მთავარიკულტურაპანდემიის დროს ელექტრონული წიგნების მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა

პანდემიის დროს ელექტრონული წიგნების მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა

ავტორი: ნინი დვალიშვილი

კორონავირუსის პანდემიის დროს ონლაინწიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა. ბექა ადამაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც რამდენიმე თვეა,  ბეჭდური წიგნები ელექტრონულით ჩაანაცვლა. მისი აზრით, ციფრული წიგნები ზოგჯერ ბეჭდურ ვერსიაზე უფრო მოსახერხებელია.

“მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც უპირატესობას ბეჭდურ წიგნებს ანიჭებენ. თუმცა პანდემიის დროს ელექტრონული წიგნების კითხვას მივეჩვიე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სახლიდან გასვლა არ გიწევს და თან უფრო მოსახერხებელია,“ – ამბობს ბექა ადამაშვილი.

ელექტრონული ლიტერატურული სივრცე „საბა“ განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა, რადგან პლატფორმა მკითხველს ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ წიგნს უფასოდ სთავაზობდა.

„პანდემიის დროს ადამიანებმა უფრო მეტად დაიწყეს წიგნის კითხვა. სურვილი, რომ თავგადასავლებს მივეახლოთ, ვიმოგზაუროთ, ჩვენი, ადამიანების, ბუნებრივი მოხოვნილებაა. შესაბამისად, როცა შეგვეზღუდა ფიზიკური გადაადგილება, მოგვინდა, რომ  სხვა განზომილებაში გვემოგზაურა. წიგნი კი ამის საუკეთესო საშუალებაა,“ – აღნიშნა  „საბას“ აპლიკაციის მენეჯერმა სანდრო დოლიძემ „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში.

„პანდემიის დროს ჩვენმა გუნდმა იფიქრა, თუ როგორ შეიძლებოდა, მკითხველისთვის ეს პერიოდი უფრო საინტერესო გაეხადა და გადაწყვიტა, რომ „საბას“ აპლიკაცია ერთი თვით უფასო ყოფილიყო. ამან საგრძნობლად გაზარდა მკითხველთა რიცხვი. შესაბამისად, გაიზარდა ელექტრონული და ხმოვანი წიგნების მომხმარებელთა რაოდენობაც“, -ამბობს „საბას“ მარკეტინგის მენეჯერი ნატა ჟვანია.

9 თვის შემდეგაც ამ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე მოთხოვნა იზრდება. სულ ამ პერიოდში „საბას“ მომხმარებელთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა. პლატფორმამ პანდემიის დროს წიგნების საუკეთესო ხუთეული გამოავლინა. მათ შორის სამი ქართველი ავტორია. ეს წიგნებია: ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე“, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“, ნეფერტარის (ნინო ჭიპაშვილის) „ბედუინი“,  დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“, ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“ .

გამომცემლობა „ინტელექტი“ მკითხველს როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ლიტერატურას სთავაზობს. მისი ხელმძღვანელის, ზვიად კვარაცხელიას განმარტებით, ხშირად წიგნის ონლაინვერსია გამომცემლობას ბეჭდური ვერსიის გაყიდვაშიც ეხმარება.

„ფიქრობდნენ, რომ ელექტრონული წიგნები ხელს შეუშლიდა ბეჭდურ გამოცემებს. თუმცა, რეალურად, ონლაინლიტერატურა ბეჭდური წიგნების მოკავშირე გახდა. როდესაც მკითხველი  ეცნობა ელექტრონულ წიგნს, იქნება ეს პროზაული ტექსტი, სამეცნიერო გამოცემა თუ სხვა სახის ლიტერატურა, მას ბეჭდური გამოცემის შეძენის სურვილიც უჩნდება“, – განაცხადა ზვიად კვარაცხელიამ.

პანდემიის დროს ელექტრონული წიგნების კითხვა წიგნის მოყვარულთათვის კიდევ ერთი ახალი გამოცდილება აღმოჩნდა,  გამომცემლებისა და წიგნების მაღაზიებისთვის კი – გადარჩენის შანსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend