლოდინებთან დაკავშირებით. ყველას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“, – განმარტა კარლ ჰარცელმა.

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ,  14 დეკემბერს გაიმართება და მას მედიატორებიც დაესწრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

მეათე მოწვევის პარლამენტმამეათე მოწვევის პარლამენტმა
Send this to a friend