მთავარი COVID-19 შობა პანდემიისას, სასწაულის გარეშე...

შობა პანდემიისას, სასწაულის გარეშე…

შობის დღესასწაული ყოველთვის ასე იწყება… ხეები მიწას ტოვებენ და საშობაოდ სახლებში ინაცვლებენ. ათეულობით ადამიანი ნაძვისხეებს ჭრის, აწყობს და ფუთავს, ზედამხედველობას კი რენე ჟანკილი უწევს.

რენეს წინაპრებიც მებაღეები იყვნენ და ეკოლოგიურად სუფთა ნაძვისხეებს ყიდდნენ. როგორც წესი, რენეს ყოველწლიურად დაახლოებით 12 ათასი ნაძვისხე გაჰქონდა ბაზარზე, თუმცა წელს  მოთხოვნა შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების გამო, შესაძლოა, ჩვეული შემოსავალი ვეღარ მიიღოს, რენე მაინც იმედის  თვალით უყურებს თავის ბიზნესს,

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, შეძლებენ თუ არა მომხმარებლები ნაძვისხეების ყიდვას, ვფიქრობ, რომ მაინც წარმატებული წელი გვექნება“, – ამბობს რენე.

გასულ წელს საფრანგეთში დაახლოებით 7 მილიონი ნაძვისხე გაიყიდა და კომპანიებმა 190 მილიონ ევროზე მეტი მიიღეს.

ახლა პანდემიაა, თუმცა ფრანგების დიდი ნაწილი შობის აღნიშვნას მაინც აპირებს: ოჯახები სადღესასწაულოდ წელსაც შეიკრიბებიან და სახლებს საშობაო დეკორაციებით მორთავენ.

საშობაოდ ვალენტინ ბონინიც ემზადება. მან უკვე დაიწყო კლასიკური საშობაო ტკბილეულის დამზადება. საკონდიტრო, რომელშიც ბონინი მუშაობს, წლიური ბრუნვის 40%-ს, როგორც წესი, დეკემბერში გამოიმუშავებს. წელს კი ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან გაყიდვებმა მნიშვნელოვნად იკლო. მიუხედავად ამისა, კონდიტერი დარწმუნებულია, რომ მისი საშობაო ნამცხვრები აუცილებლად გაიყიდება.

„ვფიქრობ, ფრანგები შობას აუცილებლად აღნიშნავენ. ტრადიციული ხვეულას გარეშე კი საშობაო სუფრა წარმოუდგენელია. საშობაო შოკოლადის ნამცხვარი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია“, – განმარტავს ბონინი.

მაღაზიებში გრძელი რიგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ფრანგებმა საშობაო სამზადისი წელს ბევრად უფრო ადრე დაიწყეს. ეს ალბათ იმიტომ, რომ ოჯახური ტრადიციების დაცვა ადამიანებს ცხოვრების რთული ეტაპების გადალახვაში ეხმარება.

რამდენიმეკვირიანი კარანტინის შემდეგ, საშობაო არდადეგები ფრანგებისთვის თითქოს თავისუფლების გამოხატულებად იქცა. თუმცა, წელს ყველაფერი კარგად ვერ იქნება. დიახ, შობა ჯადოსნური დღესასწაულია, მაგრამ ამჯერად ის სასწაულს ვერ მოახდენს და კორონავირუსს ვერ გააქრობს. პანდემია, სამწუხაროდ, არც 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

შობაშობა

Send this to a friend