მთავარიCOVID-19"დაკარგული თაობა"

“დაკარგული თაობა”

20 ნოემბერი მსოფლიო ბავშვთა დღეა. მსოფლიოს 87 ქვეყანაში ყოველი 9 ინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია. თუმცა ბავშვებისთვის კორონავირუსით ინფიცირებაზე უფრო დიდ საფრთხეს, პანდემიის გამო, ძირითადი სამსახურების მუშაობის შეფერხება და სიღარიბის დონის სწრაფი ზრდა წარმოადგენს.

დაკარგული თაობა

თბილისში, ნუშის ქუჩაზე, პატარა სახლში ერთი დიდი ოჯახი ცხოვრობს. უფრო ზუსტად –  6 ადამიანი. აქედან 5 ბავშვია. დედა – ნინო კაპანაძე, უკვე 3 წელია, შვილებს მარტო ზრდის. ნინო ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მისი ოჯახის ისედაც მძიმე ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა.

დაკარგული თაობა

„ჩემს ოჯახში სულ იყო პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გავდიოდი დასალაგებლად. ადრე რაღაცას ვაკეთებდი. ახლა, რაც ეს პანდემია დაიწყო, გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ბავშვები სკოლებსა და ბაღში ვერ დადიან და ყოველდღე სახლში არიან. აღარ ვიცი, რა ვაჭამო. კი გვაქვს ხოლმე მაკარონი და წიწიბურა, მაგრამ ამ ბავშვებსაც ამოუვიდათ ყელში. ყოველდღიურად მაკარონი და წიწიბურა დიდმაც რომ ჭამოს, ძალიან მობეზრდება,“ –  ამბობს  მრავალშვილიანი დედა.

დაკარგული თაობა

ოჯახის 6-ვე წევრი იმ საკვებით იკვებება, რომელსაც ბაგა-ბაღიდან ორი აღსაზრდელისთვის ატანენ. ამ ბავშვებიდან 3 სკოლის მოსწავლეა, თუმცა მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის გამო სკოლები დაიხურა, განათლებას ვეღარ იღებენ, რადგან დისტანციურ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან.

სწორედ მსგავსი პრობლემების გამო, გაეროს ბავშვთა ფონდი შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შესაძლოა, ბავშვების ეგრეთ წოდებული „დაკარგული თაობა“ გააჩნდეს. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძის განმარტებით, მსოფლიოში ძალიან ბევრი ბავშვი ვეღარ დადის სკოლაში. ამ ბავშვების უმეტესობას არა აქვს საშუალება, რომ განათლება დისტანციურად მიიღოს.

საქართველოში ასეთი 50 400 ბავშვია. განსაკუთრებით გაიზარდა სიღარიბე და უთანასწორობა ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, რომ იმ საპასუხო ღონისძიებებში, რომლებსაც ისინი  კორონავირუსის წინააღმდეგ იყენებენ, გაითვალისწინონ ბავშვებიც. ბავშვებისა და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახების საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტული. აღარ უნდა გაიზარდოს სიღარიბე და ამ ბავშვებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველა იმ მომსახურებაზე, რომლებიც მათ სჭირდებათ, რადგან ჩვენ შეიძლება დაკარგული თაობა მივიღოთ,“ – ამბობს მაია ქურციკიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნდა, სკოლების დახურვა მსოფლიოს 30 ქვეყანაში 572 მილიონ მოსწავლეს შეეხო. იუნისეფის პროგნოზით, წლის ბოლომდე ხუთ წლამდე ასაკის  6 ან 7 მილიონ ბავშვს, არასრულფასოვანი კვების გამო, სხეულის გამოფიტვის ნიშნები განუვიტარდებათ და ბავშვთა სიკვდილიანობა თვეში 10 000-ით გაიზრდება.  საფრთხეშია ბავშვთა ფსიქიკური მდგომარეობაც. ბავშვთა და მოზარდთა არტთერაპევტ რუსუდან სტურუას მოსაზრებით, კორონავირუსმა ბავშვების დღის რეჟიმი დაარღვია და მათ უამრავი შეზღუდვა დაუწესა.

„დღის რეჟიმის შეცვლამ შესაძლოა უამრავი ემოციური და ქცევითი დარღვევა გამოიწვიოს, შეიძლება სხვა უფრო სერიოზული დარღვევებიც კი. ხოლო თუ უკვე არსებობს რამე ფსიქიკური დარღვევა, შესაძლოა პანდემიამ მის გამოვლენას შეუწყოს ხელი,“ – ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა არტთერაპევტი რუსუდან სტურუა.

2020 წლის შუა პერიოდისთვის მსოფლიოში სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რიცხვი 150 მილიონით გაიზარდა. ამ ბავშვებს არა აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საცხოვრებელსა და საკვებზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პანდემია, მით უფრო მძიმე შედეგს მოუტანს ბავშვებს.

ავტორი: ანანო ღუდუშაური

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend