მთავარი კულტურა ბალეტი ღია ცის ქვეშ

ბალეტი ღია ცის ქვეშ

ავტორი: მარიამ ქუხილავა

15 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასმა ოპერის ეზოში ღია ცის ქვეშ წარმოდგენა პირველად გამართა.

საბალეტო დასმა ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“ სიუტა შეასრულა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა სპექტაკლების წრამოდგენა 2020 წლის მარტში შეწყვიტა, ახალი სეზონი კი კორონავირუსის გავრცელების გამო ჯერ არ გაუხსნია.  ოპერის ეზოში ღია ცის ქვეშ „დონ კიხოტის“ მხოლოდ ოთხი წარმოდგენა გაიმართა.  საბალეტო დასმა სამმოქმედებიანი ბალეტიდან 45-წუთიანი ვერსია მოამზადა.

საბალეტო დასის ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის, განცხადებით, წარმოდგენისთვის ერთი კვირა ემზადებოდნენ. რეპეტიციების დროს კი ცდილობდნენ, უსაფრთხოების ყველა ზომა დაეცვათ.

„ცალ-ცალკე გავდიოდით რეპეტიციას და ყველა რეკომენდაცია დავიცავით. ძალიან გვიხარია, რომ, როგორც იქნა, მაყურებელს შევხვდებით და ჩვენი სოლისტები მათთვის იცეკვებენ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი თეატრის დირექტორს, ბადრი მაისურაძეს. მან მხარი დაუჭირა ჩემს უცნაურ იდეას და ყველაფერი გააკეთა, რომ წარმოდგენას წარმატებით ჩაევლო,-“განმარტა ნინო ანანიაშვილმა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საბალეტო დასისთვის ფორმაში ჩადგომა მარტივი არ ყოფილა. თუმცა სცენაზე დაბრუნება ამაღელვებელი და სასიხარულო აღმოჩნდა. სოლისტების ნაწილს ღია ცის ქვეშ არასდროს უცეკვია. ამიტომ ეს წარმოდგენა მათთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო.

ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში პირველად ვიცეკვე ღია ცის ქვეშ. რაც მთავარია, ჩემი საყვარელი სპექტაკლით, „დონ კიხოტით“, გავხსენით ეს საღამო. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელიც ძალიან გახარებულია,“ ამბობს მთავარი სოლისტი ნუცა ჩეკურაშვილი.

პანდემიის პრვენეციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, სპექტაკლს მხოლოდ 80 მაყურებელი დაესწრო. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ოთხი წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლები უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარდა.

უახლესი

სხვა ამბები