2017 წელს ინტერნეტში ახალი შეთქმულების თეორია – „ქიუანონი“ გავრცელდა. მისი მიმდევრების აზრით, ამერიკის მთავრობას სატანისტების და პედოფილების დაჯგუფებები მართავენ, რომლებიც სექსტრეფიკინგშიც არიან ჩართული. “ქიუანონის” წევრები ფიქრობენ,რომ ამ ფარულ მმართველებს დონალდ ტრამპის თავიდან მოშორება სურთ. ექსპერტების აზრით, დაჯგუფება თანდათან იზრდება და სახიფათო სახეს იღებს.
„ქიუანონის“ მოძრაობა შეთქმულების სხვადასხვა თეორიას ეფუძნება. ადამიანების ამ უცნაურმა გაერთიანებამ ინტერნეტიდან ქუჩებში გადმოინაცვლა და ამერიკიდან ევროპაშიც გავრცელდა, მათ შორის ბერლინშიც.
ევროკავშირში „ქიუანონის“ ბანერები პირველად კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გამოჩნდა. ამ დემონსტრაციებმა შეთქმულების თეორიის გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.
„ჩემი აზრით, ამ შეზღუდვებით მთავრობას ჩვენი დაყოფა სურს. მთავრობის როლი ზედმეტად დიდია. მე ხალხის გვერდით ვდგავარ და მხარს ქიუანონს ვუჭერ. “ქიუანონის” წევრები ყოველთვის ამბობენ, რომ საზოგადოება სულ უფრო და უფრო იყოფა,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კონსტანტი.
“ქიუანონის” მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ამერიკას სატანისტი და პედოფილი დემოკრატები მართავენ, რომლებიც გლობალური სექსტრეფიკინგის ქსელშიც არიან ჩართული. არცერთი ასეთი მოსაზრება არ ეფუძნება მტკიცებულებას. რატომ გახდა ეს მოძრაობა ასეთი პოპულარული? პასუხის მისაღებად “ევრონიუსმა” მიმართა “ნიუსგარდს” -ეს ორგანიზაცია საიტებზე ინფორმაციის სანდოობას ამოწმებს.
„ქიუანონი არის შეთმქმულება, რომელიც მრავალ თეორიას აერთიანებს. მათი მთავარი გზავნილი მარტივია – მათ ჰგონიათ, რომ მსოფლიოს ელიტები განაგებენ. “ქიუანონის” ფრანგი წევრები მიიჩნევენ, რომ მაკრონს ჩრდილოვანი ძალები მართავენ. გერმანელებს კი ელიტების მარიონეტად ანგელა მერკელი მიაჩნიათ,“ – აცხადებს „ნიუსგარდის“ დირექტორი შინ ლაბე.
სიტყვა ქიუანონში – “ანონი” ანონიმურს ნიშნავს, “ქიუ” კი არის ის ანონიმური ადამიანი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ან სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა და სიმართლე გარეთ გამოიტანა. მან თეორია 2017 წელს ინტერნეტ ფორუმ „ფორჩანზე“ გაავრცელა.
„ნიუსგარდის“ რედაქციაში აცხადებენ, რომ “ქიუანონს” ევროპაში მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს. ექსპერტების აზრით, ეს საგანგაშო ფაქტია. ფსიქოლოგ პია ლამბერტი შიშობს, რომ ეს მოძრაობა შესაძლოა სახიფათო გახდეს.
„შეთქმულების თეორიები, შესაძლოა, ძალადობასა და რადიკალიზმში გადაიზარდოს. ჩვენ ვიცით, რომ გერმანიაში იმ ადამიანთა 25 პროცენტი, რომლებიც მსგავს თეორიებს ემხრობიან, საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენებაზეც თანახმაა,“ – განმარტავს პია ლამბერტი.
ამერიკაში “ქიუანონს” მხარს კონგრესის 20 რესპუბლიკელი კანდიდატი უჭერს. ექსპერტების თქმით, ორგანიზაცია თანდათან იზრდება და სახიფათო ხდება.