მთავარი კულტურა ჯენტლმენის პორტრეტი

ჯენტლმენის პორტრეტი

ჩრდილოეთევროპული რენესანსის ნიმუში, “ჯენტლმენის პორტრეტი”, ერთი საუკუნის შემდეგ კვლავ საქართველოშია. კულტურის ისტორიის მუზეუმმა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა ფლამანდიელი მხატვრის ის ნამუშევარი დააბრუნეს  საქართველოში, რომელიც ქართველი თავადის, ანდრია დადიანის, კოლექციაში ინახებოდა.

კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდის საცავი პანდემიის გამო დაკეტილია. თუმცა მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ეს საცავი, სადაც მუზეუმის საუკეთესო ექსპონატები ინახება, „ევრონიუს ჯორჯიას“ ექსკლუზიურად გაუხსნა, რადგან ამ ფონდის საცავს კიდევ ერთი შედევრი –  მეთექვსმეტე საუკუნის ფლამანდიელი მხატვრის ნამუშევარი შეემატა.

მუხის დაფაზე ზეთით შესრულებული ფერწერული პორტრეტი ჩრდილოეთევროპული რენესანსის ნაწილია. მეთექვსმეტე საუკუნეში შექმნილი პორტრეტის ავტორი, დიდი ალბათობით, პიტერ იანს პორბუსია.

გიორგი კალანდიას მოსაზრებით, ასეთი ფერწერული ნიმუში საქართველოში სულ რამდენიმეა, თავად ხელოვნების სასახლის კოლექციაში კი  – ერთადერთია.

ნამუშევარი „მემენტო მორის“ ე.წ. „სიკვდილის ხელოვნებას“ უკავშირდება. გამოთქმა „მემენტო მორი“  სიკვდილის გარდაუვალობას ახსენებს ადამიანს და ხელოვნებაში სიკვდილის სიმბოლურ გააზრებას გულისხმობს.

პორტრეტი, რომელიც ხელოვნების სასახლემ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დახმარებით დააბრუნა, ქართველ დამთვალიერებელს ჯერ არ უნახავს.

„ეს საქართველოში პირველი ექსპონირებაა, ექკლუზიურად „ევრონიუსისთვის“. აქამდე ნამდვილად არ გვიჩვენებია საზოგადოებისთვის. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ნამუშევარი პანდემიის დასრულებისთანავე მუდმივ ექსპოზიციაში გადავა,“ – განაცხადა გიორგი კალანდიამ.

პიტერ იანს პორბუსი, ფლამანდიელი მხატვარი, კარტოგრაფი და ინჟინერი იყო, რომელიც XXI საუკუნეში ქალაქ ბრიუგეში მოღვაწეობდა. ნახატის წარწერის მიხედვით, 26 წლის ჯენტლმენის პორტრეტიც სწორედ ბრიუგეში დაიხატა.

ხელოვნებათმცოდნე ლელო ჭიჭინაძე ნახატში ჩრდილოეთის რენესანსის დამახასიათებელი ნიშნებს ხედავს.

„უკვე მეთექვსმეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი ნიშნები იკვეთება, როდესაც ხაზი შერბილებულია. ასევე შესამჩნევია ფსიქოლოგიით  დაინტერესება, როგორც ამას ღრმად ჩაფიქრებულ ახალგაზრდა მამაკაცში ვხედავთ. ეს სწორედ იმ თემის გამოძახილია, რომელსაც პიტერ პორბუსი გვთავაზობს,“ – განაცხადა ლელო ჭიჭინაძემ „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში.

ეს ნახატი მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი თავადის, ანდრია დადიანის, კოლექციაში კიევის სასახლეში ინახებოდა.

„გარდა ამ ნახატის მხატვრული ღირებულებისა, მას ჩვენთვის, ქართველებისათვის, განსაკუთრებული მემორიალური თუ ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ნახატი იყო პირველი პროფესიონალი ქართველი მოჭადრაკის, ანდრია დადიანის, კოლექციაში,“ – ამბობს გიორგი კალანდია.

არქივის ფოტოზე ჩანს, რომ პორტრეტი ანდრია დადიანის სასახლის კედელზეა ჩამოკიდებული. ანრია დადიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი ნივთები დაიკარგა და, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ნახატი  ევროპაში. თითქმის საუკუნოვანი განშორების შემდეგ, პორტრეტი საქართველოში დაბრუნდა.

„ამიტომ ისტორიული მომენტია, რომ დაახლოებით საუკუნოვანი პაუზის შემდეგ ეს ნახატი ევროპიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოში, ნიშნად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი,“ – განმარტავს გიორგი კალანდია.

უახლესი

სხვა ამბები

ჯენტლმენიჯენტლმენი
Send this to a friend