მთავარი საქართველო დათვების თავშესაფარი

დათვების თავშესაფარი

ავტორი: კესარია ჯავახიშვილი

ცხვარიჭამიაში, საბადურის ტყეში, უკვე 10 წელია, დათვების თავშესაფარი არსებობს. გადაშენების პირზე მყოფი კავკასიური მურა დათვი  „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. მათზე ნადირობა კანონმდებლობით იკრძალება, თუმცა ბრაკონიერობა საქართველოში დღემდე გრძელდება.

თავდაპირველად თავშესაფარში 2 კავკასიური მურა დათვი მიიყვანეს. დღეს აქ უკვე 17 დათვი ბინადრობს. თითოეული მათგანი იქ უკანონო ტყვეობიდან მოხვდა. ისინი ადამიანებთან არიან გაზრდილები, ამიტომ ბუნებაში ვეღარ დაბრუნდებიან.
თავშესაფრის დამფუძნებელი სოსო ჯიქურიშვილი ერთ-ერთია იმ სამი ადამიანიდან, რომლებიც დათვებს უვლიან. მისი თქით, მათი მოვლა ძალიან რთულია,  როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად. დათვები ხილით, ბოსტნეულით, ქათმის ხორცითა და თევზით იკვებებიან და თითოეულ მათგანს დღეში მინიმუმ ხუთი კილოგრამი საკვები სჭირდება.

როგორც სოსო ჯიქურიშვილი ამბობს, დათვებს საკვებით რამდენიმე კომპანია და თავშესაფრის სტუმრები ეხმარებიან.
„დათვი ექვსი თვიდან იწყებს დამოუკიდებლად ჭამას, მანამდე დედის რძით იკვებება. შესაბამისად, ჩვენ მათ საწოვარათი ვკვებავთ. საკმაოდ რთულია ბელების გაზრდა, ვინაიდან დათვი მტაცებელი ცხოველია და მათთან ურთიერთობა არ არის ისეთივე მარტივი, როგორიც შინაურ ცხოველებთან“, – განმარტა სოსო ჯიქურაშვილმა.

როდესაც ბრაკონიერები დედა დათვს კლავენ, პატარა ბელები იძულებით მიჰყავთ სხვადასხვა ადგილას. მათ ან ვინმეს ჩუქნიან ან ყიდიან, მიჰყავთ ბენზინგასამართ სადგურზე, ცირკში ან სხვა ადგილზე. თავშესაფარში მობინადრე დათვების ისტორიაც ასეთია. აქ მოყვანილი დათვები გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მეპატრონეებს ჩამოართვა.
თავშესაფარში ამჟამად 17 დათვია, ყველაზე პატარა რვა თვისაა, ხოლო ყველაზე დიდი – 14 წლისა. სოსო ჯიქურიშვილის განმარტებით, სახელმწიფო ბრაკონიერებს მკაცრად აკონტროლებს, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ დედა დათვებზე ნადირობას და ყოველ წელს რამდენიმე დათვი ემატება თავშესაფარს.

გადარჩენილ დათვებს ველურ ბუნებაში ვეღარ უშვებენ. მათ უკვე საკვების მოპოვებაც გაუჭირდებათ და საჭმლის საძიებლად კვლავ ადამიანებთან, დასახლებაში გამოვლენ.

„დათვების ბუნებაში გასაშვებად აუცილებელია სპეციალური რეაბილიტაცია. ეს მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ბელი ორი-სამი თვის არის. თავშესაფარში მყოფი დათვები უფრო დიდები არიან, შესაბამისად, ისინი ვეღარ გაივლიან რეაბილიტაციას. ეს  საკმაოდ ძვირად ღირებული და რთული პროცესია“, – ამბობს სოსო ჯიქურიშვილი.

თავშესაფარში, დათვების გარდა, ოცამდე მიკედლებული ძაღლია. ბევრს ჰგონია, რომ ეს ძაღლების თავშესაფარიც არის, სწორედ ამიტომ მათ ოთხფეხა მეგობრები აქ მოჰყავთ და ტოვებენ. თავშესაფრის დამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე ძაღლების შეფარება და მათზე ზრუნვა უჭირთ. ამიტომ ცდილობენ, რომ მათთვის მზრუნველი პატრონები იპოვონ.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

დათვების თავშესაფარიდათვების თავშესაფარი
Send this to a friend