დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა და მასობრივი მოხმარებისთვის დაუშვა. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პირველ უსაფრთხო ვაქცინად ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის თანამშრომლობით შექმნილი ვაქცინა ჩათვალა.
დიდი ბრტიანეთის მარეგულირებელ ორგანოს მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც კოვიდ-19-ისგან ადამიანს 95%-ით იცავს, უსაფრთხოა და მისი ფართო გამოყენება დასაშვებია.
ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელთა განცხადებით, მოსახლეობის იმუნიზაცია მომავალი კვირიდან დაიწყება.
დიდმა ბრიტანეთმა 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელად უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა. ეს არის პირევლი ვაქცინა, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში, დაახლოებით 10 თვეში შეიქმნა. ვაქცინის დამზადებას და დამტკიცებას, როგორც წესი, წლები სჭირდება.
კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განმარტებით, მათი ვაქცინა, სახელწოდებით BNT162b2, 95%-ით ეფექტიანია.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს ამერიკულმა კომპანია Moderna-მ და AstraZeneca-მაც. თუმცა მათი ვაქცინების ეფექტიანობა ჩამორჩება დამტკიცებული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას. Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა 94,1%-ია, ხოლო კომპანია AstraZeneca-ისა – 70%.
Pfizer-ი და BioNTech-ი მათი ერთობლივი ვაქცინის დაშვების ნებართვას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ელოდებიან. კომპანიებს უკვე შეტანილი აქვთ შესაბამისი განაცხადი ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაში(FDA). პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2021 წლისთვის 1,3 მილიარდ ერთეულ ვაქცინას დაამზადებენ.
როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, მართალია იმუნიზაცია იწყება, მაგრამ მოსახლეობა მაინც ფრთხილად უნდა იყოს და დაიცვას სოციალური დისტანციის წესები.