მთავარი გადაცემები კუბი ოქსფორდის ლექსიკონის ანგარიში: "2020 - უპრეცედენტო"

ოქსფორდის ლექსიკონის ანგარიში: “2020 – უპრეცედენტო”

ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონმა 2020 წლისთვის ყველაზე პოპულარული ერთი სიტყვის შერჩევა ვერ შეძლო. ამის ნაცვლად, ლექსიკოგრაფებმა წლის ყოველი თვის მეტყველებიდან ყველაზე სახასიათო სიტყვები და გამოთქმები დაასახელეს.

ოქსფორდის ლექსიკონის ანგარიშს „2020. უპრეცედენტო“ ეწოდება. როგორც ლექსიკოგრაფები განმარტავენ, 2020 წელს მეტყველებაში ყველაზე ხშირად  „Covid-19 -ს და მასთან დაკავშირებულ სიტყვებს იყენებდნენ.  თუმცა  მასშტაბური ენობრივი ცვლილებები სხვა სფეროებშიც შეინიშნება. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების აზრით, შეუძლებელი იყო 2020 წლისთვის მხოლოდ ერთი სიტყვის შერჩევა.

ძიების დროს მთავრი განმსაზღვრელი ფაქტორი ის იყო, თუ რამდენად ხშირად იყენებდნენ ამა თუ იმ სიტყვას მედიასა და სოციალურ ქსელში.

იანვარი

Bushfire – ტყის ხანძარი – ეს თვის სიტყვა  ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრების შემდეგ შეირჩა. ხანძარი 2019 წლის მარტში დაიწყო და 2020 წლამდე გაგრძელდა. ხანძრების შედეგად 3 მილიარდამდე ცხოველი განადგურდა.

Impeachment – იმპიჩმენტი – ეს სიტყვა უკავშირდება  აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურას, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყეს წარმომადგენელთა პალატაში. იმპიჩმენტის მიზეზად ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბარი დასახელდა.

თებერვალი

Acquittal – გამამართლებელი განაჩენი  – ამ სიტყვას აქტიურად იყენებდნენ სოციალურ ქსელსა და მედიაში მაშინ, როდესაც სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის შეჩერება გადაწყვიტა.

მარტი

Coronavirus – კორონავირუსი – სწორედ 2020 წლის მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის  პანდემია დაიწყო.

აპრილი

აპრილის თვეში კი ამოარჩიეს სამი სიტყვა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსს. ეს არის Covid-19, Lockdown და Social distancing – კოვიდ-19, კარანტინი და სოციალური დისტანცია.

მაისი

Reopening – გახსნა – ეს სიტყვა ნიშნავს საზღვრების გახსნას და კარანტინის წესების შემსუბუქებას. საქართველოში მკაცრი კარანტინის ნაწილობრივი  შემსუბუქება სწორედ მაისში დაიწყო.

ივნისი

Black lives matter – ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია – ეს იმ ამერიკული მოძრაობის სახელწოდებაა, რომელიც ფერადკანიანთა უფლებებს იცავს. ეს სიტყვა ყველაზე ხშირად ისმოდა ივნისში, როდესაც ამერიკელმა  პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი მოკლა, რასაც ამერიკაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ივლისი

Cancel culture – ეს ის ტერმინია, რომელიც გულისხმობს კონკრეტული ცნობილი ადამიანის ან კომპანიის წინააღმდეგ ბოიკოტს იმ შემთხვევში, თუ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებელ აზრს გამოთქვამენ.

აგვისტო

Mail-in – ამ სიტყვას ყველაზე ხშირად იყენებდნენ, როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ელექტრონული ფოსტით ხმის მიცემას აკრიტიკებდნენ.

Belarusian – ბელარუსი – აგვისტოს სიტყვად შეარჩიეს.  ბელარუსში  9 აგვისტოს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ეს პროტესტი ახლაც გრძელდება.

სექტემბერი

Moonshot  – ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც „მთვარეზე გაფრენა“. თუმცა ამ გამოთქმამ ფიგურალური მნიშვნელობაც შეიძინა და ძალიან ამბიციური პროექტის ან იდეის დასახასიათებლად იყენებენ. დღეს ამ გამოთქმით ახასიატებენ იმ ბრიტანული პროგრამას, რომელიც  ქვეყანაში კოვიდ-19-ის ყოველდღიურ ტესტირებას გეგმავს.

ოქტომბერი

Superspreader – ზეგამავრცელებელი – ასე უწოდებენ იმ დაინფიცირებულ ორგანიზმს, რომელსაც შეუძლია, დაავადება სხვებსაც გადასდოს. კორონავირუსის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ბევრი სოციალური კონტაქტი აქვს.

ნოემბრისა და დეკემბრის სიტყვები ლექსიკოგრაფებს, ჯერჯერობით, არ შეურჩევიათ.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი