მთავარი მსოფლიო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებს აჯამებენ

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებს აჯამებენ

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელმაც შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე შეუქმნას.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმება კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

 

ექვსკვირიანი დაუნდობელი ბრძოლების შემდეგ მთიან ყარაბაღში სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ სრულ სიმშვიდემდე ჯერ შორია.

 

ვარდუჰ ავეტიანი კვლავ ელის თავის ვაჟს, რომელიც ბრძოლაში მონაწილეობდა.

 

„ბოლოს გევორგმა დასამშვიდებლად დამირეკა. 17 ოქტომბერი იყო და მითხრა, რომ წამოსვლას აპირებდა,“– ამბობს ვარდუჰი.

 

ვარდუჰი კვლავ ელოდება ახალ ამბებს თავის შვილზე, რომელიც ბრძოლას ერთი თვის წინ შეუერთდა. მან წერილობით მიმართა სომხეთის ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერ-მინისტრსაც, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიუღია.

 

ის გევორგის შვილებს მამის შესახებ დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნება:

„არ ვიცი, რა ვუთხრა მის ორ ქალიშვილს, რომლებსაც აინტერესებთ,  სად არის მათი მამა. მეკითხებიან: „არ აპირებს დაბრუნებას?“ არ ვიცი, რა ვუპასუხო.“

 

მაშინ, როცა კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილი დანაკარგს ითვლის, ნაწილი ცეცხლის შეწყვეტას სიხარულით ხვდება.

 

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი იმ ტერიტორიის დიდ ნაწილს იბრუნებს, რომელიც საერთაშორისო სამართლით ისედაც აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. სომხეთს მთიანი ყარაბაღის მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება.

თუმცა შეთანხმებაში კიდევ ბევრი მუხლია.

 

რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი იმ გზის მშენებლობაა, რომელიც ბაქოს აზერბაიჯანულ ანკლავ ნახიჩევანთან აკავშირებს.

 

აბუ-დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ გეორგ დერლუგუიანის აზრით, კონფლიქტის მოგვარება უფრო მშვიდობიანი გზით შეიძლებოდა, მაგრამ კონფლიქტი თურქეთმა და რუსეთმა სათავისოდ გამოიყენეს.

„ეს უფრო ძალის ჩვენება და თურქული ტექნიკისა და ჯარის ძლიერების რეკლამა იყო. ის მეტწილად  ნახიჩევანის გზას ეხებოდა. ახლა გასარკვევია, სამხრეთ კავკასიაში რომელი ქვეყანა იქნება დომინანტი. ამ დროისთვის თურქეთი ცდილობს თავისი გავლენის განმტკიცებას, თუმცა არც რუსეთი თმობს რეგიონს,“ – ამბობს პროფესორი.

 

რუსეთი და თურქეთი ცდილობენ, რეგიონში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვონ. ხალხი ამბობს, რომ კონფლიქტმა რეგიონი და მთლიანად მსოფლიო შეცვალა. იმავე აზრისაა გეორგ დერლუგუიანიც.

 

„ჩვენ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების მომსწრე ვართ. ისე ჩანს, თითქოს დასავლეთში ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. სინამდვილეში კი ეს მნიშვნელოვანი მომენტია. გეოპოლიტიკა იცვლება, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა,“ – განაცხადა გეორგმა „ევრონიუსთან“ საუბარში.

უახლესი

სხვა ამბები

მთიანი ყარაბაღიმთიანი ყარაბაღი
Send this to a friend