მთავარი გადაცემები კუბი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები სოციალურ ქსელში

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები სოციალურ ქსელში

ავტორი: ანეტი მიქელაძე

სოციალური ქსელები ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასწარ მოემზადნენ. ბოლო თვეების განმავლობაში სოცქსელების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმ გეგმებზე, რომელთა განხორციელებას ინტერნეტპლატფორმები ამერიკის წინასაარჩევნო პერიოდში აპირებენ.

Twitter

ტვიტერმა არჩევნების შემდეგ ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე  კანდიდატებს საკუთარი გამარჯვების შესახებ სტატუსების წერა აუკრძალა.

გარდა ამისა, კანდიდატებს არ შეუძლიათ ისეთი ტვიტის დაწერა და გაზიარება, რომელიც საარჩევნო პროცესში ჩარევისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.

რა მოხდება, თუ კანდიდატი მაინც დაწერს ასეთ ინფორმაციას? ტვიტერში განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში გამოქვეყნებული სტატუსიდან მომხმარებლები პირდაპირ გადავლენ სანდო წყაროზე, რომელშიც აღნიშნულია არჩევნებში მიმდინარე პროცესი.

ტვიტერის ადმინისტრაცია არ წაშლის ტვიტებსა და პოსტებს, თუმცა სპეციალურ მონიშვნებს აუცილებლად გაუკეთებს.

Facebook

ფეისბუკმა წინასწარ არ გაასაჯაროვა ის პოლიტიკა, თუ როგორ მოემზადა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. თუმცა ზოგიერთი ელემენტი „უოლ სტრიტ ჯოურნალმა“ გამოიკვლია. ამ გამოცემის მხიედვით,  ფეისბუკზე შეიცვლება ნიუსფიდის ანუ ფეისბუკის  კედლის ალგორითმი, რომელზეც, როგორც წესი, ყველაზე ვირუსული ინფორმაცია ვრცელდება.

გარდა ამისა, ფეისბუკმა შეიძლება გააუქმოს ზოგიერთი ჰეშთეგი, რომლებიც დაკავშირებულია დეზინფორმაციასთან. ეს ის მეთოდია, რომელიც ფეისბუკმა სხვა ქვეყნებში დაძაბული პერიოდების დროს გამოიყენა.

„ფეისბუკი“ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ თანამშრომლობს, რომლის დახმარებითაც შექმნილია საარჩევნო თემის გრაფიკა და მომხმარებელს შეუძლია, პირდაპირ „ფეისბუკში“ დააკვირდეს ხმების დათვლის პროცესს.

Reddit

რედიტი კიდევ უფრო შორს მიდის, ვიდრე ფეისბუკი და ტვიტერი. მათი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ფორუმიდან პირდაპირ წაშლიან იმ სტატუსებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება ან ამახინჯებს ფაქტებს არჩევნების შესახებ.

არჩევნების შემდეგ ფორუმზე შეიქმნება გამოკითხვა, რომელშიც ექსპერტები პასუხს გასცემენ მომხმარებლებს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

Google/Youtube

გუგლი თანამშრომლობს გამოცემა „ასოშიეთედ პრესთან“, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაცია. თუ არჩევნების დღის შემდეგ გუგლის საძიებო ველში ჩაწერთ, „ვინ გაიმარჯვა არჩევნებში“, გუგლი პირდაპირ გადაგიყვანთ „ასოშიეტედ პრესის“ შედეგებზე.
გარდა ამისა, გუგლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არჩევნების დღის შემდეგ შეაჩერებს რეკლამას, რომელიც ეხება არჩევნებს, კანდიდატებსა და მათ შედეგებს. მათი თქმთ, ეს გაკეთდება იმისათვის, რომ რეკლამა და ნამდვილი ინფორმაცია ერთმანეთში არ აერიოს მომხმარებელს.

და ბოლოს, რაც შეეხება იუთუბს, მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წაშლიან ვიდეოკონტენტს, რომელიც შეიცავს დეზინფორმაციას.

უახლესი

სხვა ამბები