პანდემიის გამო საბანკო სესხებზე დაწესებული დროებითი შეღავათის პერიოდი დასრულდა. თუმცა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში კვლავ გრძელდება და მომხარებელს აინტერესებს, როგორ გაისტუმრებს სესხს, თუ ხვალ შემოსავალი ან შეუმცირდა, ან სულაც დაკარგა.
პანდემიის პირველი ტალღის დაწყებისთანავე საქართველოში მოქმედმა რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მომხმარებელს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. შეღავათის სანაცვლოდ, მომხარებელს სესხის გადახდის ვადა გაუნხანგრძლივდა და სესხის პროცენტიც გაეზარდა. საშეღავათო სისტემით დაახლოებით 700 ათასმა ფიზიკურმა პირმა ისარგებლა. პირველ ეტაპზე ორ მილიონზე მეტი სესხი გადავადდა, ხოლო მეორე ეტაპზე დაახლოებით 600 ათასი.
შეღავათიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ახალი სასესხო პირობების ხარჯთაღრიცხვას ზუსტად ვერ იგებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს.
ქეთი მაღალაშვილი ერთ-ერთია იმ 700 ათასი ფიზიკური პირიდან, რომლებმაც შეღავათიანი სესხით ისარგებლეს. ქეთი ამბობს, რომ კორონავირუსის დროს შემოსავალი შეუმცირდა, სესხის პროცენტი კი გაეზარდა და ახლა არ იცის, გაზრდილი თანხა როგორ დაფაროს.
ქეთის განმარტებით, ბანკმა 9 თვის საპროცენტო განაკვეთი დააჯამა და ამ თანხის გადახდას სამ თვეში სთხოვს. შესაბამისად, თუ პანდემიამდე ქეთი თვეში 475 დოლარს იხდიდა, ახლა თვეში 600 დოლარი უნდა გადაიხადოს.
„ ჯამში გამოვიდა, რომ ცხრა თვის პროცენტი გაყვეს სამზე. თუ აქამდე 475 დოლარამდე ვიხდიდი, ახლა მხოლოდ სამი თვის პროცენტია 600 დოლარი“, – ამბობს ქეთი მაღალაშვილი.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, სესხის პროცენტი მოქალაქეებს საშეღავათო პერიოდშიც ემატებოდათ, თუმცა მომხმარებლები მას არ იხდიდნენ.
„ყოველთვიური გადასახდელი მაქსიმალურად იყო მიახლოებული იმ თანხასთან, რომელიც წინა პერიოდში ჰქონდათ გადასახდელი. თუ ეს იყო სავალუტო სესხი, ამ შემთხვევაში არსებობს სავალუტო რისკი და ლარში, რა თქმა უნდა, მეტი იქნებოდა გადასახდელი, მაგრამ თვითონ ნომინალურ ვალუტაში, ანუ რა ვალუტაშიც იყო სესხი გაცემული, მაქსიმალურად იყო მიახლოებული იმ ციფრთან, რომელიც მანამდე ჰქონდათ დაანგარიშებული“, – განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, ბანკების მხრიდან შეღავათიანი პერიოდის დაწესება გრაფიკით გათვალისწინებული სესხის ძირისა და დარიცხული პროცენტის გადავადებას გულისხმობდა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, იმისათვის, რომ მსესხებლებს ვალის გადახდის ტვირთი შეუმსუბუქონ და მსესხებლის ფინანსური შესაძლებლობა გაითვალისწინონ, ბანკები დამატებით სესხების რესტრუქტურიზაციას სთავაზობენ.
ანა ალელიშვილი