მთავარი COVID-19 სურსათზე ფასები გაიზარდა

სურსათზე ფასები გაიზარდა

ავტორი: ანა ალელიშვილი

საქართველოში ბოლო დღეებში ერთი ამერიკული დოლარის ფასი 3.20 ლარს აჭარბებს. ეკონომისტების შეფასებით, ლარის გაუფასურებასთან ერთად, იმპორტირებული პროდუქტიც ძვირდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ფასები ყველაფერზეა გაზრდილი, მათ შორის, საკვებ  პროდუქტებზეც.

„ფასები ძალიან გაიზარდა ყველაფერზე, მაღაზიაში, ბაზარში“.

„ბაზარში ცოტა მომატებულია ფასები, თან ლარიც უფასურდება, ალბათ, კიდევ უფრო მოიმატებს“, – ამბობენ მოქალაქეები.

 

ეკონომისტები ამბობენ, რომ ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„თავის დროზე არასწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კურსი იმდენად არასტაბილურია და ქართული ლარი იმდენად ნდობადაკარგულ ერთეულად ითვლება, რომ პანდემიის პირობებში ეს გამძაფრდა. თან იმის ფონზე, რომ რეალურად პანდემიის დროს ერთობლივი მოთხოვნა მცირდება, ეკონომიკური კრიზისია და რეალურად ფული არ არის,  ხალხმა პროდუქტი იყიდოს,“ – ამბობს ეკონომისტი დავით კიკვიძე.

ანალიტიკოსები რეკომენდაციებსაც იძლევიან, რასაც მათი აზრით შეუძლია ფასების ზრდა შეაჩეროს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საგარეო შოკის მიმართ გარანტირებული დაცვის მექანიზმი ჯერჯერობით არ ჩანს.

„ფასები რომ არ გაძვირდეს, სახელმწიფოს ძალიან შეზღუდული მექანიზმები აქვს. ერთადერთი, რაც შეუძლია გააკეთოს, ეს ცალკეული პროდუქტების სუბსიდირებაა, როგორც ეს  ერთხელ უკვე მოხდა პანდემიის დასაწყისში. თუმცა გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს არ არის მაქსიმალურად ეფექტური, საჭიროებს დიდ რესურსს და საბოლოო ჯამში მაინც დამოკიდებული ვართ საგარეო შოკებზე“, – განმარტავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” დირექტორი  ვახტანგ ჭარაია.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა. ეკონომისტებს ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ინფლაციის დონე გაიზრდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი