მთავარი COVID-19 „დილა მშვიდობისა, თქვენ კორონავირუსი დაგიდასტურდათ“ - ერთი ექიმის ამბავი

„დილა მშვიდობისა, თქვენ კორონავირუსი დაგიდასტურდათ“ – ერთი ექიმის ამბავი

ექიმმა ლიკა ლომინაძემ პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით მიიყვანეს. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში დააარსა კომპანია, რომელიც მოქალაქეებს კოვიდ-19-ზე ტესტირებას სთავაზობს.

ექიმი ლიკა ლომინაძე:

„მოგესალმებით! დილა მშვიდობისა! ლაბორატორიიდან გიკავშირდებით. თქვენ კორონავირუსი დაგიდასტურდათ“. ასე ვრეკავ ხოლმე ყოველდღე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრისთვის მითქვამს, რომ კოვიდდადებითია. ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, სანამ პაციენტების ტესტირების პასუხს გავიგებ. უფრო მეტსაც გეტყვით, ღამე მიჭირს ხოლმე დაძინება, იმიტომ, რომ ზუსტად მახსოვს ის პაციენტები, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან. როდესაც ვეუბნები, რომ კორონავირუსი აქვთ, ყოველთვის ვცდილობ, რომ დავამშვიდო ხოლმე. ვუყვები, რომ კორონავირუსი მეც გადავიტანე და ამ ვირუსით ინფიცირებას ერთადერთი დადებითი ის აქვს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ დაინფიცირების შიში იხსნება. როგორც კოვიდგადატანილს, ძალიან კარგად მესმის, რამდენად რთულია მოლოდინის რეჟიმი. იქიდან გამომდინარე, რომ სამი დღე ველოდებოდი ტესტირების პასუხს და ეს სამი დღე იყო წარმოუდგენლად გაწელილი და რთული, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამ სფეროში უფრო მეტად ჩამეხედა და უფრო დაჩქარებულად შემძლებოდა პაციენტებისთვის დახმარების გაწევა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მადლიერი პაციენტის თუნდაც ერთი ტექსტური შეტყობინებაა, როგორიცაა, მაგალითად: „თქვენ გაიხარეთ.“

უახლესი

სხვა ამბები