წინასაარჩევნო პერიოდში, “ევრონიუს ჯორჯიამ” არჩევნებში მონაწილე ყველა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას დაუთმო ასპარეზი. პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი საარჩევნო პლატფორმები გაეცნოთ საზოგადოებისათვის. კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 5 ერთსა და იმავე კითხვაზე უპასუხებდნენ და მათ ამისათვის თანაბარი დრო ეთმობოდა. პარტიების ხედვებსა და გეგმებს “ევრონიუს ჯორჯიას” მაყურებელი ყოველდღიურად ეცნობოდა, ახლა კი, ამ კითხვებზე პასუხებს ერთად მოვუყარეთ თავი და მაყურებელს შესაძლებლობა ექნება შეადაროს, ვის როგორი ხედვა აქვს ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით.
აქვე გეტყვით, რომ 19 კვალიფიციური კანდიდატიდან ერთმა, საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ თავისი კანდიდატურა მოხსნა. ხოლო გადაცემაში მონაწილეობა არ მიიღო ორმა პარტიამ – „მოძრაობა თავისუფალი საქრათველოსთვის“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
კითხვა N1
რას გეგმავთ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით?
გიორგი ხელაშვილი – ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი
როგორც იცით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბოლო წლებში იყო მშვიდობიანი, პრაგმატული, რაციონალური, პასუხისმგებლობის მქონე და ასე გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაშიც. ძირითადი ორიენტირი, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციაა. ჩვენი პარტიისთვის საქართველო ევროპის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენს პროგრამაში საზეიმოდ განვაცხადეთ, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ასევე ევროპელების გასაგონად, რომ 2024 წელს საქართველო ფორმალურ განაცხადს გააკეთებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ 4 წლის განმავლობაში გატარდეს ყველა ის რეფორმა, რომლებიც საჭირო იქნება ევროკავშირის დასარწმუნებლად, რომ საქართველო მისი განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, აი, ამ 4 წლის შემდეგ. საქართველოსთვის ევროკავშირი და ევროპა არის იდენტობის, თვითმყოფადობის, ასევე უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების მთავარი ადგილი და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ეს საყოველთაოდ იყოს აღიარებული. რაც შეეხება უფრო პრაქტიკულ და უშუალო ამოცანებს, გვსურს რომ ევროკავშირი უფრო მეტად ჩაერთის როგორც სექტორული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ჩვენი დაკარგული ტერიტორიების არაღიარებისა და მათი აღდგენის პოლიტიკაში, რათა მოქალაქეები უფრო მეტად იყვნენ დაცული. ასევე, ჩვენ გვაქვს მათთან ურთიერთობა ვაჭრობის, ენერგეტიკის, გარემოსდაცვით, ადამიანების შრომითი უფლებების, განათლების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი მეცნიერები და სტუდენტები უფრო მეტად იყვნენ ევროპულ პროექტებში ჩართული და, რა თქმა უნდა, აუცილებელია ადამიანებს შორის ურთიერთობა, რაც გულისხმობს გაცვლას, მეტ საჰაერო მიმოსვლას, ლეგალურ დასაქმებას ევროკავშირში, ტურიზმის განვითარებას – მეტი ევროპელი საქართველოში.
დევი ტაბიძე – „თავისუფალი დემოკრატების“ პირადი მდივანი
წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი არჩევნებია, ყველა პარტიას თავისებური მიდგომა აქვს, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი არის საქართველოს დეოკუპაციის საკითხი, რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და განვამტკიცოთ სუვერენიტეტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია ევროატლანტიკური ინტეგრაციაც. საქართველო იმსახურებს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ეს ყველაფერი მიიღწევა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ინტეგრაციის მეშვეობით.
მიხეილ ქუმსიშვილი – “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი
ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკვეთრი პოზიცია და არა ისეთი, როგორიც დღეს აქვს საქართველოს, როცა ვერ გაგვირკვევია, ჩვენი კურსი დასავლეთია თუ ჩრდილოეთი.
ჩვენი კურსი ცალსახად უნდა იყოს დასავლეთის მიმართულებით, ვინაიდან აქ არის სწორედ ცივილიზაცია, აქ არის ჩვენი მომავალი, ჩვენ მენტალურადაც ძალიან ახლოს ვართ დასავლეთთან. უნდა შესრულდეს ევროასოცირებით ნაკისრი ყველა ის ვალდებულება, რომლებიც დააჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენთვის უალტერნატივოა, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნის მიზნებიდან გამომდინარე, ამერიკასთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ ამერიკის სამხედრო ბაზები გაიხსნას საქართველოში, რაც, ერთი მხრივ, მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიას. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ვეღარ იქნება ისეთი აგრესიული, როგორიც ამ ეტაპზე არის. მეორე მხრივ, ეს კავშირი საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას ჯანსაღი და მდგრადი საინვესტიციო გარემო, სადაც ინვესტორისთვის შემოსვლა და თანხის დაბანდება მომგებიანი და შედარებით უსაფრთხო იქნება.
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ჩვენი მთავარი საგარეო ამოცანა არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენი საგარეო ამოცანების გადაწყვეტისათვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია ქვეყნის საშინაო პრობლემების მოგვარება. ეს არის ქვეყანა, სადაც დღეს მთავარი პრობლემაა, იქნება თუ არა თავისუფალი სასამართლო და რომ არ არის, ვიცით. ეს არის ქვეყანა, სადაც ტარდება გაყალბებული არჩევნები ძალადობის, მოსყიდვის, მუქარის, ცემა-ტყეპისა და სხვადასხვა რესურსის, მათ შორის ოლიგარქისა და ადმინისტრაციული ფინანსური რესურსების გამოყენებით. ქვეყნის შიდა პრობლემები მთავარი შემაფერხებელია ჩვენი საგარეო მიზნების მიღწევის გზაზე. რა თქმა უნდა, აუცილებელია სტაბილური ეკონომიკური განვითარება, სიღატაკის დაძლევა. ხალხი კი არ უნდა გარბოდეს ევროპაში და კი არ უნდა ვაშინებდეთ ევროპას ამ გაქცეული ადამიანების ტალღით, პირიქით, აქ უნდა შეიქმნას ისეთი ეკონომიკური პირობები და ისეთი დემოკრატიული სისტემა, რომ ჩვენ უკვე თამამად განვაცხადებთ: „გაგვიღეთ ევროპის კარები!“ და ეს მოხდება ძალიან სწრაფად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
ზურა ღონღაძე – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰქონდა გაცხადებული პროდასავლური კურსი. მაშინ ის ერთადერთი, ასე ვთქვათ, მემარჯვენე და პროდასავლური პარტია იყო და მას არ უღალატია ამ კურსისთვის არც 1981 წელს, მისი აღდგენის შემდგომ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და, გარკვეულწილად, ახლაც ვთანამშრომლობთ ევროპის სახალხო პარტიასთან, იმიტომ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მიმდინარეობის პარტია ვართ. შესაბამისად, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაცია პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ბუნებრივია, საქართველოში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი არის ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები, კერძოდ, სასამართლო რეფორმა, ეკონომიკური პრობლემები და სიღარიბე, რომელთა დაძლევის შემდეგაც საქართველო ალბათ გახდება ჯერ ევროკავშირის და შემდეგ ნატოს წევრი. სწორედ ამ რეფორმების კუთხით იმუშავებს ჩვენი პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში.
სერგი კაპანაძე – „ევროპული საქართველოს“ შტაბის უფროსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ მოახდინოს სწრაფი ინტეგრაცია. ყველა ვალდებულება, რომლებიც აღებულია ასოცირებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის ჩათვლით, ქვეყანამ წინსწრებით უნდა შეასრულოს, ვიდრე გაწერილია. გარდა ამისა, უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ კიდევ უფრო მეტად შევაღწიოთ ტრანსევროპულ ქსელებში, რათა მეტი მოგება მივიღოთ. არის პროგრამები, რომელთა წევრები ჯერ კიდევ არ ვართ. გვჭირდება სწრაფი მოლაპარაკება მათთან და რაღაც ეტაპზე საქართველომ მალევე უნდა გააკეთოს გაწევრიანების განაცხადი, ან მარტომ ან უკრაინა-მოლდოვასთან ერთად. ეს არის პრინციპული ამბავი, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ და მხოლოდ ასოცირების ფორმატით არ ვიყოთ შემოფარგლული. ასევე, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაღრმავება კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ჟენევის მოლაპარაკებები, რომლებშიც ევროკავშირს ძალიან დიდი როლი აქვს, ასევე, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რომელშიც ევროკავშირი საქართველოს მთავარი პარტნიორია. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ევროკავშირს უფრო მეტად დავუახლოვდეთ და სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ და არ შევზღუდოთ ეს ინტეგრაციის პროცესი ისეთი კითხვებით, რომლებიც შეიძლება ჩნდებოდეს დემოკრატიასთან დაკავშირებით. ამ ბოლო პერიოდში ხელისუფლება აკრიტიკებს ჩვენს მეგობარ ევროპარლამენტარებს. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ამბავი.
ანზორ ბიწაძე – „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ჩვენ ნათლად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ ის რეალობა, რომ ყველგან, აზერბაიჯანის საზღვრიდან დაწყებული ვაშინგტონამდე დამთავრებული, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან საქართველოს ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმამდე არის დაყვანილი. ეს ყველაფერი კი გამოიწვია არადემოკრატიულმა ნაბიჯებმა. პირველი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, ის არის, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვაჩვენებთ, რომ ნამდვილად გვინდა ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენება, რაც აუცილებლად გულისხმობს თავისუფალ მედიაგარემოს, თავისუფალ სასამართლოს, სამართლიან არჩევნებს. ეს ყველაფერი კი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული ქვეყნისათვის. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგამთ ძალიან სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო მეტად დემოკრატიული, უფრო მეტად ევროპული ტიპის სახელმწიფო. ეს ჩვენს გენერალურ წინასაარჩევნო შეხევდრაზეც განვაცხადეთ. სპეციალურად შევარჩიეთ გენერალური წინასაარჩევნო შეხვედრის ადგილად ევროპის მოედანი. ეს ერთგვარი გზავნილი იყო ჩვენი ამომრჩევლისათვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო დაემსგავსოს ევროპულ სახელმწიფოს. შეუძლებელია, ევროპულ ინტეგრაციაზე ვისაუბროთ და ევროკავშირის დროშები ჰქონდეთ მაღალჩინოსნებს კაბინეტებში და ამავე დროს წინასაარჩევნო კამპანიისას ქვებს ისროდნენ, ჯოხებით დასდევდნენ ადამიანებს, ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებას და აი, ასეთი ველური წინასაარჩევნო გარემო გვქონდეს. ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, რომ ჩვენს სახელმწიფოს შეუძლია, ჩაატაროს ნორმალური და სამართლიანი არჩევნები და ჩვენი ხალხისა და ჩვენი ამომრჩევლის უფლებები დაცული იქნება.
კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი
ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან პრაგმატული და, ამავდროულად, რეალისტური ამოცანები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად დააზარალა წინა და დღევანდელი მთავრობის არარეალისტურმა განცხადებებმა. საუბარია ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე, რაც, ვფიქრობ, ძალიან დაშორებულია რეალობასთან. მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის იმ რეფორმების დასრულება, რომლებიც 1997 წლიდან უკვე 23 წელია, გრძელდება. ეს არის პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების გატარება, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩვენი ვალდებულებაა და რომლებიც არ არის შესრულებული. ყველა ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს ძალიან სწრაფად. მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი: რამდენიმე წლის წინ, ამ ხელისუფლების დროს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპასთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებას. თუმცა, ჩვენს ეკონომიკაზე ეს პოზიტიურად არ აისახა, რადგან, ჩემი აზრით, არ იყენებენ ამ შესაძლებლობებს. ჩვენ კი გვაქვს ევროპის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის თავისუფლად და შეღავათიანად გატანის უფლება, მაგრამ უფლება არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქცია ნამდვილად გადის. ამიტომ მთავარი ინტერესი, რომელიც უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს საქართველოს, არის ის, რომ ეს უზარმაზარი და მსყიდველუნარიანი ბაზარი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
ლია მუხაშავრია – „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი
უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება და ყველა იმ ვალდებულების გათვალისწინება, რომლებიც ნაკისრი გვაქვს და რომელთა შესრულებაც, ვფიქრობ, ამ ბოლო დროს ისე სწრაფი ტემპით არ მიიწევს, როგორც ეს სასურველი და საჭიროა. ევროპასთან ასოცირება გულისხმობს მეტ დემოკრატიას, მეტ კეთილდღეობას, მეტი სამართლის უზენაესობას, არჩევითობისა და თანამდებობეზე შერჩევის უკეთეს წესს და გამჭვირვალობას, განსაკუთრებით ანგარიშვალდებულებას, რაც, ვფიქრობ, ყველასთვის სასურველი ამოცანა გახლავთ.
ნანა დევდარიანი – “პატრიოტთა ალიანსის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
კარგი შეკითხვაა, ძალიან ხშირად ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, პატრიოტთა ალიანსი წარმოადგინონ, როგორც ანტიდასავლური და რუსეთზე ორიენტირებული ძალა. სინამდვილეში ჩვენ თავს ევროპული კურსის მხარდამჭერად მივიჩნევთ. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის დასავლური გოდოლი. ამაში ეჭვის შეტანა საღ აზრს არის მოკლებული. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ასე იოლად ვერ მოხერხდება. თვით ბაზარიც კი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენთვის გაიხსნა, ასათვისებელია, ეს პროცესი კი არის ურთულესი. ამ ყველაფერს კი სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნები ზრუნავენ თავიანთ სოფლის მეურნეობასა და სხვა სახის ბიზნესებზე.
აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი
ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენზე უფრო მეტია დამოკიდებული, ვიდრე თავად ევროკავშირსა და ევროსტრუქტურებზე. იმიტომ, რომ მათ გადმოდგეს ეს ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვაქციოთ. ის არ უნდა გვაკმაყოფილებდეს, რომ ჩვენ ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკებს შორის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ვართ ბალტიელების შემდეგ. ეს საკმარისი არ არის, რადგან ყოფილი საბჭოეთი არ არის კრიტერიუმი დემოკრატიის თვალსაზრისით. მე მგონი, რომ ჩვენ მოგვიწევს უფრო ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც დიდი ხალისით არ ეგებებიან ჩვენს წევრობას ევროკავშირში.
მალხაზ გორგასლიძე – პარტიის „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა“ თავმჯდომარე
ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ ეს არის საქართველოში ყველაზე პრიორტეტული. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ ფსიქოლოგიურად, გეოგრაფიულად და პოლიტიკურადაც მისი ნაწილი უნდა გავხდეთ, რადგან ეს არის ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება. ჩვენ ყოველთვის ევროპისკენ მივისწრაფოდით, მისი ნაწილი ვიყავით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპული სტრუქტურების ნაწილიც გავხდეთ. იქ უნდა გავწევრიანდეთ, როგორც ქართველები და ეს არ გამოვა პოლიტიკური კომპრომისის შედეგად. უნდა შევიდეთ ჩვენი ფასეულობებით, იქ უნდა მივიტანოთ ჩვენი წილი უსაფრთხოება და სხვა დადებითი ელემენტები, რომლებსაც, გარკვეულწილად, დღესაც ვახორციელებთ. ჩვენ ამით არაფერი დაგვეკარგება, ეს იქნება ჩვენი მუდმივი არსებობის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია, ეს იქნება ბედნიერი საქართველო.
გია ბერძენიძე – “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” თავმჯდომარე
ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით და პირდაპირი დიალოგით ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან. ასევე, რეგიონში კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ, მეზობელ ქვეყნებთან უნდა გვქონდეს ნორმალური და სტაბილური ურთიერთობა. როგორც ნატოში აცხადებენ, ჯერ საქართველო არ არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის, მაგრამ თუ მოხდება ევროპასთან ინტეგრაცია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო რამ იქნება.
ანი შაიშმალაშვილი – „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი
ვფიქრობ, ჩვენი კულტურით ისედაც ევროპის ნაწილი ვართ. ალბათ გახსოვთ, როცა 2019 წელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იმყოფებოდა ჩვენთან. მან კონფერენციის დროს და შემდეგაც ვაჟას სიტყვებით მოგვმართა ქართულ ენაზე. მისი ეს ციტირება ზუსტად იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ჩვენი კულტურითა და აზროვნებით ყოველთვის ვიყავით და ვართ ევროპის ნაწილი. მართალია, პოლიტიკური ვითარება ყოველთვის იცვლება და ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რუსეთის იმპერიაში ვიყავით, მაგრამ როგორც კი შანსი მოგვეცა და გავთავისუფლდით, ჩვენ ისევ ევროპის ნაწილი გავხდით. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენ არ ვართ ევროპული დემოკრატიის იმ სტანდარტებზე და არ გვაქვს ის კეთილდღეობა, რომელსაც ევროპული ინტეგრაცია გულისხმობს, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალი, რომ ჩვენი ქვეყანა არის არასწორი ადამიანების ხელში და, სამწუხაროდ, ხელისუფლება სწორად არ მოქმედებს. უფრო სწორად, ხელისუფლება უმოქმედო და უუნაროა ამ თვალსაზრისით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ გაგვაჩნია, აქედან გამომდინარე, ვერ ვიღებთ იმ კეთილდღეობას, რომლის მიღებაც შეგვიძლია ევროპული ინტეგრაციით. ჩვენი მიზანი იქნება საგარეო პოლიტიკის სწორი მიმართულებით ჩამოყალიბება და ამ მხრივ უფრო მეტი ჩართულობა.
ნიკა მაჭუტაძე – პარტიის ,,მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე
უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ დღეს მე არ წარმოვადგენ მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის თავმჯდომარეც გახლავართ, ანუ „მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის“. ჩვენ ვართ გაწევრიანებულები ბლოკში „ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიცია“. ჩვენ ამ არჩევნებში ყველაზე უფრო მსხვილი და მძლავრი ოპოზიციური ბლოკის სახელით გამოვდივართ. შესაბამისად, ჩვენი შინაარსი, პოლიტიკური მიზნები, ამოცანები და ასევე ხედვები დიდწილად შეჯერებულია ჩვენი პარტნიორების პროგრამასთან. რასაკვირველია, ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება საგარეო პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკურ კურსს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება უხვევს იმ საგარეო პოლიტიკური კურსიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა საუკუნეების წინ აირჩია და გაატარა თავისი კულტურული, ისტორიული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის დასავლეთის სივრცე, დასავლური კურსი, ის კურსი, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემების, ჩვენი მოქალაქეების, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დაბრუნებას დასავლეთის ცივილიზაციაში. ეს არ არის რაღაც ახალი, არამედ ეს არის დაბრუნება ისტორიულ და ორგანულ ოჯახში, იმ სივრცეში, საიდანაც წარმოიშვა და რომლის განუყოფელი ნაწილი არის საქართველო, მისი ისტორია და კულტურა. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი არჩევანი, ნება გულისხმობს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვართ ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი და ეს ასეა დღესაც. ქართული დემოკრატიის მშენებლობა, ნატოსთან და ევროპის კავშირთან თავსებადობის მაქსიმალური უზრუნველყოფა და სწრაფი გაწევრიანება როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ისე ევროპულ სტრუქტურებში არის ჩვენი უმთავრესი მიზანი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა მხოლოდ ევროპით არ ამოიწურება საქართველოს საგარეო პოლიტიკა. რასაკვირველია, ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში. გარშემო არის ძალიან დაძაბული პოლიტიკური ველი იმ თვალსაზრისით, რომ მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტები. გარდა ამისა, საქართველო მდებარეობს დიდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ტერიტორიაზე, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს ხიდს ევროპასა და აზიას შორის, კულტურათა სინთეზს.
გიორგი ვაშაძე – პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციას, ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი ამოცანა ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის ძალიან სწრაფი გაგრძელებაა. ამისათვის კი საჭიროა სისტემური რეფორმის გატარება, რომელსაც ევროპული სტანდარტი ითხოვს. ეს არის დემოკრატიზაცია, ეს არის თავისუფალი სასამართლო, ეს არის სამართლიანი არჩევნების გარემოს შექმნა. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, მიზანი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიტანო ევროპიდან და ამერიკიდან. 12 მილიარდი დოლარი – ეს არის ის ინვესტიციები, რომლებიც შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში გვჭირდება, რომ შევქმნათ მინიმუმ 300 000 სამუშაო ადგილი. ჩემი ამოცანა იქნება, ევროპის ყველა დედაქალაქში, აშშ-ს ყველა შტატში ჩავიდე იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვიზიდო ეს ინვესტიციები. ბევრს ვიცნობ, ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ვაპირებ, რომ ეს კონტაქტები საქართველოს განვითარებისთვის გამოვიყენო.
კითხვა N2
როგორია თქვენი პოლიტიკა სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით?
გიორგი ხელაშვილი – ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი
ჩვენი მოსახლეობის სოციალური დაცვა ქართული ოცნების ყველაზე დიდი მონაპოვარია, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვა, C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით განხორციელება, სოციალური დახმარებებისა და შემწეობების ზრდა. ეს მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცულობა ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს. ამ თვალსაზრისით, საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება, უფრო მეტად დაიხვეწება, მეტი ადამიანი ჩაერთვება, რომ უფრო მეტად ორიენტირებული იყოს ამ ადამიანების აუცილებელ საჭიროებებზე. უფრო მეტად განვითარდება და გამარტივდება მედიკამენტებზე წვდომა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასევე, უფრო მეტად განვითარდება სოციალური დახმარებების სქემა, იმისთვის, რომ ასაკობრივი პენსია გახდეს 300 ლარი, სხვა სახის პენსიები 400 ლარამდე ავიდეს და ადამიანებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ სოციალური დახმარება და აღმოიფხვრას ის ნაკლი, რომელიც დღეს არსებობს ამ სისტემაში. ყველაფერთან ერთად, ხელი გვინდა შევუწყოთ მოსახლეობას, რომ ღირსეულად დასაქმდნენ არა ნებისმიერ სამუშაოზე, არამედ იქ, სადაც მათ სურთ და გული მიუწევთ.
დევი ტაბიძე – „თავისუფალი დემოკრატების“ პირადი მდივანი
სოციალური მდგომარეობა საბოლოოდ აისახება პენსიებზე, სოციალურ დახმარებებზე, დასაქმებაზე, დევნილების საკითხის მოგვარებაზე, ეს ყველაფერი გაწერილია ჩვენს პროგრამაში. გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს უწყვეტი სამედიცინო დახმარება და პროფესიული გადამზადება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გავაუმჯობესებთ პირობებს.
მიხეილ ქუმსიშვილი – “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი
სოციალური პრობლემების მოგვარება დღესდღეობით მთავარი პრიორიტეტია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღარიბეა. ჩვენ ამ საკითხს უნდა შევხედოთ კომპლექსურად. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ უნდა წარმოიშვას საშუალო კლასი. არ არსებობს საშუალო ფენა და უფსკრული მდიდარ და ღარიბ ადამიანს შორის დღითი დღე უფრო ღრმავდება. ჩვენ აუცილებლად დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, ისევე, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში დააწესეს. ამგვარად, შეწყდება დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის ექსპლოატაცია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდას ჰქონდეს საშუალება, უმაღლესში თანხის გადახდის გარეშე ისწავლოს. სახელმწიფომ უნდა ჩადოს ინვესტიცია ახალგაზრდების განათლებაში. ეს წლების შემდეგ მოგვცემს უკუგებას. ამ 2 პრობლემის გადაჭრით, განათლებით და სიღარიბის დაძლევით, ასევე მინიმალური ხელფასების დაწესებითა და სოციალური დახმარებების არსებობით ქვეყანა განვითარდება.
თუმცა, სოციალური დახმარება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვარჩინოთ მოქალაქე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც განვითარებისა და თვითრეალიზების საშუალება ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ისინი კი შემდეგ თავად შეიტანენ წვლილს ქვეყნის განვითარებაში.
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
სოციალური ვითარება კატასტროფულია, განსაკუთრებით ახლა, ამ პანდემიის პირობებში. ლარი გაუფასურდა, ფასები იზრდება, კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება, სიღარიბემ მოიმატა. 20 ლარით იზრდებაო პენსია მომავალ წელს, 20 ლარი შეჭამა უკვე ამ წელს ფასების ზრდამ. რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერა. მხარდაჭერის მთავარი ფორმა იქნება დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა. სანამ დასაქმების ადგილებს შევქმნით და ეკონომიკას სწორ რელსებზე დავაბრუნებთ, პირდაპირი მხარდაჭერაა საჭირო, რა თქმა უნდა პენსიების ზრდა, სოციალური დახმარების გაორმაგება, ასევე შშმ პირების მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენი პარტიისა და პროგრამის უპირველესი ამოცანა სოციალური პრობლემების გადაჭრაა.
ზურა ღონღაძე – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
სოციალური პრობლემების მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობა არის ეკონომიკური რეფორმები და მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში. ბუნებრივია, სოციალურად გაჭირვებულ და დაუცველ მოსახლეობას სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, მაგრამ უმთავრესი მაინც არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ჯანსაღი საინვესტიციო გარემო, რომ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის დაბანდებით, სამუშაო ადგილების შექმნით. აუცილებელია ამ კუთხით მუშაობა იმიტომ, რომ დღეს არსებული ვითარება ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უცხოელი ინვესტორი შემოვიდეს საქართველოში, გავიხსენოთ თუნდაც ანაკლიის პორტი და მასთან განვითარებული მოვლენები. დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა ზოგადად საინვესტიციო გარემოზე. უნდა ვახსენოთ სასამართლო რეფორმაც, ნებისმიერ ბიზნესმენს სჭირდება დაცვა. სამართლიანი სასამართლო არის გარანტი იმისა, რომ მას ვერავინ ვერ შეავიწროებს და ვერ განახორციელებს მასზე ზეწოლას.
სერგი კაპანაძე – „ევროპული საქართველოს“ შტაბის უფროსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
სოციალურ პრობლემებს გააჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ განათლების სფერო უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, ოღონდ აქ სერიოზული პრობლემაა მთავრობის მხრიდან დიდი ჩართულობა. ჩვენ ვართ პატარა მთავრობის, ნაკლები რეგულაციებისა და მეტი კონკურენციის მომხრე და მიგვაჩნია, რომ ყველგან, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში, კონკურენცია უნდა იყოს წახალისებული. რაც შეეხება ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან პენსიონერები, დევნილები, სოციალურად დაუცველები, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ბიუჯეტშიც კი არის რესურსი, არათუ მომდევნო ბიუჯეტებში, როცა შესაძლებელი იქნება ფულის მობილიზება, მათ შორის შემცირებული გადასახადებისა და მეტი ფულის შემოტანის გზით. შესაძლებელია, რომ ამ ადამიანებს დახმარება გაეზარდოთ და ერთ-ერთი წყარო ამის უნდა იყოს შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები. ამ ბიუჯეტიდან შესაძლებელია 1,5 მილიარდიდან 2 მილიარდამდე დაზოგვა. აი, მაგალითად, ახლა ბიუჯეტი შემოვიდა, რომელშიც სუს-ის [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური] ხარჯია გაზრდილი. რატომ იზრდება, სრულიად გაუგებარია. ამ ბიუჯეტში არის ისეთი ხარჯები, რომლებიც არ უნდა იყოს და შესაძლებელია მათი წარმართვა სოციალური მიმართულებით.
ანზორ ბიწაძე – „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
სოციალური პრობლემების გამკლავების ერთადერთი გზა უფრო მეტად სამართლიანად და ყაირათიანად ბიუჯეტის გადანაწილებაა. შეუძლებელია, გქონდეს დაუბალანსებელი ბიუჯეტი და ამავე დროს გაართვა თავი სოციალური პრობლემების დაფინანსებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ განვითარებად ქვეყნებში 3-დან 5 წლის განმავლობაში იქნება ეკონომიკური კრიზისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში შეიძლება 7 წლამდეც გაგრძელდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქნება გადანაწილებული ქვეყნის ბიუჯეტი და ის მწირი რესურსები, რომლებიც გვაქვს. ზოგადად, ეკონომიკა არის არსებული რესურსების კარგად გადანაწილების მეცნიერება. დიდი ხელოვნება სჭირდება იმას, რომ ნორმალურად გადავანაწილოთ ჩვენი რესურსები. აუცილებლად უნდა შემსუბუქდეს ადმინისტრაციული ხარჯების წილი, რომელიც ბიუჯეტს აწვება, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ჩვენნაირ პატარა, რესურსების მქონე ქვეყანას ჰქონდეს ამხელა ადმინისტრაციული ხარჯები და ინახავდეს უზარმაზარ ადმინისტრაციულ აპარატს. ასეთი ბიუჯეტით და დიდი ადმინისტრაციული ხარჯებით ჩვენ ვერანაირად ვერ მოვახერხებთ სოციალურად დაუცველი ჯგუფების დაფინანსებას და მათ მხარდაჭერას. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, ჩვენ უკვე 2021 წლის გაზაფხულამდე დაგვემატება 140 000-ზე მეტი უმუშევარი. ამ ადამიანებსაც სოციალური დახმარება დასჭირდებათ. წინასაარჩევნოდ ძალიან პოპულარულია დიდ ციფრებზე საუბარი. ზოგიერთი ჩვენი კოლეგა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამები იმხელა ციფრებს მოიცავს და იმდენ დანაპირებს, რომ შეიძლება იაპონიის ბიუჯეტიც არ ეყოს. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ზარალის სწორი დათვლაა. დღეს ფინანსთა სამინისტრო და სტატისტიკის დეპარტამენტი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ძალიან სწორად და ზუსტად უნდა დავთვალოთ, რა იქნება რეალური ზარალი. ხოლო რეალური ზარალის შემდეგ, რა შესაძლებლობა ექნება საქართველოს ბიუჯეტს. ამის შემდეგ უარი უნდა ვთქვათ ადმინისტრაციულ და ისეთ ხარჯებზე, როგორებიცაა სხვადასხვა სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა. სხვათა შორის, ახლახან გაიზარდა სამი სამინისტროს დაფინანსება.
კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი
აქაც აუცილებელია, რომ დანერგილი იყოს ბევრი წესი, რომლებიც ევროპაში უკვე აქსიომა და აპრიორია. მაგალითად, ჩვენი პარტია ძალიან ბევრს მუშაობს მონოპოლიების წინააღმდეგ, პირველ რიგში, სააფთიაქო მონოპოლიების წინააღმდეგ. ჩვენ ვუწყობთ ხელს პატარა აფთიაქებს, რომ შემოიტანონ იმპორტზე მედიკამენტები, რომლებიც იაფი და ხარისხიანია. წესით ამას კონკურენციის სააგენტო უნდა აკეთებდეს. ევროპული ანტიმონოპოლიური წესები უნდა დაინერგოს საქართველოშიც. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ,,ევრონიუსის“ ინგლისურენოვან თუ ფრანგულენოვან გამოშვებებშიც, რომ უდიდეს კომპანიებსაც კი საკმაოდ სოლიდური თანხით აჯარიმებენ ევროპაში. რა გახდა ეს ,,პსპ“, ,,ავერსი“ და რამდენიმე სააფთიაქო მონოპოლია, რომლებსაც ხელში აქვთ ჩაგდებული ბაზარი და 3-4-ჯერ უფრო ძვირად იყიდება მედიკამენტები, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. მწვავე სოციალური საკითხებია: საბანკო იპოთეკები, საბანკო მონობის აკრძალვა. ბანკებმა უნდა შეწყვიტონ ადამიანების გამოსახლება და მესამე, უნდა დავნერგოთ ევროპული წესები პენსიისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ აქაც ვიხელმძღვანელოთ ევროპული პრაქტიკით და პენსია განისაზღვროს არა, როგორც ფიქსირებული თანხა, არამედ როგორც პარლამენტარის ხელფასის 10%.
ლია მუხაშავრია – „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი.
სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს ხალხზე მიმართული და ორიენტირებული, რომ ადამიანები გაჭირვებიდან ამოვიყვანოთ და სოციალური თანასწორობის იდეა და სოციალური სახელმწიფოს იდეა, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა განმტკიცებული, რეალიზებული გახდეს, რაც, სამწუხაროდ, ამ ბოლო წლებში ასე არ არის და ამას ძალიან კარგად ვგრძნობთ ჩვენს ყველა შეხვედრაზე. ამომრჩევლებს ძალიან აინტერესებთ ეს საკითხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპენსიო საკითხი აუცილებლად მოითხოვს რადიკალურ რეფორმას, არ შეიძლება საპენსიო თანხა ყველასთვის ერთნაირი იყოს. ეს უნდა შეიცვალოს.
ნანა დევდარიანი – “პატრიოტთა ალიანსის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
აქაც ევროპულ მაგალითს მოვიყვან, არაერთ ევროპულ ქვეყანაში არის სოციალური საცხოვრისები, რის გამოც ევროპაში პრაქტიკულად ვერ ნახავ უსახლკარო ადამიანს. ჩვენ დავდექით ისეთი პრობლემის წინაშე, რომ ბანკების აულაგმავი საქმიანობის გამო, მათ შორის ბინების ჩადებითა და ადამიანების უსახლკაროდ დატოვებით, უამრავი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. ბევრი მათგანი არ ჩანს ეკრანზე, მათზე არ საუბრობენ, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ. ისინი შესახლებული არიან დანგრეულ შენობებში. გამგებელთან მისულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ეუბნებიან, რომ ის არ არის იმ რაიონში რეგისტრირებული და როგორ უნდა დაეხმარონ. ამიტომაც ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია მუნიციპალური ბინათმშენებლობა, რომლის შეძენასაც ადამიანები უმცირესი გადასახადის საშუალებით შეძლებენ. ხოლო უკიდურესად გაჭირვებული და მრავალშვილიანი ადამიანებისთვის ასეთი მუნიციპალური საცხოვრისი უნდა იყოს უფასო. სოციალური პრობლემების მოგვარება ძალიან რთულია, როცა ადამიანს არც პური აქვს, არც ტანსაცმელი, რომ გამოიცვალოს და არც ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისთვის დაგეგმილი გვაქვს საათში 1 უფასო ავტობუსი და იმედი გვაქვს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ტრანსპორტის ფული, არ ისარგებლებენ ამ ავტობუსებით. უფასო სასადილოების შექმნაც არის გეგმაში და კიდევ ბევრი სხვა რამ.
აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი
სოციალურ პრობლემებს შორის, მგონია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა იპოთეკარების საკითხია. ვგულისხმობ უბინაოდ დარჩენილებს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს შეუძლია, ბანკისგან გამოიხსნას ეს ბინები ისე, რომ ბანკებიც არ დაზარალდნენ. ეს სახლები ყოფილ მესაკუთრეებს უნდა გადაეცეთ, ოღონდ როგორც ქირას, ისე გადაიხდიან ყოველთვიურად, ათწლეულების განმავლობაში კი მათი შვილები და შვილიშვილები დაფარავენ სესხს და საბოლოოდ გამოისყიდიან. ვფიქრობთ, რომ მინიმალური ხელფასი უნდა დაწესდეს, კვირაში 3-5 დოლარის ოდენობით, რათა მიუახლოვდნენ მინიმალურ საარსებო ზღვარს.
მალხაზ გორგასლიძე – პარტიის „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა“ თავმჯდომარე
ჩვენ ვთვლით, რომ სოციალური პრობლემები არის ხელოვნურად შექმნილი. თუ გადავხედავთ ბოლო 30 წლის პოლიტიკას, ვნახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ასეთი ღარიბი მიზანმიმართული პროცესების შედეგად გახდა. ეს პროცესებია: თავის დროზე წართმეული ანაბრები, განადგურებული საშუალო ფენა, არარსებული წარმოება, პრიორიტეტების გაკეთება მხოლოდ ტურიზმსა და მომსახურების სფეროზე. ქვეყანა, რომელიც არაფერს აწარმოებს და არაფერს ქმნის, ვერასოდეს იქნება წარმატებული. ვერ ვიქნებით წარმატებული მხოლოდ ტურიზმზე დაყრდნობით. ხომ ხედავთ, ერთი პატარა ვირუსის გამო მთელი ეკონომიკა ზანზარებს და ჩამოიშალა. ჩვენ უნდა შევქმნათ მრავალწლიანი სამუშაო ადგილების შემქმნელი ფენა ანუ საშუალო ფენა. ჩვენი რესურსები, თანადაფინანსების ფონდები, ბიუჯეტი და ეროვნული ბანკის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ყველაზე დაუცველები არიან, დაუფინანსდეთ ყველანაირი წამოწყება. დაფინანსდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, განათლების სფერო, ინოვაციები. ჩვენ აქ უნდა შემოვიტანოთ ტექნოლოგიები, ვერ ვიქნებით დამოკიდებული ყველაფერში სხვაზე. უნდა ამაღლდეს განათლების დონე და სახელმწიფოს რესურსები უნდა იყოს მიმართული აქეთ, რაც გამოიწვევს ჩვენი მოსახლეობის გამდიდრებას.
გია ბერძენიძე – “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამ მხრივ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ეს არის უმუშევრობისა და ჯანდაცვის პრობლემები, კომუნალური გადასახადები გაზრდილია, საწვავზე არ არის გონივრული ფასები, ბიუროკრატული ხარჯები გაბერილია და ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ამ ყველაფრის გადანაწილება ზომიერად უნდა მოხდეს. უნდა შემოვიდეს ინვესტიციები და ნელ-ნელა მოსახლეობა შეძლებს, იცხოვროს ღირსეულად.
ხელი უნდა შევუწყოთ ბიზნესის უსაფრთხოებას, ეს საშუალებას მისცემს ინვესტორს, შემოვიდეს ჩვენს ბაზარზე და დაიწყოს ბიზნესი. შესაბამისად, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.
ანი შაიშმალაშვილი – „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი
ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ დღეს ნებისმიერი მოქალაქეა დაუცველი სოციალური მიმართულებით. ჩვენს გუნდს კარგად აქვს გააზრებული, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ორიენტირებული იყოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვაზე, ადამიანის იდეოლოგიისა და შეხედულებების მიუხედავად. აუცილებელია, რომ დაცული იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც შედარებით სუსტები და ნაკლები უნარის მქონენი არიან. სამწუხაროდ, დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს, როცა ადამიანებს არ აქვთ საშუალება, მიიღონ სამედიცინო დახმარება. ისინი იჩაგრებიან იმის გამო, რომ საკუთარი სახსრებით ამას ვერ გასწვდებიან, სახელმწიფო კი მათზე არ ზრუნავს. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები, რომელთაც სურთ განათლების მიღება, მაგრამ თავიანთი სახსრებით ამას ვერ ახერხებენ. სახელმწიფო არც მათზე ზრუნავს. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ განათლებისა და მედიცინის სფერო იყოს არა მომსახურების, არამედ ინფრასტრუქტურის სფერო. სახელმწიფო თავადვე უნდა დებდეს ინვესტიციას განათლებაში. არ შეიძლება, რომ გყავდეს ადამიანი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება და რადგანაც მას ამის შესაძლებლობა არ აქვს, შენც არ ეხმარები – ეს მიუღებელია და ევროპული სტანდარტებით ასე არ ხდება.
ნიკა მაჭუტაძე – პარტიის „მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე
ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ, როგორც ერთიან სახელმწიფოებრივ კონცეპტს. ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ურთიერთგადაჯაჭვულია, საერთოდ ყველაფერი პოლიტიკაა, მათ შორის სოციალური სიდუხჭირე. ქვეყანაში გაჭირვება იმით არის გამოწვეული, რომ შეჩერებულია ეკონომიკური რეფორმები, ქვეყანაში დაუცველია კერძო საკუთრება, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებაა და იგი ხელშეუხებელი უნდა იყოს. ეს არის სამოქალაქო ცხოვრების ძირითადი წესი და უკავშირდება თავისუფლების გააზრებას. ეს არის რეკეტი, ბიზნესის მტაცებლობა და ძარცვა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში აწარმოებს ხელისუფლება. იგი ხელყოფს ქართულ წარმოებას, ქართულ ბიზნესს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თვითონ დაეპატრონოს ყველაფერს. ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ვგულისხმობთ, ამ ანტისოციალური, ანტიეკონომიკური და ანტისახელწმფოებრივი, კრიმინალური სინდიკატის მოქმედებებს. ეს მოქმედებები უკვე ნიღაბჩამოხსნილია. ამ მხილებაში უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ეგრეთ წოდებული ომეგა ჯგუფის საქმეს და მის ხელმძღვანელს, რომელმაც გააშიშვლა ხელისუფლება როგორც პოლიტიკური და მორალური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. ეს სკანდალი, მხილება ყველა იმ საკითხს განმარტავს, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის უმთავრესი წყაროა… ამაში იგულისხმება არათავისუფალი ეკონომიკა, არათავისუფალი სამართლებრივი სივრცე, არათავისუფალი პოლიტიკა, არათავისუფალი სახელმწიფო ინსტიტუტები, დამონებული და შერწყმული ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან. ამ მხილების შემდეგ ქართველი ხალხის უმთავრესი პოლიტიკური და სამართლებრივი დაკვეთა არის ბიზნესის გათავისუფლება.
გიორგი ვაშაძე – პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
მძიმე სოციალური ფონი გვაქვს: პირველ რიგში, ეს არის დაბალი პენსია და დამატებით უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტი-36 %, რომელიც პენსიონრების აბსოლუტურ უმრავლესობას ძვირადღირებული წამლის შესაძენად აქვს აღებული. გვყავს სოციალურად დაუცველები, რომლებიც საკვებში იხდიან 1.18 ლარს. ამ თანხით როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა დღის განმავლობაში, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ ვაპირებთ: 1. 30 დღეში ჩამოვაწერთ ყველა პენსიონერს უსამართლოდ მაღალ 36 %-იან სესხის პროცენტს; 2. წამლის ფასს მინიმუმ 30%-ით შევამცირებთ და წამალის ფასწარმოქმნაზე გამჭვირვალობის ევროპულ სტანდარტს დავნერგავთ, რომ არ იყოს 300-400%-იანი მოგებები და მონოპოლისტურმა კარტელურმა გარიგებებმა არ შთანთქან თავიდან ბოლომდე პენსიონერი, რომელსაც საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება უწევს; 3. პენსიების შემდგომი ზრდა, სოციალურად დაუცველის პაკეტის ზრდა და, რაც მთავარია, სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, რომ ისინი ამ გაჭირვებიდან გამოვიყვანოთ. ჩვენ საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის ნორმალური სიბერის უზრუნველყოფა გვსურს. პირველ 30 დღეში ვაპირებთ იმ სამი პუნქტის შესრულებას, რომლებიც ჩამოვთვალე: 36%-იანი სესხის პროცენტის შემცირება; 30%-ით წამლის ფასის შემცირება, ევროპულ სტანდარტს დავამკვიდრებთ სწორედ წამლის ფასწარმოქმნის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს არის ევროპული წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გადმოვიღოთ. და მესამე – ყოველწლიურად პენსიების ზრდა ეკონომიკის ზრდასთან ერთად. ჩვენი გამოთვლებით, ყოველ წელს მინიმუმ 10%-დან 15 %-მდე შევძლებთ პენსიის ზრდას, იმიტომ, რომ მინიმუმ 7%-იანი ზრდით დავიწყებთ ეკონომიკას და ავალთ 12-14%-ზე და როცა 12% და 14 %-ზე ვიქნებით, გაცილებით მეტით გავზრდით.
კითხვა N3
რა ეკონომიკური რეფორმები მიგაჩნიათ საჭიროდ?
გიორგი ხელაშვილი – ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი
ეკონომიკური რეფორმები უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მივაღწიოთ ევროკავავშირში ცხოვრების დონის მინიმალურ სტანდარტებს მაინც. შესაბამისად, უფრო მეტად უნდა იყოს დაცული საკუთრების უფლება, ბიზნესგარემო, მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს კერძო სექტორში იმისთვის, რომ მათ მეტი ფული მიიღონ, მეტი შემოსავალი ჰქონდეთ და განვითარდეს ახალი პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის იქნება, ესენია: ტექნოლოგიურად ინოვაციური სექტორები, რომელთა წყალობითაც, მეტი შემოსავალი შემოვა სახელმწიფოში. ასევე, უფრო მეტად უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა. იგეგმება 200 კმ-მდე ავტობანის დაგება არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის მიმართულებითაც. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია, გაზი, რაც მუდმივი პრობლემა იყო ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის პროდუქცია რაოდენობრივთან ერთად ხარისხობრივადაც გაუმჯობესდეს და საქართველო გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორი.
დევი ტაბიძე – „თავისუფალი დემოკრატების“ პირადი მდივანი
წარმოება და ექსპორტზე ორიენტირება არის ყველაზე მთავარი, ისევე, როგორც საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა. იცით, წინა მთავრობის პერიოდში როგორ რთულ მდგომარეობაში იყო ჩვენი ბიზნესი? სერიოზული პრობლემაა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში. ამის შესახებ ჩვენ შევიმუშავეთ ინიციატივა, რომელსაც მალე წარვადგენთ პარლამენტში. ტურიზმის საკითხიც არის ხელშესაწყობი, განსაკუთრებით სამედიცინო ტურიზმი. ვიცით, რომ ბევრი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ მკურნალობის ჩასატარებლად. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უცხოელი მოსახლეობა მივიღოთ და გავუწიოთ სამედიცინო დახმარება.
მიხეილ ქუმსიშვილი – “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი
პირველი და მთავარი გამოწვევა არის არსებულ ბაზარზე მონოპოლიების დანგრევა, ფაქტობრივად, ყველა სფერო აქვთ დაპყრობილი მსხვილ კომპანიებს, რომელთა მფლობელთა დიდი ნაწილი ან პარლამენტშია წარმოდგენილი ან არსებულ ხელისუფლებასთან არის დაახლოებული. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქართულ ეკონომიკაში. მცირე ბიზნესი მთლიანად უნდა გავათავისუფლოთ გადასახადებისგან, საშუალო ბიზნესს კი გადასახადები უნდა გავუნახევროთ. შედეგად ეკონომიკის 70% მცირე და საშუალო ბიზნესზე წამოვა, ხოლო 30% – მსხვილ ბიზნესზე. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესი ბევრად მეტ სამუშაო ადგილს ქმნის, ვიდრე მსხვილი ბიზნესი.
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
მთავარი ეკონომიკური რეფორმა ის იქნება, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ქვეყანა იყოს მიმზიდველი ინვესტიციებისათვის. როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ინვესტორს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ფული აქ დააბანდოს და არ ჰქონდეს შიში, რომ დღეს აქ ფულს ჩადებს და ხვალ სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგავს. პირველი, რაც უნდა გაკეთედეს, არის როგორც გადასახადების განაკვეთის, ასევე გადასახადების რაოდენობის შემცირება. მეორე, რა თქმა უნდა, დერეგულირებაა, რეგულაციები და ლიცენზიები ახრჩობს ბიზნესს. მესამე ბიუროკრატიისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაა. დღესვე შეიძლება, 1 მილიარდით შეამცირონ ეს ხარჯები ბიუჯეტიდან. მეოთხე საინვესტიციო გარემოს შექმნაა, საკანონმდებლო და სამართლიანი სასამართლოს ფორმითა და თანაბარი კონკურენციის უზრუნველყოფით, რომ ქვეყანაში ინვესტორს უხაროდეს შემოსვლა და ქვეყანა იყოს მიმზიდველი ინვესტიციებისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის. 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა არხით 10 მილიარდის ოდენობის უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ. შეიძლება, პირდაპირ ეკონომიკასთან არ იყოს დაკავშირებული, უმთავრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა. სადაც კორუფციაა, ყველა მცდელობა წყალშია ჩაყრილი. არა მექრთამეობას! არა კორუფციას! ეს ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში შემდგომი რეფორმები განხორციელდეს.
ზურა ღონღაძე – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
„ფაქტობრივად, ჩვენს მესამე კითხვაზე, რომელიც ეკონომიკურ პრობლემებს ეხებოდა, თქვენ უკვე გაეცით პასუხი.“
სერგი კაპანაძე – „ევროპული საქართველოს“ შტაბის უფროსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
პირველ რიგში, ეს არის გადასახადების შემცირება. დრამატულად მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის შემცირება, ქონების გადასახადი გაისად საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან კოვიდთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ ბიზნესებს, დღგ უნდა შემცირდეს 18-დან 16-მდე, მერე გადაიხედოს და დადგინდეს ე.წ გაყიდვის გადასახადი, რათა ნაკლები ბიუროკრატიული წნეხი იყოს ბიზნესზე. აქციზი უნდა შემცირდეს 25%-თ, რაც როგორც პროდუქტების, ასევე საწვავის გაიაფებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ეკონომიკურ ნაწილში პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ კერძო საკუთრების ბალანსი შეიცვალოს. დღეს მიწების 70% არის მთავრობის საკუთრებაში, მხოლოდ 30% ეკუთვნის ხალხს. უნდა მოხდეს ამის გადანაცვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან შემოვიდეს მეტი ფული, მეტი ინვესტიცია და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლებელი იქნება ბიზნესიდან ხალხმა მეტი ფული მიიღოს. ეს ციფრი საშუალოდ 2000 ლარით მეტი გამოდის ოჯახზე.
ანზორ ბიწაძე – „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ამ წინასაარჩევნო კამპანიამ ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ გასატარებელი არის ძალიან სერიოზული ღონისძიება ეკონომიკური მიმართულებით. პირველი, ეს არის ეროვნული ბანკის რეალური დამოუკიდებლობა. თუკი ჩვენ არ გვექნება რეალურად დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები, მაშინ შეუძლებელი იქნება რამე ეკონომიკური რეფორმის გატარება. რას ვხედავთ ჩვენ წინასაარჩევნოდ? ქართული ოცნება ცდილობს, როგორმე გადააგოროს 31 ოქტომბრის არჩევნები ლარის კურსით. ისინი აჩერებენ ლარის კურსს, რომ არ მივიდეს იმ ნიშნულამდე, რომელიც მოსახლეობის აღშფოთებას გამოიწვეევს და რასაც ვერანაირი პიარტექნოლოგიით ვერ გადაფარავენ. ეროვნული ბანკი აკეთებს ინტერვენციებს ყველანაირი ეკონომიკური ლოგიკის, ფისკალური ლოგიკის დარღვევით და ეს არასწორ დროს გაკეთებული არასწორი ინტერვენციები გამოიწვევს იმას, რომ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ჩვენი ვალუტა დაიწყებს სწრაფ დევალვაციას და შეიძლება, კრახამდეც კი მივიდეთ გაზაფხულზე. ასე რომ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ეროვნული ბანკის რეალურ დამოუკიდებლობას. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ყველა პარტიის დანაპირები რომ ავიღოთ, ყველაზე მოკრძალებულ შემთხვევაშიც კი, ვერცერთი დანაპირები ვერ შესრულდება, თუ ჩვენ ამ მომავალ მძიმე კრიზისში არ გვექნება საერთაშორისო დონორების დახმარება. იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ საერთაშორისო დონორების დახმარება, საჭიროა ისეთი ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენული და საკრედიტო რეიტინგის აწევას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ მეტ საგარეო დახმარებას მივიღებთ და ამას რა სჭირდება? ამას სჭირდება დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტები, ამას სჭირდება ნორმალური, კოალიციური, გამჭვირვალე მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებით დონორების დახმარების გარეშე და შეუძლებელი იქნება ამ კრიზისის გადატანა, როგორც არ უნდა ჰპირდებოდნენ ამას ჩვენს მოსახლეობას.
კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი
ტრამპის პოლიტიკას დავესესხები და მიმაჩნია, რომ ეკონომიკურ რეფორმებშიც აუცილებელია ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და იმპორტის შეზღუდვა. სამწუხაროდ, საქართველო ალბათ სუვერენულ ქვეყნებს შორის ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც ამას არ აკეთებს. ჩვენი წლიური სავაჭრო სალდო წლიდან წლამდე უარესდება. ეს უარყოფითი სავაჭრო სალოდ 5 მილიარდ დოლარზე მეტია, თითქმის 6 მილიარდ დოლარს უახლოვდება. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ თურქეთთან, უკრაინასთან, ჩინეთთან, სომხეთთან და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანასთან მიმართებით ხელი შეუწყოს კომპანიებს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაში და იმპორტზე თუნდაც შეზღუდვები დააწესოს. მაგალითად, ჩაის ქვეყანა ვართ და აბა, შეეცადეთ და რომელიმე სავაჭრო ქსელში იყიდეთ ჩაი. ციტრუსის ქვეყანა ვართ და აბა, სცადეთ და ქართული ფორთოხლის წვენი იყიდეთ. ბაზარზე 1-2 % უკავია ადგილობრივ პროდუქციას. ჩემი აზრით, ეს არის, უახლოესი წლების მთავარი საზრუნავი ჩვენთვის, როგორც ამას ტრამპი აკეთებს ჩინეთთან და მექსიკასთან. ადგილობრივი კვების პროდუქტების წილი ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზეც უნდა იყოს იმპორტის წილზე მეტი.
ლია მუხაშავრია – „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი
ჩვენი მთვარი ლოზუნგი და მთავარი საპროგრამო იდეა გახლავთ ის, რომ ამ ქვეყანაში უნდა დავამარცხოთ მონოპოლიები, პირველ რიგში, საბანკო მონოპოლიები, რომლებმაც მოახერხეს და ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღატაკეს და სოციალურად ძალიან დაბალ დონეზე დაიყვანეს. ამიტომ აუცილებელი იქნება ანტიმონოპოლიური, პოლიტიკური ნების აღსრულება. კანონმდებლობის თვალსაზრისით, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არ მუშაობს ის ინსტიტუტები და მექანიზმები, რომლებმაც უნდა განახორციელოს ანტიმონოპოლიური ნამდვილი პოლიტიკა, ეს ჩვენ უნდა შევქმნათ. ვფიქრობ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად არ გაგვიჭირდება. პირველ რიგში, უნდა დავამარცხოთ საბანკო მონოპოლია, რომელიც, ჩვენი პოზიციით, ამ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობისა და სიღატაკის უმთავრესი მიზეზია, რადგან ათასობით ადამიანმა დაკარგა არა მარტო უძრავი, არამედ მოძრავი ქონებაც საბანკო ვალებში და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს. ჩვენ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ.
ნანა დევდარიანი – “პატრიოტთა ალიანსის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
ეკონომიკური რეფორმები არ არის თვითმიზანი არცერთ ქვეყანაში. ის უნდა გაკეთეს ბუნებრივად, პირველ რიგში, მცირე, წვრილ და საშუალო ბიზნესს უნდა დავუჭიროთ მხარი. ქართული ოცნების მიერ განხორციელებული პროექტი „აწარმოე საქართველოში“ მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის არსებობს, ჩვენ კი ოჯახური ბიზნესები უნდა შევაქმნევინოთ ადამიანებს. ამისთვის ვგეგმავთ სახელმწიფო სააგენტოს შექმნას, რომელიც ერთჯერადი ხარჯით შეუძენს მათ საჭირო დანადგარებსა და მასალებს, მაგ. პლასტმასს, შესაფუთ, დანადგარ მასალას, მილებსა და ხელსახოცებს. ის, რაც ჩვენ შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან, შეიძლება ერთმა ოჯახმა აწარმოოს. ამის შედეგად მათ შემოსავალიც გაუჩნდებათ.
აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი
ფინანსური სტიმულირება და წახალისებაა საჭირო. უნდა შეიქმნას სპეციალური ბანკი სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის მონაწილეობით, მათ შორის უცხოურისაც. სახელმწიფოს წილი 25-30% უნდა იყოს, თავიდან ალბათ 50%. ეს ბანკი უკიდურესად დაბალ პროცენტში გასცემს სესხებს ნებისმიერი სახის ბიზნესის წამოსაწყებად. ალბათ ყველაზე მეტად საშუალო და მცირე ბიზნესს დაეხმარება უმუშევრობის დაძლევაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოფლად ცოტათი უნდა გაიზარდოს მიწის გადასახადი, რომ არ მოაცდინონ მიწა. ოღონდ მოსავლის აღებისა და რეალიზაციის დროს უნდა გაუქმდეს მოგებისა და სხვა ყველა გადასახადი, რათა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი თავის რჩენა სურსათით, რაც სავსებით შესაძლებელია საქართველოს პირობებში.
მალხაზ გორგასლიძე – პარტიის „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა“ თავმჯდომარე
მთელი ჩვენი რესურსი უნდა მივმართოთ ქართული ბიზნესფენის შექმნისკენ. ეს არის დემოგრაფიის მხრივ რთულ რეგიონებში ქართული ფერმერის, სოფლის მეურნეობის შექმნა, ასეთ ადგილებში უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები და ისინი უნდა იყვნენ ჩვენთვის მთავარი ფასეულობა. ადამიანის გარეშე ბუნება მხოლოდ ნატურმორტია და სხვა არაფერი. ბედნიერი ადამიანები, ბედნიერი მოქალაქეები – ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი.
გია ბერძენიძე – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” თავმჯდომარე
პირველ რიგში, საქართველოში უნდა აღდგეს სამართლიანობა, სხვა მხრივ ეკონომიკური პრობლემები ვერ მოგვარდება. მთავარია, საქართველოში შემოვიდეს ინვესტიციები, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი. ამის შედეგად დასაქმების პრობლემაც აღმოიფხვრება.
ანი შაიშმალაშვილი – „ახალი ქრისტიან დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი
ეკონომიკური რეფორმები, შეიძლება ითქვას, ყველაზე პრიორიტეტულია, რადგან თუ ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდა ქვეყანაში, სხვა ვერცერთ სფეროს ვერ გამოვასწორებთ, რადგან ყველაფრის საფუძველი არის ეკონომიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს საბანკო ვალის ეკონომიკა, რადგანაც თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია ჩაანაცვლა მონოპოლიამ და საბანკო ვალმა. სამწუხაროდ, სახელმწიფო გულგრილია ამ საკითხთან დაკავშირებით. სახელმწიფოს როლი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ბანკები ადამიანებზე ახდენენ ზეწოლას. ისედაც გაღატაკებულ ადამიანებს ბანკი კიდევ უფრო აღარიბებს. ასეთი ეკონომიკის ფარგლებში ვერანაირი განვითარება ვერ მოხდება, რადგანაც ნებისმიერი განვითარება იწყება, პირველ რიგში, ეკონომიკური განვითარებით. აქედან გამომდინარე, პირველი რეფორმები, რომლებსაც განვახორციელებთ, იქნება ბანკის მიმართულებით. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც რეგულაციებით, რათა ადამიანი აღარ დაიჩაგროს. როცა ადამიანს არ აქვს გადახდის საშუალება, არ შეიძლება, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
ნიკა მაჭუტაძე – პარტიის ,,მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე
ეკონომიკურ რეფორმებში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება სამეწარმეო ძალებისა და რესურსების გათავისუფლება, სახელმწიფო სისტემისგან მისი გამოცალკევება. კერძო საკუთრება უნდა იყოს დაცული და ახალ ხარისხსა და მასშტაბში აყვანილი, იმიტომ, რომ კერძო საკუთრების გარეშე ვერ ფუნქციონირებს და ვერ ვითარდება ეკონომიკა, რადგან ეკონომიკის საფუძველი არის კერძო საკუთრება. საქართველოში არის პოპულისტური, სოციალისტური, ბოლშევიკური ინერცია, რომლის მიხედვით, საქართველოს ქონების უდიდესი ნაწილი ეკუთვნის არა ქართველ ხალხს, არამედ სახელმწიფოს. ამას ემატება ბიზნესის შევიწროებული მდგომარეობა და მწარმოებელ ძალებსა და დამსაქმებლებზე შეტევა. ასევე, მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი წარმოებების წახალისება, რადგან ამის გარეშე სახელმწიფოს სუვერენიტეტზე პოლიტიკური გაგებითაც ჭირს საუბარი.
გიორგი ვაშაძე – პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
დღეს მთავარი პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. საბანკო სესხებმა შთანთქეს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესში თითოეული ჩვენგანი. ქართული ბანკების მოგება კაპიტალთან მიმართებით 25%-ია, მაშინ, როცა ევროპაში 7% არის საუკეთესო მაჩვენებელი ბანკებისთვის. რას ვაპირებთ? ეს არის რეფორმები ეროვნულ ბანკში, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება საბანკო სექტორისთვის, რომ მინიმუმ განახევრდეს სესხზე პროცენტი. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვაპირებ 500 მილიონით სესხის პროცენტის სუბსიდირებას ნასესხები 10 მილიარდი ლარიდან, რომელიც ევროპამ და ამერიკამ გამოგვიყვეს კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ და ჯანმრთელობის პრობლემებთან გასამკლავებლად. ამის პარალელურად ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრამები, რომლებიც შევიმუშავეთ ინვესტიციების მოსაზიდად. ეს არის: ინდუსტრიული პარკები, წარმოების განვითარება და იმ 9 ინდუსტრიული პარკის ანუ წარმოების დიდი მეგაჰაბების შექმნა საქართველოში, როგორებიცაა ავეჯის, ტექსტილის, ფარმას, განახლებადი ენერგიის, ელექტრო მანქანების და ა.შ. წარმოება. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ საქართველო გახდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი. ვიმუშავებთ, რომ სამი ტექნოლოგიური ქალაქი გვქონდეს რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომლებიც თავიანთ ოფისებს გახსნიან აქ, ამისათვის სპეციალისტების მომზადებაა საჭირო; მესამე აგრომიმართულების განვითარებაა აგროჯგუფებით. ამ მიმართულებით ძალიან მაგარი პროგრამა წარვადგინეთ. მარტივ მაგალითს გეტყვით: 90-იან წლებთან შედარებით 40%-ია დარჩენილი ჩვენი სოფლის მეურნეობის წარმადობისა, ეს გვინდა გავწიოთ, გადამამუშავებელი წარმოება საქართველოში, რომ 500 000 აუთვისებელი ჰექტარი, რაც გვაქვს სახნავ-სათესი, ავითვისოთ; მეოთხე მიმართულება ტურიზმის გაშლაა ყველა სოფელში. დავიწყებთ საპრემიერო პროგრამას – „აღმოაჩინე შენი სოფელი და გააცანი მთელ მსოფლიოს“. საჭიროა აგროტურიზმის განვითარება და სოფელში მეტი ტურისტის შეყვანა, ღვინის ტურიზმი, საოჯახო სასტუმროები და კომპლექსური მიდგომა. მთავარია კომპლექსური მიდგომა, ვიცოდეთ, რა გვინდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროფესიონალთა გუნდმა ზუსტად ვიცით, რა გვინდა და ძალიან სწრაფად მოვიტანთ ამ სიკეთეს ქვეყანაში.
კითხვა N4
როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარებისა და დევნილებთან დაკავშირებით და ზოგადად ადამიანების უფლებათა დაცვის მიმართულებით?
გიორგი ხელაშვილი – ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი
ეს არის ყველაზე მწვავე პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის და ეს გულისხმობს არა მხოლოდ ერთი, არამედ ბევრი მიმართულების გაერთიანებას. კრიტიკულად საჭირო იქნება საერთაშორისო საზოგადოების უფრო დიდი ჩართულობა და ადამიანების უფლებების ისეთ დონეზე დაცვა საქართველოს შიგნით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ოკუპანტებსაც აღარ დარჩეთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ პატივი სცენ ჩვენს მოსახლეობას. დაცულობის ხარისხმა უნდა მოიმატოს. საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს ჩართული ამაში. ასევე, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას, როგორც იცით, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი და უახლოესი წლების განმავლობაში უფრო მეტ ადამიანს მივცემთ ბინებს. ასევე, უნდა ამაღლდეს საქართველოს მოსახლეობის თანასწორობის დონე როგორც სოციალურად, ისე ეკონომიკურად, ქალსა და კაცს შორისაც უნდა იყოს თანასწორობა. ასევე, უფრო მეტად უნდა იყოს დაცული ადამიანების უფლებები იმ მიმართულებით, რომ უმცირესობებმა არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად რომელიმე სფეროში.
დევი ტაბიძე – „თავისუფალი დემოკრატების“ პირადი მდივანი
ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს ჩვენი ხედვა და ვცდილობთ, ეს საკითხი თანამეგობრობის ჩარჩოში მოვაქციოთ. აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმდინარე კონფლიქტში არ ვერევით, რადგან ორივე მეზობელია და ვცდილობთ, დავიჭიროთ ოქროს შუალედი. 600-მდე ადამიანი დაიღუპა ამ ბრძოლაში. ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ამ პრობლემას, მაგრამ რეალურად მხარი უნდა დავუჭიროთ სიმართლეს, ჩვენი ხედვა არის ევროატლანტიკური, მივისწრაფვით ევროპისკენ, ლოზუნგიც ასეთი გვაქვს: „აირჩიეთ თქვენი ევროპული მომავალი“. შემოხაზონ ნომერი 2 და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩარჩოებში მოექცეს.
მიხეილ ქუმსიშვილი – “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი
კონფლიქტების მოგვარების საკითხში ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ამერიკის ბაზის გახსნაა საქართველოში. გარდა ამისა, ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური ინტეგრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისა. ისინი იბადებიან და იზრდებიან იმ გარემოში, რომელშიც ქართველთა ზიზღს ასწავლიან. მათ ქართველების მიმართ დადებითი ემოცია არ გააჩნიათ. სოციალური ქსელების მეშვეობით, ჩვენ უნდა შევძლოთ, იქაურ ახალგაზრდებთან გვქონდეს ურთიერთობა და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩამოვიყვანოთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ აქ უნდა მიიღონ განათლება, შემდეგ კი დაგროვილი შთაბეჭდილებები ჩაიტანონ იქ და გაუზიარონ დანარჩენებს.
ასევე, უნდა გავაძლიეროთ საზღვრისპირა დაცვა, რადგან გახშირდა ადამიანთა გატაცების შემთხვევები. გვახსოვს, როგორ მოგვიკლეს ჩვენი თანამოქალაქე ენგურის ხიდთან. მსგავსი ქმედებები უნდა აღიკვეთოს. მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ ტერიტორიის დაცვის საკითხები. კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის.
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით უმძიმესი ვითარებაა. თუნდაც უდანაშაულოთა პრეზუმციის საკითხი ავიღოთ, ადამიანებს აპატიმრებენ პოლიტიკური სიმპათიებისა პოლიტიკური აქტივობის გამო. მარტო ჩვენი პარტიის რამდენი ლიდერი გამოამწყვდიეს ციხეში ივანიშვილთან და მის პარტიასთან დაკავშირებული ადამიანების ბიზნესინტერესების გამო. ბოლოს რაც მოხდა ე.წ კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ეს ხომ კატასტროფული სიტუაციაა. უდანაშაულოთა პრეზუმცია ქვეყანაში არ არსებობს. ადამიანს მთავრობა და სახელმწიფო აცხადებენ მოღალატედ ისე, რომ არავის ეს არ დაუდასტურებია და ვერც დაუდასტურდება. ამას მხოლოდ პოლიტიკური მიზნით იყენებენ. გეგმა გვაქვს, ქვეყანაში დამყარდეს ისეთი სამართლებრივი რეჟიმი, რომ ადამიანის ყველა უფლება იყოს დაცული, შრომის უფლებით დაწყებული, რომელშიც არ იქნება დისკრიმინაცია და დისკრიმინაციული კანონი რეალურად იმუშავებს ქვეყანაში. აქ უმცირესობების უფლებებიც იქნება დაცული. რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, მხარში უნდა ამოვუდგეთ მათ. ხალხი ამდენი ათეული წელიწადია უბინაოდაა და საშინელ მდგომარეობაშია. პირველ რიგში, ისინი უნდა უზრუნველვყოთ საბინაო ფონდით, ამის გაკეთება ძალიან მარტივია. თუკი იქნება გამოყოფილი თანხა, შესაძლებელი იქნება ამ ადამიანების უზრუნველყოფა ელემენტარული სამუშაო ადგილებითა და ბინით და იმ საარსებო საშუალებებით, რომლებიც მათ არ გააჩნიათ.
ზურა ღონღაძე – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
რაც შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, უპირველესი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევძლოთ მოლაპარაკება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან ოკუპანტი ქვეყნის ჩარევის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ამ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები – ამერიკა, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ კონფლიქტის მოგვარებაში. ბუნებრივია, გართულებულია ამ კუთხით სიტუაცია, რადგან რუსეთი არ თმობს ამ ტერიტორიებს. მას სურს, რომ ამ ტერიტორიების მეშვეობით გავლენა მოახდინოს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. არსებობს ყალბი დაპირებებიც, თითქოს ვიღაცა საუბრობს ნეიტრალიტეტზე, თუმცა ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ ისევ და ისევ სახელმწიფოს გაძლიერებით. საქართველოს ყველა პრობლემის თავი და თავი არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ჯარითა და მიმზიდველი ცხოვრების პირობებით. აფხაზი და ოსი ერის წარმომადგენლებს უნდა გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაბრუნდნენ საქართველოში და არ იყვნენ ისეთ დამონებულ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არიან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ ცხოვრობენ ამ ორ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. რაც შეეხება დევნილების საკითხს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ხალხს იმიტომ, რომ სწორედ მძიმე სოციალური პირობები იწვევს მათ ნიჰილიზმს, რომ როდესმე დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში. ამიტომ აუცილებელია სოციალური დახმარება, სამუშაო ადგილები. ეს ხალხი უნდა დასაქმდეს.
სერგი კაპანაძე – „ევროპული საქართველოს“ შტაბის უფროსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ჩვენთვის პრინციპული უნდა იყოს ამ ოკუპირებული რეგიონების სტატუსის შენარჩუნება, აქტიური ანტიანექსიური პოლიტიკის შემუმავება, რაც დღეს არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, ისიც ჩვენ დროს შემუშავებული, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. კარგია, რომ ეს გრძელდება, მაგრამ ანტიანექსიური პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთთან დაკავშირებით ”აგრესიულები“ უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, სანქციების რეჟიმებში, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ დაწესებული რუსეთისთვის, ჩვენი პრობლემაც, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც მოხვდეს. უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები უკრაინასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებების გზით ვაიძულოთ მოსკოვი, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი საერთაშორისო ფორმატები უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანია, ჩართულობის პოლიტიკა გაიზარდოს და გადაადგილება მეტად იყოს შესაძლებელი – ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. დევნილებს რაც შეეხებათ, მათ დახმარება უნდა გავუზარდოთ და ეს სავსებით შესაძლებელია. ის დევნილები უნდა დავაკმაყოფილოთ საცხოვრებელი ადგილებით, რომელთაც ეს ჯერ კიდევ არ აქვთ. მათ მიმართ უნდა იყოს მაქსიმალური ინტეგრაციისა და წახალისების პოლიტიკა. უნდა მოხდეს ე.წ შემორჩენილი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმირება, იქ ძალიან ბევრი ფული იფლანგება. რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. დევნილებს არ ეთქმით სიტყვა, თუ ვინ უნდა იყოს ხელმძღვანელი. ისევ ძველი სახეები არიან. ეს არ არის სწორი, ეს ძალიან პრობლემური საკითხია.
ანზორ ბიწაძე – „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
საკმაოდ აქტიური პოლიტიკა გვექნება. ის პოლიტიკა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა სტრატეგიულ მოთმინებასთან დაკავშირებით, არანაირად არ ამართლებს. აუცილებლად ჩვენ განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში და როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში დავაბრუნოთ საქართველოს საკითხი, რადგან გავა ორი კვირა და გადმოსწევენ საზღვარს, გავა კიდევ ორი კვირა და კიდევ გადმოწევენ, კიდევ ერთი კვირის შემდეგ ადამიანი გაიღვიძებს და საკუთარი ბოსტანი უკვე საოკუპაციო ხაზს იქით ექნება. რა თქმა უნდა, აუცილებელია დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ძალიან პრინციპული და გამჭვირვალე დიალოგი და არა ვიღაც-ვიღაცების ჩუმჩუმად სიარული გაურკვეველი მიზეზებითა და ვიზიტებით. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს უნდა იყოს საქართველოს ინტერესების დასაცავად და ამაში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, ისეთი, როგორიც ეუთოა, იმისათვის, რომ ჩვენ არ დავრჩეთ პირისპირ ამ უკანონო ბორდერიზაციის წინაშე. ამდენი პრობლემა გვაქვს, პანდემია გვიტევს, ეკონომიკური კრიზისი გვიწევს და ქვეყნის მთავარი მაგისტრალიდან უკვე კარგად ჩანს, როგორ ახლოს გადმოვიდა ეს საზღვრები. ეს სასწრაფოდ არის გასაჩერებელი. ამას სჭირდება პროფესიონალების მიერ წარმოებული აქტიური საგარეო პოლიტიკა და არა შემთხვევით და სხვადასხვა დედაქალაქში სასეირნოდ მოსიარულე დიპლომატებისა. რაც შეეხება ადამიანების უფლებების დაცვას, მე ძალიან მიჭირს უკვე ამაზე საუბარი. ნამდვილად არ ველოდი, ამდენი რევოლუციისა და 30-წლიანი წვალების შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა, რომ ადამიანების უფლებებზე კიდევ ვისაუბრებდით. პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ არჩევნებამდე, ის არის, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთ უმთავრეს უფლებას, ეს ხმის უფლებაა. ჩვენ დავიცავთ მათ ხმებს, რომ არ მოიპარონ და გარწმუნებთ, საქართველოში, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება ტრადიცია, რომ ადამიანების ხმას ვერავინ ვერ მოიპარავს და არჩევნები იქნება სამართლიანი, ადამიანის ყველა სხვა ძირითადი უფლება დაცული იქნება. ერთადერთი გზა ამის მისაღწევად არის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების საშუალება გვქონდეს 21-ე საუკუნეში, ამ 30-წლიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, რომლითაც ჩვენმა ხალხმა დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა. ამას ჩვენი ამომრჩეველი ნამდვილად იმსახურებს.
კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი
ადამიანის უფლებებით დავიწყებ, ეს შედარებით გაცვეთილი თემაა. აუცილებელია ე.წ მურუსიძისა და შოთაძის კლანის მოცილება და მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაცია. რაც შეეხება კონფლიქტებს, ეს ყველაზე რთული საკითხია ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე და არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებზე არ არის დამოკიდებული. ეს საერთაშორისო აქტორებსაც ეხებათ. მიმდინარეობს რუსულ-ქართული დიალოგი რამდენიმე ფორმატში, თუმცა იქ დღის წესრიგში ძირითადად ეკონომიკური პრობლემატიკის საკითხებია. ეკონომიკაც მნიშვნელოვანია, თუმცა, ვფიქრობ, რომ, როცა აბაშიძე და კარასინი ერთმანეთს ხვდებიან, წყალტუბოდან რუსეთში ცერეცოს გატანა არ უნდა იყოს პირველი საკითხი. დღის წესრიგში ის საკითხები უნდა დადგეს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. 8 წელია, ამ ფორმატის შეხვედრებზე არ მოგვისმენია არაფერი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რუსეთთან უნდა დაიწყოს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური დიალოგი, პირველი საკითხი ჰუმანიტარული პრობლემის გადაწყვეტა უნდა იყოს, თუნდაც იმის გამო, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის პირობებში ახლა ამისათვის ძალიან ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.
ლია მუხაშავრია – „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ დავივიწყეთ აფხაზეთი და ცხინვალი. ხელისუფლება ამ მიმართულებით არ მუშაობს. მე დავიბადე გალში, დედაც გალიდან იყო. იქ მყავს ნათესავები. ჩემთვის აფხაზეთის პრობლემა ქვეყნის პრობლემა კი არ არის, ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა, იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. ახლაც ვცდილობ, როდესაც მომეცემა შესაძლებლობა, იქ ჩავიდე. პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს უნდა გაეზარდოთ ანაზღაურება. თუ ისინი მუშაობენ, მათ უნდა მიიღონ ორმაგი და სამმაგი ხელფასი. ამით მაინც უნდა გავუწიოთ მათ რაღაც შეღავათი იმის გამო, რომ ისინი გმირულად აგრძელებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებას. ეს ეხება პენსიებსაც, შემწეობებსაც. მეორე მხრივ, დიპლომატიური არხებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ის ხაზი უნდა გავაგრძელოთ, რომელიც არსებობს, მაგრამ არაეფექტურია. საჭირო იქნება ახალი მექანიზმების შემუშავება. როგორც კი მივაღწევთ ეკონომიკის გაჯანსაღებასა და საზოგადოების კეთილდღეობას, ამ ქვეყანაში გამოსწორდება ადამიანთა დაოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრება, ფინანსური ვითარება შეიცლება ადამიანთა საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, რომ მათაც ექნებათ სურვილი, რომ აღდგეს ჩვენი ურთიერთობები, რომ დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები და ადამიანებიც დავაბრუნოთ, ოღონდ იმ ყველა პირობისა და პრინციპის დაცვით, რომლებიც საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული და რასაც ჩვენც ვუერთდებით.
ნანა დევდარიანი – “პატრიოტთა ალიანსის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
პატრიოტთა ალიანსი არის ერთადერთი ძალა, რომელიც ამბობს, რომ ეს პრობლემები არ მოგვარდება სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან დიალოგის დაწყების გარეშე. ჩვენი ოპონენტები კი ამბობენ, რომ რუსეთს არ უნდა დაველაპარაკოთ. გეთანხმებით, ჩვენ რომ გვქონდეს მიტაცებული კრასნოდარისა და სტავროპოვის მხარე, არც მე დაველაპარაკებოდი რუსეთს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, აუცილებელი ფაქტორია დევნილთა ღირსეული დაბრუნება. ყველაზე დიდ შეცდომას პოლიტიკოსები უშვებენ, როცა იყენებენ ტერმინს „ტერიტორიული მთლიანობა“. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ადამიანები კი არ გვაინტერესებს, არამედ ტერიტორია. ეს ფრაზა ერთმანეთს გვაშორებს.
აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი
დავიწყოთ დევნილებით. ყველა უნდა დაკმაყოფილდეს ბინით, უფრო სწრაფი ტემპით. ისინი ათიათასობით არიან და წელიწადში მხოლოდ 1000-მდე ბინა გაიცემა. სახელმწიფოს შეუძლია, კერძო კომპანიას დაუკვეთოს ეს, რამდენიმე წელში კი ყველას დააკმაყოფილებენ. რაც შეეხება კონფლიქტებსა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, ისახება ტენდენცია, რომ აფხაზეთის ახალ პრეზიდენტს ჩვენთან დალაპარაკების სურვილი აქვს. იგი ორჯერ მოწამლეს, როგორც ჩანს, ამ მიზეზით. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ვილაპარაკოთ მათთან. ბევრ რამეზე შეიძლება ლაპარაკი, ოღონდ ცალმხრივი დათმობები არ უნდა იყოს. მაგალითისთვის, თუ საუბარია თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე, ჩვენთან ბევრს ჰგონია, რომ ეს გულისხმობს ჩვენი მხრიდან მათ აღიარებას. ამაზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ შეგვიძალია საერთაშორისო სტრუქტურების გავლით მათთან წარვმართოთ მოლაპარაკება სტატუსის შესახებ და ამ პირობით მივაღწიოთ შეთანხმებებს თუნდაც თავდაუსხმელობისა და რკინიგზის აღდგენის შესახებ.
მალხაზ გორგასლიძე – პარტიის „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა“ თავმჯდომარე
ეს არის შიდა პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენს შემთხვევაში. ვაკვირდებით სხვა პარტიებს და, ფაქტობრივად, არანაირი კონცეფცია არ აქვთ. ჩვენ ეს გაგვაჩნია, იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მისი ტერიტორიული მთლიანობა დგას 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე, როდესაც ყველამ – საქართველოს მოსახლეობამ, ასევე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში აფხაზებმაც, ოსებმაც – ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას ამ გეოგრაფიულ არეალში. ქართველებმა, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, შევათანხმეთ სამართლებრივი თანაცხოვრების მექანიზმები როგორც ოსეთთან, ისე აფხაზეთთან. მოგეხსენებათ, ვლადისლავ არძინბა იყო აკაკი ასათიანის მოადგილე, ანუ უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე. ამას აღიარებდნენ თვითონ რუსებიც და ამბობდნენ, რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკის დამსახურებით, ომმა 1 წლით გადაიწია. თუ დააკვირდებით, ყირიმის ანექსიის დროს, ვგულსხმობ რუსების მიერ ყირიმის უახლოეს ანექსიას, პუტინის მთავარი არგუმენტი იყო, რომ მათ ყირიმში ჩაატარეს რეფერენდუმი. ჩვენ ეს რეფერენდუმი მშვიდობიან პირობებში ჩავატარეთ საქართველოში. ამაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და ეს მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რათა დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. სხვა მექანიზმი არ არსებობს. ამას ზვიადის შემდგომი ხელისუფლებები ებრძოდნენ, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს, რადგან მძლავრი მექანიზმებია ჩადებული.
გია ბერძენიძე – “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” თავმჯდომარე
ჩვენ ვართ ომის ვეტერანები. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის. არჩევანი უნდა გააკეთოს ხალხმა, ვის მისცეს ხმა, იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ, თუ იმათ, ვინც საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის. ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვძებნოთ სახალხო დიპლომატიის გზით. ვეტერანები დაფასებული უნდა იყვნენ, მათ მხოლოდ 22 ლარი არ უნდა ჰქონდეთ შემოსავალი. ჩვენთან პარტიაში 500-მდე პოლკოვნიკი და მაიორია, რომლებიც იბრძოდნენ სახელმწიფოსთვის.
ანი შაიშმალაშვილი – „ახალი ქრისტიან დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი
ეს ძალიან მძიმე თემაა ჩვენი რეალობისთვის, თუმცა ჩვენ ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ და, აქედან გამომდინარე, გვაქვს ძალიან რეალური მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. კონფლიქტების მოგვარება მოლაპარაკებების მაგიდასთან ცივილური, დიპლომატიური გზით უნდა ხდებოდეს. ეს არის მთავარი ხერხი, რომელსაც განვიხილავთ კონფლიქტების მოსაგვარებლად. რაც შეეხება დევნილებსა და ადამიანის უფლებების დაცვას. როგორ შეიძლება, აფხაზებს ვუთხრათ, რომ მოვიდნენ ჩვენთან, როცა საკუთარი ქვეყნიდან გარბიან ჩვენი მოქალაქეები. არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდაა თუ არა, ყველა ადამიანი, რომელსაც ეძლევა შანსი, ცდილობს, რომ ქვეყნიდან წავიდეს, რადგან აქ პერსპექტივას ვერ ხედავს. ისევ ეკონომიკურ მდგომარეობამდე მივდივართ. იქამდე, სანამ ამ პრობლემას არ მოვაწესრიგებთ, სანამ ჩვენი მოქალაქეები არ იგრძნობენ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს და დაცულები არიან, სანამ სახელმწიფო არ შეეცდება, შექმნას პერსპექტიული გარემო, მანამდე ვერ მოგვარდება სხვა დანარჩენი პრობლემა.
ნიკა მაჭუტაძე – პარტიის „მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე
ჩვენ დღეს ვხედავთ კაპიტულანტურ დამოკიდებულებას ოკუპანტი რუსეთის მიმართ. ჩვენ დღეს ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებასა და პოლიტიკას თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო ზოლთან არ მუშაობენ მონიტორინგის ჯგუფები. ვხედავთ, რომ გადმოდიან ოკუპანტები და მათ მიერ დაქვემდებარებული სეპარატისტები და იტაცებენ ადამიანებს, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, კლავენ, აწამებენ, ითხოვენ გამოსასყიდებს – ეს ყველაფერი არის რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის შედეგი. საქართველოს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხია ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც მიმზიდველი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სწორი ეკონომიკური, სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური რეფორმების შედეგად ჩვენ, „ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიცია“, მოვახერხებთ, რომ ოკუპაცია შესუსტდეს და მისი სისასტიკე დაიძლიოს.
გიორგი ვაშაძე – პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
დამირეკეს, რომ ქუთაისში დევნილების სახლები გაანაწილეს. ვინც აფხაზეთის უზენაეს საბჭოში მუშაობს, უკვე მეოთხე და მეხუთე ბინას იღებს და ვისაც რეალურად სჭირდება ეს ბინები, მათ არ აკმაყოფილებენ. ჩვენ ვაპირებთ, რომ წელიწად-ნახევარში დევნილების ბინით უზრუნველყოფა დავასრულოთ. როგორ შეიძლება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე – გალში, ოჩამჩირეში, სოხუმსა და ცხინვალში მაცხოვრებელ ადამიანს, საქართველოსთან ინტეგრაციის ინტერესი ჰქონდეს, როცა ხედავს, როგორ მძიმე ვითარებაში არის დევნილი, რომელიც იქედან აქ არის წამოსული. 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა კონფლიქტი გვქონდა, ვერ უზრუნველვყავით ეს ყველაფერი. ბინებით უზრუნველყოფის საკითხი აუცილებლად სწრაფად უნდა დავასრულოთ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საოკუპაციო ზოლთან ეკონომიკური აქტივობა გავზარდოთ. არ უნდა იცვლებოდეს სოფლები, იქ უნდა იყოს ეკონომიკური აქტივობა. ამისთვის სპეციალური პროგრამები გვაქვს, რომ სწორედ აგროჯგუფებში ჩავრთოთ საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე ტერიტორიები, რომ აქტიური ეკონომიკური განვითარება იყოს. მესამე – ეს არის ძალიან მძლავრი საინფორმაციო კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ და ჩვენ უბრალოდ გვინდა ნორმალური განვითარება ამ ქვეყანაში და ეს ოკუპაცია ისევე უშლის ხელს მათ, როგორც ჩვენ. ასევე მთავარია საერთაშორისო ასპარეზი, რომელიც, ფაქტობრივად, გაქრა. მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ჟენევის ფორმატის მკაფიოდ გამოყენება, ორმხრივი თანამშრომლობა გერმანიასთან, პოლონეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა იყოს მთავარი განხილვის საგანი რუსეთთან ურთიერთობის დროს, რომ ყოველდღიურად არ იტაცებდნენ ხალხს. ვფიქრობ, რომ გეგმაზომიერი სტრატეგიის პირობებში, საშუალოვადიან პერიოდში, შეგვიძლია, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, მაგრამ ამას სჭირდება სტრატეგია, გათვლილი გეგმა და არა ქაოტური ქმედებები, რომლებსაც დღეს ვხედავთ.
კითხვა N5
როგორია თქვენი გეგმები გარემოს დაცვის სფეროში?
გიორგი ხელაშვილი – ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი
გარემოს დაცვა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა და საზოგადოებაც მიხვდა, რომ არის საკითხები, რომლებიც ერთ დროს მიჩუმათებული იყო, მაგრამ ახლა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს თავიდანვე ქართული ოცნების პრიორიტეტი იყო. ჰაერის, ატმოსფეროს, წყლის დაბინძურების პრობლემები, ტყეების დაცულობა, მოსახლეობის უზრუნველყოფა სუფთა და ჯანსაღი პროდუქტებით – ეს არის მიზნები, რომელთა შესრულებასაც აუცილებლად შევეცდებით 4 წლის განმავლობაში.
დევი ტაბიძე – „თავისუფალი დემოკრატების“ პირადი მდივანი
ეს ძალიან რთული პრობლემაა. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ეხება გარემოს დაცვასა და კლიმატური პრობლემების მოგვარების თემას. გარემო პირობები და ტემპერატურა იცვლება ძალიან სწრაფად. კანონში უნდა შევიდეს საკანონმდებლო და დარგობრივი მიმართულებით სერიოზული ცვლილებები. დღეს ქალაქი თბილისი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშია დაბინძურების კოეფიციენტის მიხედვით. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ნაკლები ბეტონის შენობა იყოს, ჩვენმა შვილებმა რომ ჯანსაღად ისუნთქონ.
მიხეილ ქუმსიშვილი – “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი
სამწუხაროდ, გარემოს დაცვის კუთხითაც არ გვაქვს სახარბიელოდ საქმე, მე რუსთავში ვიყრი კენჭს მაჟორიტარად. დაბინძურების მაჩვენებლის მიხედვით, რუსთავი ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქალქია. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. არ უნდა შევუწყოთ ხელი ისეთი საწარმოების არსებობას, რომლებიც ყველანაირ სტანდარტებს არღვევენ და აბინძურებენ გარემოს. სახელმწიფომ ისინი უნდა დაავალდებულოს, რომ დააყენონ შესაბამისი სტანდარტების მქონე ფილტრები. თუკი ამ პირობას არ შეასრულებენ, სახელმწიფომ ასეთ კომპანიებს უნდა შეუწყვიტოს საწარმოო პროცესის ჩატარების უფლება.
გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში უნდა აიკრძალოს დიდი ჰესების მშენებლობა. არანაირი აუცილებლობა არ არის ასეთი ჰესების არსებობისა. ჩვენ უნდა გადავიდეთ ელექტრო ენერგიის მიღების ალტერნატიულ საშუალებებზე, როგორებიცაა მზისა და ქარის ენერგია. არსებული ჰესების რეაბილიტაციის შედეგად, შესაძლებელია მათი წარმადობის 30 პროცენტით გაზრდა. აი, ამ მიდგომებით ჩვენ შევძლებთ, გავაჯანსაღოთ ეკოლოგიური მდგომარეობა.
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ისევ ეკონომიკამდე მივდივართ, თუკი ეკონომიკა გაიზრდება და მეტი რესურსი გვექნება, ამ მიმართულებასაც ეშველება. მაგალითად, ავიღოთ საავტომობილო პარკი, რომელიც ყველაზე დიდი პრობლემაა თბილისში ჰაერის დაბინძურების კუთხით. საქართველოში 1 მილიონზე მეტი მსუბუქი ავტომობილია, აქედან თითქმის 99% ძველი, ნახმარი და მეორადია. ეს არის ღატაკი ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლო, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ არის, როდესაც უხარისხო საწვავია, გარემოს დაცვის ყველა ღონისძიება უნდა განხორციელდეს თანდათანობით როგორც ადმინისტრაციული, ისე ეკონომიკური ზომების გატარებით, რადგან ეკონომიკაა ამის საფუძველი.
ზურა ღონღაძე – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
გარემოს დაცვის სფერო ცოტა რთულად არის ჩვენთან. თუ არ ჩავთვლით დიდ ჰესებსა და სხვადასხვა გაუთვლელ პროექტს, რომელთა განხორციელებაც ზიანს აყენებს ჩვენს გარემოს, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა თბილისის იერსახეა. ჩემი თაობის ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვთ, თუ როგორი გამწვანებული ქალაქი იყო თბილისი, დღეს კი ხეებისა და მწვანე გარემოს ადგილას კორპუსებია აშენებული. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება გათვლილი პოლიტიკა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, სხვადასხვა საწარმოს აშენება და ზოგადად მშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა უშლიდეს ხელს ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას და არ უქმნიდეს მას საფრთხეს. ამ მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩავრთოთ სპეციალისტები არა მარტო ჩვენი ქვეყნიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც, რათა მათ ზუსტად განსაზღვრონ ის მიმართულებები, რომელთა კუთხითაც არის სამუშაო ჩასატარებელი. ბუნებრივია, გასაწმენდია წყლები, ნებისმიერი მდინარე, ზღვა და ასე შემდეგ.
სერგი კაპანაძე – „ევროპული საქართველოს“ შტაბის უფროსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც მთავრობას აქვს ამ სფეროში, პირდაპირ უკავშირდება იმას რომ კომპანიებს, რომლებიც აბინძურებენ გარემოს, უნდა შეექმნათ პირობები იმისთვის, რომ მეტი ფული დახარჯონ, რათა გარემო იყოს დაცული. ჩვენ არ ვართ მომხრე, რომ მხოლოდ და მხოლოდ რეგულაციებით ხდებოდეს ამ პრობლემის გადაჭრა, ვერც რეგულაციები და ვერც კანონი ვერ აგვარებს ხოლმე პრობლემას, იმიტომ, რომ მერე საქმეში შემოდის კორუმპირებული და დამორჩილებული სასამართლო. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა კანონი მიღებულია, მაგრამ არ სრულდება, რადგან სასამართლოში ისევ არის კონტროლი. მისივე ნაწილია სასამართლო რეფორმა. როცა ადამიანი ან გარემო ზიანდება, მან იცის, რომ აზრი არ აქვს სასამართლოში წასვლას, რადგან რეალურად რეგულაცია არ მოქმედებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თუ ჩვენ ვამცირებთ გადასახადებს, ეს უფრო მეტ ფულს უტოვებს ბიზნესს. შეგვიძლია, მათ პირობები წავუყენოთ, რომ გარემო უფრო დაცული იყოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის სტანდარტები, იგივე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, უნდა შესრულდეს, მაგრამ ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს ზემოდან ქვემოთ მკაცრი რეგულაციებით უბრალოდ დიქტატი, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში არ მუშაობს ეს. მით უმეტეს, თუ არ არის თავისუფალი სასამართლო. სასამართლოში მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ნაფიცი მსაჯულები, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეებს უნდა განიხილავდეს ხალხი და არა მოსყიდული მოსამართლეები. იმისთვის, რომ აზრი დაეკარგოს მოსამართლეზე კონტროლს, ზედა ინსტანციაში უნდა იყვნენ უცხოელი მოსამართლეები, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო გათავისუფლდება და მოგვარდება ისეთი პრობლემები, რომლებიც ახლა გვაქვს. მაგალითად, უცხოელი ინვესტორები გარბიან საქართველოდან იმიტომ, რომ სასამართლოში ვერ პოულობენ სამართალს. თუ ეს პრობლემები მოგვარდება, მეტი ფული შემოვა და მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
ანზორ ბიწაძე – „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ის, რომ რეგულაციები გასამკაცრებელია, მგონი, ამაზე დავა აღარ ღირს. ჩვენ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა, და ეს ყველასათვის ხელმისაწვდომია, როგორ მოიმატა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა ადამიანებში იმიტომ, რომ შემოდის უხარისხო საწვავი, არ არის კარგად გამართული ტრანსპორტი. ის ტექნიკური დათვალიერების სქემა, რომელიც შემოგვთავაზეს, მხოლოდ და მხოლოდ კორუფციის დამატებით წყაროდ შეგვრჩა ხელში. ჰაერის გაუმჯობესება არ იგრძნობა ჩვენს დედაქალაქში, არც სხვა ქალაქებში. გვაქვს სასმელი წყლის პრობლემა, რომელზეც იშვიათად საუბრობენ. გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი არის სასმელი წყლის საკითხი. უმეტეს რეგიონში არავინ ამოწმებს, სინჯებსაც კი არ იღებს, თუ რანაირ სასმელ წყალს იღებენ ჩვენი თანამოქალაქეები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც და გარემოს დაცვისთვისაც. ასევე, ვფიქრობ, რომ უნდა შედგეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის იმასთან დაკავშირებით, გვჭირდება თუ არა, ან გვინდა თუ არა განსაკუთრებით დიდი ჰესების აშენება ქვეყანაში. ჰესების მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემას იწვევს ზოგიერთ რეგიონში. ეკონომიკა რომ გადავარჩინოთ, ჩვენ უნდა გვქონდეს იაფი ელექტროენერგია, ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. მაგრამ უნდა შევიმუშაოთ პროტოკოლი, თუ სად შეგვეძლება ან აიკრძალება ასეთი მეგამშენებლობები. მოკლედ, სამუშაო ყველა მიმართულებით ბევრია. ყველას მოვუწოდებ, მობრძანდით არჩევნებზე, გააკეთეთ თქვენი არჩევანი, ნურავის დაუტოვებთ თქვენს ბიულეტენს სამანიპულაციოდ და აუცილებლად დადგება ქვეყანაში ის დრო, როდესაც საქმეს გააკეთებენ პროფესიონალები, მიუხედავად თავიანთი პარტიული კუთვნილებისა.
კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი
ძალიან აქტუალური თემაა ნამდვილად, თუმცა უფრო მეტად აქტუალური ჩვენი ოჯახებისათვის და ჩვენი საზოგადოებისთვისაა. არც ჩვენი პოლიტიკის და არც ჩვენი მედიის დღის წესრიგში ეს საკითხი პრიორიტეტული არ არის. მე გავზომე ჩემი შვილების სისხლში ტყვიის შემცველობა და ვიცი, რომ ამას ბევრი არ აკეთებს. საქართველოში ევროპის მასშტაბით გვაქვს ყველაზე საშინელი მაჩვენებელი და როცა ქართველ ბავშვებს რკინის შემცველობას უზომავენ, უკვირთ, ჩერნობილიდან ხომ არ ჩამოდიხართო. ამის გამომწვევი ზუსტი მიზეზებიც არ არის დადგენილი, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ამას იწვევს, ჰაერში გამონაბოლქვის შემცველობაა, რაც ჩვენთან საერთოდ არ კონტროლდება, ეს არის უხარისხო პროდუქციის იმპორტი სხვადასხვა არაევროპული ქვეყნიდან, რაც პირდაპირ აისახება გარემოს მდგომარეობაზე. ვფიქრობ, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტი, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, კომერციული თუ გარემოს დაცვის ინტერესები. მაგალითად, ვერცერთმა მთავრობამ ვერ მიაღწია იმას, რომ თბილისში აკრძალულიყო მაღალსართულიანი მშენებლობები, არ სჭირდება ამ ქალაქს მეტი საცხოვრებელი ფართი. უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები, რომ, რაც თბილისში თავისუფალი რესურსია, მოხმარდეს მწვანე ზონას და არა ახალი კორპუსების მშენებლობას. მარტივია სათქმელად, მაგრამ იმისათვის, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, გვჭირდება არაკორუმპირებული მთავრობა.
ლია მუხაშავრია – „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი
გარემოს დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი. ჩვენ ვიცით, რომ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია. მე პირადად რამდენიმე წლის წინ გადავსახლდი სოფელში სწორედ იმის გამო, რომ ეკოლოგიური პრობლემებია. ვფიქრობ, რომ აუცილებელია დაინტერესებული პროფესიონალების მოწვევა და მათთან ერთად ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ვითარება შეიცვალოს. ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გაკეთდეს, იმ მონოპოლიის დამარცხებაა, რომელიც სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაშია და რომელიც ბენზინით მომარაგების სფეროს შეცვლას გულისხმობს. ეკოლოგიის გაჯანსაღება ძალიან მარტივად შეიძლება, თუკი ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში უხარისხო ბენზინითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას, რომელიც სწორედ მონოპოლიების მიერ არის ამ ქვეყანაში ასე ფართოდ შესაძლებელი.
ნანა დევდარიანი – “პატრიოტთა ალიანსის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
მთელი თბილისის შემოგარენი მოფენილია ცელოფნის პარკებით. ფირმამ, რომელიც ამ ცელოფნისგან მეორად პროდუქტს აწარმოებს, უნდა გადაიხადოს ლიცენზიის თანხა, 2 ათასი ლარი ყოველწლიურად. ასეთი უაზრო რეგულაციები უნდა დამთავრდეს, სახელმწიფომ არ უნდა აიღოს ასეთი კომპანიებისგან ფული. ჰაერიც და დედამიწაც საერთოა და ყველას გვჭირდება.
აკაკი ასათიანი – ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი
ვერ გეტყვით, რომ რამე განსაკუთრებული გეგმები გვაქვს. ერთს გეტყვით, რომ ეს მიმართულება უნდა გამოეყოს სოფლის მეურნეობას, რადგან არ შეიძლება ის, ვინც სარგებლობს, საკუთარ თავს უწესებდეს შეზღუდვებს. უნდა არსებობდეს პრეზიდენტის ან პრემიერის დაქვემდებარებაში ცალკე უწყება, რომელიც ყველასგან დამოუკიდებელი და მაქსიმალურად მკაცრი იქნება ამ საქმეში.
მალხაზ გორგასლიძე – პარტიის „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა“ თავმჯდომარე
გარემოს დაცვა პირდაპირ კავშირშია ერისა და საზოგადოების ჯანმრთელობასთან. სახელმწიფო აქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. პირველ რიგში, ყველა საწარმო უნდა გადამოწმდეს და უნდა გაკეთდეს სრული ანალიზი, რა უარყოფით შედეგებს ახდენს ის გარემოზე. მოგეხსენებათ, რუსთავშიც და სხვა ქალაქებშიც მძიმე ეკოლოგიური ვითარებაა და ამას ყველაფერს სახელმწიფომ უნდა მიხედოს. სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს, სოფლის მეურნეობაში რომელი შხამქიმიკატები და პესტიციდები გამოიყენება და რა შედეგს აძლევს ნიადაგს. ძალიან მკაცრად უნდა მოწმდებოდეს შემოტანილი პროდუქცია. რაც შეეხება ზოგადად ეკოლოგიას, მოგეხსენებათ, საქართველო ისედაც მძიმე სეისმურ ზონაშია. ვფიქრობ, რომ, როგორც ევროპიდან გვაძლევენ რეკომენდაციას, დიდი ჰესების მშენებლობა საერთოდ უნდა შეწყდეს. ხე-ტყის ასეთი გაურკვეველი ჭრა უნდა აიკრძალოს. ეს იწვევს ყველაფერ იმას, რასაც მერე წვიმიან სეზონებზე ვხედავთ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელმწიფო უნდა გადავიდეს სხვა განახლებად ენერგიაზე, სახელმწიფომ თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობა უნდა დაიცვას.
გია ბერძენიძე – “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” თავმჯდომარე
გარემოს დაცვა ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა საქართველოში. პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს ხეების ჭრა. შემდეგ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობა. უნდა დაწესდეს საწვავზე კონტროლი, რომ არ დაბინძურდეს გარემო. დაბინძურებული გარემო იწვევს ბევრ დაავადებას, როგორებიცაა, მაგალითად, გულისა და სუნთქვის პრობლემები. ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ანი შაიშმალაშვილი – ახალი ქრისტიან დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი
ამ კითხვაზე მარტივად გიპასუხებთ, შორეულ საკითხებზე არ დავიწყებ საუბარს. ძალიან მარტივია, როცა შემოიღეს მანქანების ტექნიკური დათვალიერების კანონი, მან ვერ მოაგვარა ყველაზე დიდი პრობლემა. სამარშრუტო ტაქსები ისევ ისე აბინძურებენ გარემოს, როგორც მანამდე. ამ კანონით გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე გაისქელეს ჯიბეები. თუნდაც, როდესაც გადაჭრელებულია ხოლმე ქალაქი პლაკატებით, ხომ შეიძლება შემდეგ ამის მოწესრიგება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს პლაკატები შემდეგ არჩევნებამდე დარჩება. ელემენტარულსაც არ ვაკეთებთ, რისი შესრულებაც ძალიან მარტივია და არანაირ ძალისხმევას არ მოითხოვს და სხვა მასშტაბური პრობლემების გადაწყვეტაზე როგორ უნდა გვქონდეს პრეტენზია.
ნიკა მაჭუტაძე – პარტიის მოძრაობა ხალხისთვის თავმჯდომარე
მწვანე ეთიკა, მწვანე პოლიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ ახლა, როგორ იჩეხება ხეები, როგორ ნადგურდება ეკოსისტემა და ეკოლოგიური გარემო, როგორ ერევიან ხელოვნურად მაკროეკოლოგიურ გარემოში. ეს დაუშვებელი და აღსაკვეთია. აუცილებელია დაცული ტერიტორიების კონტროლი და კანონის გამკაცრება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ბუნებრივი რესურსები საწარმო დანიშნულებით ისე გამოიყენონ, რომ არ დააზიანოს ეკოსისტემა, ეკოლოგიური გარემო, ადამიანების სასიცოცხლო სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანმრთელობისათვის, არამედ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ტრადიციისათვის. ჩვენ გადმოგვეცა საქართველოს ბუნებრივი რესურსები და ეს უნდა გადავცეთ მომავალ თაობას.
გიორგი ვაშაძე – პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ნაკლებად საუბრობენ. არადა, გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ გარემოს ფაქტორებიდან გამომდინარეა, რომ დღეს ამდენი სიმსივნით დასნეულებული გვყავს, ამდენი გულსისძარღვთა დაავადება და სხვა უამრავი პრობლემაა. თბილისი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ჩვენ ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვმუშაობდით: 1. სპეციალური პროექტები უნდა გვქონდეს იმ ქალაქებთან დაკავშირებით, რომლებშიც ოქროს მოპოვებითი სამუშაოები ტარდება, მაგალითად, დმანის-ბოლნისში ციანიდით ბინძურდება გარემო და სიმსივნური დაავადებები გაცილებით მეტია; 2. მსგავსი სიტუაციაა ჭიათურაში, სადაც ეკოლოგიური კატასტროფა არის და არ შეიძლება, რომ ბუნების გავერანების უფლება ჰქონდეს მომპოვებელს. გადათხრიან სოფელს, შემდეგ ასე ტოვებენ და ეკოკატასტროფა ხდება. ყვირილა ისეთივე შავია, როგორიც იყო, არადა, ვალდებულება იყო, რომ ყვირილა უნდა გაწმენდილიყო და არ უნდა ჩასხმულიყო იქ მარგანეცის ნარეცხი; 3. ჩვენ ვეწინააღმდეგებით უზარმაზარი ჰესების მშენებლობას იმიტომ, რომ ეს ეკოკატასტროფას გამოიწვევს. ახლა ეს პრობლემა რაჭასა და ლეჩხუმშია. ვფიქრობთ, განახლებადი ენერგიის შემოტანა ეკოლოგიურად სუფთა მცირე ჰესებზე უნდა გადავიდეს. ქარის ენერგიაში 1 გიგავატი გვაქვს და ამ შესაძლებლობას არ იყენებს ქვეყანა. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობდით. რაც მთავარია, აუცილებელია ქალაქებში, ურბანული დასახლების ცენტრებში მწვანე ზონების გაკეთება, მაგალითად, თბილისში არ არის ეს კამპანია. მე ვთავაზობ ყველას, შეწყდეს ქალაქში მშენებლობა. ვისაც აქვს მიწები, შევთავაზოთ ტერიტორიების კომპენსაცია და მივცეთ ქალაქგარეთ. აქ კი მოეწყოს დიდი მწვანე ზონები, იმისათვის, რომ უბრალოდ ვისუნთქოთ ამ ქალაქში და ნორმალურ პირობებში ვცხოვრობდეთ, არ გვეშინოდეს ბავშვის ქუჩაში გაშვებისა, რომ ის რაღაცა ავადმყოფობით დაავადდება.