მთავარი COVID-19 პირბადე ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა

პირბადე ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

4 ნოემბრიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

ნანა პირბადეს პანდემიის განმავლობაში დახურულ სივრცეში ყოველთვის ატარებდა, თუმცა ღია სივრცეში მას მხოლოდ ახალი წესების შემოღების შემდეგ იკეთებს. მისი აზრით, უსაფრთხოების მიზნით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც აუცილებელია.

„ინფიცირების უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა იყო. კარგია, რომ პირბადე ახლა ყველას უკეთია. ამ წესების დაცვით ხალხი  ნაკლებად დაინფიცირდება და ყველა უფრო მეტად იქნება დაცული“, – ამბობს ნანა.

თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ახალი წესი არ მოსწონთ:

„ეს ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც გვეუბნებიან, ატარეთ პირბადეო, უნდა ვატაროთ.“

ბევრის პირბადის ტარება დისკომფორტს ქუმნის, თუმცა ესმით, რომ მისი გაკეთება აუცილებელია.

„დისკომფორტი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელები ვიყოთ,“ – ასე ფიქრობს პარკში მოსეირნე მოხუცი ქალაბტონი.

პირბადე, პანდემია, რეგულაციები, წესები

ვერის პარკში ძიძები თავს უფრო დაცულად გრძნობენ. „ევრონიუსთან“ საუბარში ერთ-ერთმა ძიძამ განაცხადა:

„ყველა ძიძა დაცულად გრძნობს თავს, ერთმანეთთანაც და ბავშვებთანაც.“

მშობლებისთვის პირბადის ტარების ახალი წესის დაცვა შედარებით რთულია. დედები მიიჩნევენ, რომ ძნელია, ბავშვებს აუხსნან, თუ რატომ არის აუცლებელი პირბადე.

„ვერ ვაგებინებ ვერაფერს. ასე მგონია, არ ესმის, რასაც ველაპარაკები. მინდა, ვაკოცო და მოვეფერო, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებ. მოკლედ, ძალიან რთულია,“ – ამბობს ერთი მშობელი.

4 ნოემბრიდან საქართველოში პირბადის ტარება არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც სავალდებულო გახდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ახალი წესი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ პირბადე ერთადერთია, რომელიც ეფექტურად იცავს ადამიანებს კორონავირუსისგან. ექიმი და ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უცხოურ გამოცდილებას იზიარებს.

„მსოფლიო პრაქტიკამ, განსაკუთრებით აზიური ქვეყნების წარმატებამ, გვაჩვენა, რომ ქვეყნებში, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულო იყო და ეს, რასაკვირველია, რეგულაციების ერთი შემადგენელი კომპონენტია, იქ ეპიდემიის მართვა შედარებით უფრო მარტივი გახდა. ჩვენ ამ ქვეყნების წარმატებას ვხედავთ,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ღია სივრცეში პირბადის გარეშე იქნებიან, 20-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. პირბადეების ტარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გააკონტროლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend