ტექნოლოგიური კომპანია “ეფლი” თავის საძიებო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც კონკურენციას მსოფლიოს უმსხვილეს საძიებო პლატფორმა „გუგლს“ გაუწევს.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ “ეფლზე” დაყრდნობით ავრცელებს. კომპანიის მიხედვით, “ეფლის” ტექნოლოგიურ სისტემა „აიოს 14-ს“ ძიების რამდენიმე მოთხოვნის შესრულება “გუგლის” გარეშეც შეუძლია.
ამ საძიებო სისტემაზე მუშაობა “ეფლის” თანამშრომელმა ჯონ ჯანანდრეამ, რომელიც მანამდე „გუგლის“ საძიებო სისტემის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. “ეფლის” ვაკანსიების შესახებ გავრცელებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ კომპანია ხშირად ეძებს სპეციალისტებს, რომლებსაც „საძიებო სისტემების ინოვაციური ტექნოლოგიების რეალიზაციას“ სთავაზობენ.
ეს ინფორმაცია მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ „გუგლის“ წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის თაობზე სარჩელი შეიტანა. ამჟამად „გუგლი“ ყოველწლიურად 8-12 მილიარდ დოლარს უხდის “ეფლს” მხოლოდ იმისათვის, რომ აიფონებსა და აიპადებში “გუგლის” საძიებო სისტემა ავტომატურად გამოჩნდეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო თვლის, რომ “გუგლის” ეს მომსახურება უკანონოა, რადგან ამ გზით „გუგლი“ ბაზრის მონოპოლისტად ყალიბდება.
ამერიკის იუსტიციის სამინისტროს სარჩელი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ ოფიციალური უწყების მიერ წაყენებული პირველი ბრალდებაა. მანამდე ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს მონოპოლისტობას ევროპა რამდენიმე წლის განმავლობაში აბრალებდა. თუმცა პასუხად ვაშინგტონი საკუთარ კომპანიებს ამართლებდა.
სილიკონის ველის ტექნოლოგიური კომპანიები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონს კი არ არღვევენ, პირიქით, მომხმარებელს უფასო მომსახურებას აწვდიან, რაც ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობას, სწავლასა და შრომას. რაც შეეხება ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების აზრით, მათი უპირატესობა დროებითია და ეკონომიკას საფრთხეს არ უქმნის.