მთავარი მსოფლიო მექსიკაში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

მექსიკაში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

მექსიკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.  ფემინისტური ორგანიზაციის წევრებმა დედაქალაქ მეხიკოს ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყეს და ძალადობის მძიმე ფაქტები გააპროტესტეს. მექსიკა ქალთა ძალადობით მსოფლიოს ქვეყნებს შორის წამყვან ადგილზეა. 

პანდემიის მიუხედავად, მეხიკოში ქალთა მიმართ ძალადობა მასშტაბური  აქციით გააპროტესტეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფემინისტური ორგანიზაციების წევრებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რათა ხალხმრავალი აქცია არ გამართულიყო. თუმცა მექსიკაში ქალებს პროტესტის მიზეზები ნამდვილად აქვთ. მოძალადე კაცების, ნარკოკარტელებისა თუ სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების ძალადობის შედეგად, ამ ქვეყანაში ყოველწლიურად ასობით ქალი იღუპება.

„გვესმის, რომ პანდემია მძვინვარებს. ამის მიუხედავად, ჩვენი სათქმელი უნდა გვეთქვა. ჩვენი მიზანია, რომ პოლიცია და ზოგადად მთავრობა გააქტიურდეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღსაკვეთად და პრევენციის გზები იპოვოს. ზოკალოს მოედანზე ხალხმრავალი აქცია გამოგვივიდა და მიხარია, რომ ყოველწლიურად ქალთა პროტესტი იზრდება. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ქალთა სიცოცხლის უფლების დაცვაზე. მთავრობას მკაცრად ვთხოვთ, რომ თავისი ვალდებულება შეასრულოს”, აცხადებს ადგილობრივი ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიგადა მარუბანტას” დამფუძნებელი მიგელ ბარერა.

საპროტესტო  აქციამ უკონტროლო ფორმა მიიღო, ამიტომ  საპროტესტო აქცია-პერფორმანსის მიმდინარეობისას პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მათი ნაწილი რადიკალური ფორმებით ცდილობდა პროტესტის გამოხატვას. 2019 წლიდან დღემდე მექსიკაში არაერთი საპროტესტო აქცია და ფემინისტური ღონისძიება გაიმართა. გახშირდა საინფორმაციო კამპანიებიც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოფხიზლებას ემსახურება.

ალესანდრა როჯო დე ლა ვეგა, მექსიკელი ფემინისტი თვლის, რომ მთავრობა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას გვერდით უნდა დაუდგეს:

 „ამ დემონსტრაციებს მთავრობა კი არ უნდა არბევდეს, პატივს უნდა სცემდეს და გვერდით უნდა ედგას. ქალები ყველა გზას მივმართავთ, რათა ჩვენ მიმართ ძალადობა შეწყდეს და დაუცველობის შიში აღარ გვქონდეს. მივმართავთ ყველა ქალს, რომლებზეც ძალადობენ, ან რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან – არ დანებდეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. თუ ყველამ ხმა არ ამოვიღეთ და ერთის პრობლემა არ გავაპროტესტეთ, ეს პრობლემა ჩვენც შეგვეხება. მთავრობამ უნდა დაგვიცვას”.

2020 წელს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მექსიკის დედაქალაქში 8 მარტს გაიმართა. ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მეხიკოს ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს მექსიკაში ძალადობის შედეგად, სიკვდლით 3 825 ქალი გარდაიცვალა. ეს რიცხვი 2018 წელთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი. თუმცა ეს ოფიციალური მონაცემებია. რეალურად კი მსხვერპლი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს.

 

უახლესი

სხვა ამბები