მთავარიგადაცემებიოკეანეოკეანე ჯანმრთელობის სამსახურში

ოკეანე ჯანმრთელობის სამსახურში

ოკეანე სიცოცხლის აკვანია.  ოკეანე რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ადამიანმა ეს საუკუნეების განმავლობაში კარგად იცოდა. დღეს მეცნიერები უფრო შორს მიდიან და ცდილობენ, ოკეანეში უკურნებელი დაავადებების წამალი იპოვონ.

ულამაზესი ზღვის სანაპიროთი ცნობილ ალგარვის რეგიონში პორტუგალიური ბიოტექნოლოგიური კომპანია Sea4Us-ი  არაოპიოდურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებაზე მუშაობს, რომელიც ქრონიკულ ტკივილებს უსაფრთხოდ და ეფექტიანად მოხსნის.

 
პედრო ლიმა, ნეიროლოგი და ზღვის ბიოლოგი, კომპანია  Sea4Us-ის თანადამფუძნებელი:

„უზარმაზარი მოთხოვნაა. ხუთიდან ერთი კაცს რაღაც ქრონიკული ტკივილი აწუხებს. ჩემი ოცნებაა, რომ ასეთი ხალხის დასახმარებლად რამე საშუალება ოკეანეში ვიპოვო.“

პორტუგალიელი ნეიროფიზიოლოგი  და ზღვის ბიოლოგი პედრო ლიმა  კომპანიის „ზღვა ჩვენთვის“   თანადამფუძნებელი 2013 წელს გახდა. კომპანია  ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მუშაობს  და შეისწავლის ზღვის პრიმიტიულ ორგანიზმებს, როგორებიცაა ზღვის ღრუბელები  და სხვა უხერხემლო ორგანიზმები.

მეცნიერები ლაბორატორიებიდან ხშირად გამოდიან, რომ ჩაყვინთონ და წყლიდან ახალი ორგანიზმები ამოიღონ.

პედრო ლიმა, ნეიროლოგი და ზღვის ბიოლოგი, კომპანია Sea4Us-ის თანადამფუძნებელი

„ ბევრი უხერხემლო ზღვის ცხოველი კლდეზე რჩება და ვერსად მიდის. ისინი გამოყოფენ შხამს, რომლის შენაერთიც ტკივილის ნეიროაქტიურ სიგნალს ახშობს.“

ზღვის პრიმიტიულ ორგანიზმებს, ჯანდაცვისა და ფარმაკოლოგიის გარდა, მრავალი სხვა მიზნითაც იყენებენ. ზღვის ბიოტექნოლოგიის სექტორი სწრაფად ვითარდება. ევროპაში ეს ბაზარი მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე შესაძლოა 10 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს.

ეს სრულიად ახალი დარგია, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაკვლევია.

20 მეტრის სიღრმეში წყალქვეშა კლდეზე  ზღვის მრავალფეროვანი ფაუნა ბინადრობს. მეცნიერები იმ შხამს ეძებენ, რომელსაც ზღვის ღრუბლები თავდაცვის მიზნით გამოყოფენ.

პედრო ლიმა, ნეიროლოგი და ზღვის ბიოლოგი, კომპანია Sea4Us-ის თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ მათი კვლევის აქცენტი ზღვის ფაუნის სახეობების ქცევაა, რადგან სხვადასხვა გარემოში ისინი განსხვავებულად იქცევიან. მაგალითად წყალქვეშა ბნელ მღვიმეში, სადაც სინათლე ნაკლებია, კონკურენციაც თავისებურია. ზღვის ღრუბლები ასეთ გარემოში ერთმანეთს ებრძვიან, რაც მეცინერებისთვსი საინეტრესოა.

„რა რას ჭამს? რა რას გაურბის? რა რასთან მეზობლობს? სხვადასხვა სახეობას შორის ურთიერთობა არის ჩვენი კვლევის გასაღები,“ – ამბობს პედრო ლიმა.

მეცნიერები მიუთითებენ, რომ კვლევის დროს ოკეანის დაბინძურების ფაქტებს ხშირად აწყდებიან.

მიქალ ბაბიარჟი, კომპანია Sea4Us-ის მეცნიერი:

„ყვინთვის დროს საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ისეთ ნივთებს, როგორებიცაა რვაფეხის ხაფანგი, სათევზაო ბადე, პლასტმასის ჩანთა, კონსერვის ქილა…თუ ოკეანეს მოვუფრთხიდლებით  და არ დავანაგვიანებთ, იგი ისეთ რამეს გავჩუქებს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.“

მეცნიერები ზღვის ფაუნის გამრავლებაზე ზრუნავენ და მხოლოდ იმდენ საცდელ ორგანიზმს იღებენ, რამდენიც კვლევისთვის სჭირდებათ.

პედრო ლიმა, ნეიროლოგი და ზღვის ბიოლოგი, კომპანია Sea4Us-ის თანადამფუძნებელი:

„თითქმის არაფერს ვაზიანებთ. ძალიან ცოტა საცდელ ნიმუშს ვიღებთ. ჩვენი მუშაობის აზრი ის არის, რომ ბუნების წიაღიდან  სარგებელი ისე მივიღოთ, რომ საწარმოო პროცესი ავაწყოთ და არ დაგვჭირდეს ზღვიდან ბიომასის ამოღება. ეს ბიომასა მხოლოდ შთაგონებაა.“

კომპანიის საცდელ ნიმუშებს ლისაბონში ნოვას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში სწავლობენ. კვლევა, შესაძლოა, 7 თვე ან რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. ზღვის ღრუბლების სიმბიოზური ორგანიზმი ასობით დამოუკიდებელ სტრუქტურას წარმოშობს. მეცნიერები ამ ორგანიზმების ტკივილგამაყუჩებელ ბიოაქტიურობას სწავლობენ.

სილვია ლინო, კომპანია Sea4Us-ის ზღვის ბიოტექნოლოგი:

„ეს მთელი სისტემაა – მას აქვს საკუთარი ბაქტერია და მიკრობიომი. ჩვენ, რამდენადაც შესაძლებელია, ვანაწევრებთ ამ ორგანიზმს და და თითოეულ ნაწილაკს ვსინჯავთ, სანამ არ მივაგნებთ იმ სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია მოქმედებაზე.“

კომპანიამ Sea4Us ორი მოლეკულა იპოვა, რომლებიც ხერხემლის ნერვული კვანძის ნეირონის ტკივილზე რეაქციას ამცირებენ. ისინი ამ მოლეკულების ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის მიწოდებას აპირებენ, რომ წამალი დამზადდეს.

ანდრე ბასტოსი, ელექტროფიზიოლოგი, Sea4Us-ის თანადამფუძნებელი:

„ცდის შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენი მინარევი ტკივილს ამცირებს და მათზე დამოკიდებულების რისკიც მცირეა. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობის წყალობით ჩვენი შენაერთი, ჩვენი აზრით, ყველა კლინიკურ ცდას გაივლის და საბოლოოდ ბაზარზეც გავა.“

ოკეანეს შეუძლია ისეთი სახიფათო პრობლემები მოაგვაროს, როგორებიცაა ვირუსის გავრცელება, ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა და კიბო. ზღვის კვლევა და ჯანმრთელი ოკეანე ევროკავშირის პროგრამა „ევროპის ჰორიზონტის“ პრიორიტეტებია. ეს პროგრამა სამეცნიერო პროექტებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აფინანსებს.

ქალაქ პორტუში CIIMAR-ის ცენტრში მეცნიერები წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვნებას სწავლობენ.

ტერეზა მარტინა, CIIMAR-ის ბიოქიმიკოსი:

„ ჩვენ ციანობაქტერიას ვაგროვებთ – ესენი უძველესი ორგანიზმებია და, ფაქტობრივად, ყველგან გვხვდება. ისინი წარმოქმნიან ისეთ მოლეკულებს, ისეთ ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა ძალიან სასარგებლო გამოდგეს.“

ციანობაქტერია თავისი ტოქსიკურობით არის ცნობილი, მაგრამ მეცნიერებს ამის სამკურნალოდ გამოყენება სურთ.

პედრო ლეანი, CIIMAR-ის  ციანობაქტერიის ბუნებრივი პროდუქტების მკვლევარი:

„ნებისმიერი დაავადების განკურნება შესაძლებელია, თუ ისეთ მოლეკულას ვიპოვით, რომელსაც მისი მკურნალობა შეუძლია. ციანობაქტერიას იმიტომ ვიკვლევთ,  რომ ძალიან ბევრი ნაერთის წარმოქმნა შეუძლია და შესაძლოა ისეთი მოლეკულა ვიპოვოთ, რომლისგანაც წამალი დამზადდება.“

CIIMAR-ის  მეცნიერები კვლევებს მრავალ ქვეყანაში აწარმოებენ და ციანობაქტერიის ახალ სახეობებს იღებენ. მათი ბიბლიოთეკა, რომელიც ათასი შტამისაგან შედგება, მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის ღიაა. კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ შხამიან ნაერთს კიბოს უჯრედის მოკვლა შეუძლია, ამ მიგნებამ შესაძლოა თერაპიის ახალ მეთოდს გაუხსნას გზა. ლიფსიტებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ შესაძლოა ამ ნაერთმა დიაბეტისა და ჭარბწონიანობის განკურნება შეძლოს.

რალფ ურბაცკა,  CIIMAR-ის ზღვის ბიოტექნოლოგი:

„კიბოსა და ჭარბწონიანობის პრობლემის გადაჭრამდე ჯერ შორს ვართ, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით კვლევის პირველ ეტაპზე, რომელმაც შესაძლოა ამ დაავადებების სამკურნალო საშუალებას მიაგნოს.“

ზღვის ბიოტექნოლოგებმა შესაძლოა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარღვევა განახორციელონ – თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზღვის სამკურნალო პოტენციალს ისე ავითვისებთ, რომ ზღვას ზიანი არ მიადგეს.

ვიტორ მანუელ ოლივეირა ვასკონსელოსი, CIIMAR-ის დირექტორი:

„ჩვენ ბუნებისგან უნდა ვისწავლოთ. ახალი მოლეკულების გამოგონება არ გვჭირდება. უბრალოდ უკვე არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს უნდა დავაკვირდეთ და მცირედ გარდავქმნათ ისე, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ. ამიტომ მჯერა, რომ სულ მალე ოკეანე ბევრ ისეთ მოლეკულას მოგვცემს, რომლებიც მრავალ დაავადებას განკურნავენ. სიცოცხლე ოკეანიდან დაიწყო. ამიტომ მჯერა, რომ ჩვენს სიცოცხლესაც ოკეანე გადაარჩენს.“

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend