მთავარი კულტურა შეხების წერტილი

შეხების წერტილი

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

საგამოფენო დარბაზში რომ შედიხარ, პირველად ფერწერულ ნამუშევრებზე ჩერდება თვალი. ძლიერი, შთამბეჭდავი ტილოები, სოფო ჩერქეზიშვილის ჩვეული სტილი – ფერი და გამოსახულება ერთად ამბობენ სათქმელს. მაგრამ აქ სათქმელი გაცილებით მეტია… სათქმელზე ფიქრისას, შესაძლოა ვინმე, უნებურად, გრძელ წითელ სკამზე ჩამოჯდეს. მერე აღმოაჩინოს, რომ სკამი ტილოების გაგრძელებაა და ფაქტობრივად წითელი ცოცხალი სხეულების რიგი დგას.

ამ დროს დარბაზში ვიღაცა ამბობს:

„განძი იკარგება ხშირად, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ზოგჯერ გავიწყდება და ვერ პოულობ…“ ეს ხმის ინსტალაციაა, რომელზეც ხმის რეჟისორი ილია ასიტაშვილი მუშაობდა. კურატორი, ნინო გუჯაბიძის თქმით ილია ქმნის ტექსტს, რომლის მეშვეობითაც ის სიტყვას ახალი სურათხატების შექმნის საშუალებას აძლევს.

ეს არის პროექტი „შეხების წერტილი“, რომელიც წარმოდგენილია გალერეაში  „გამრეკელი მოდერნ“. ექსპოზიციის მიზანია ახალი სააზროვნო სივრცის შექმნა, სადაც სამი ხელოვანი სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით, საკუთარი  კონცეპტუალური სათქმელით ერთ სივრცეში ერთიანდება.

„სწორედ ამ ახალი სააზროვნო ველის შექმნას შეუწყო ხელი იმ ადამიანების კოლაბორაციამ, რომლებიც ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას. ესენი არიან – არქიტექტორი სანდრო ჩუბინიძე, მხატვარი სოფო ჩერქეზიშვილი და ხმის ოპერატორი თენგო ასიტაშვილი, რომლებიც ფაქტობრივად, კულტურტრეგერის როლსაც ასრულებენ. აი ამ პროექტის შინაარსობრივი ფორმატი გულისხმობდა  შექმნილიყო ინტეგრირებული სივრცე, სადაც თითოეული მათგანი  დამოუკიდებელი კონცეფციით შემოვიდოდა და განსხვავებულ ინტელექტუალურ ემოციურ ველს შექმნიდა,“- თქვა ნინო გუჯაბიძემ “ევრონიუსთან” საუბარში.

სოფო ჩერქეზიშვილის განმარტებით, ამ პროექტით ნიადაგი მოსინჯეს, რამდენმად შესაძლებელია  არქიტექტორის, მხატვრისა და ბგერის ოსტატის სრულიად  განსხვავებული მიდგომებს შორის შეხების წერტილის მოძბენა.

„ეს ნამუშევრები, რომლებიც ამ გამოფენისთვის შევქმენი, არის თან ფერწერაც, თან ინსტალაციაც. შემდეგ ამ ნამუშევრებიდან წამოვიდა ამ ინსტალაციის იდეაც, სადაც ეს წითელი ფერი არის სწორედ ის შეხების წერტილი, სადაც მე და სანდრო ჩუბინიძე ერთმანეთთან რაღაცნაირად გავერთიანდით,”- ამბობს მხატვარი.

სოფო ჩერქეზიშვილის ფერწერულ ტილოებთან ერთად, ობიექტების ექსპოზიცია უკვე არის შეხების ახალი წერტილის ძებნა.

„როცა ნახატზე ვმუშაობ, მას უკვე თავისთავად ვხედავ სამ განზომილებაში“, – ამბობს მხატვარი.

არქიტექტორი სანდრო ჩუბინიძე კი თვლის,  რომ სხვადასხვა დარგში შეხების წერტილების ძებნა დღეს ძალიან აქტუალურია.  სანდრო ამბობს, რომ კულტურამ მოიტანა პრობლემები,  რომლებიც მულტიდისციპლინალურად, მულტიმედიურად უნდა გადაწყდეს. არქიტექტორი ამბობს:

„პირველი ამოცანა ეს არის, შეიძლება თუ არა ეს სამი განსხვავებული ვექტორი ერთი მიმართულებით დაიძრას. და თუკი შეიძლება, სად მიგვიყვანს ეს ვექტორები და როგორ გაგვცემს პასუხს გარკვეულ ფუნდამეტურ შეკითხვებზე. ეს იყო ამოცანა. და გამოჩნდება, მოიძებნა გადაწყვეტა თუ არა. და თუ არ გადაწყდა, ეგეც არ არის პრობლემა, იმიტომ რომ დასმული საკითხი, გარკვეულწილად, უკვე არის წინგადადგმული ნაბიჯი.“

საკითხი დაისვა!  ახლა ექსპოზიციის სტუმრები, ავტორებთან ერთად ეძებენ პასუხს.

ექსპოზიცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდამჭერით განხორციელდა. გამოფენა 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

შეხების წერტილიშეხების წერტილი

Send this to a friend