მთავარიმსოფლიო„უნდა გავაგებინოთ ამერიკელებს ჩვენი მდგომარეობა” - ორბანი აშშ-ში მიემგზავრება

„უნდა გავაგებინოთ ამერიკელებს ჩვენი მდგომარეობა” – ორბანი აშშ-ში მიემგზავრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს, თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეწვევა. ორბანი ეცდება, ტრამპი დაარწმუნოს, რომ ტრამპმა მოხსნას სანქციები და უნგრეთმა კვლავ გააგრძელოს რუსული ნავთობის ყიდვა.

ორბანი ამბობს, რომ მის ქვეყანას რუსული ნავთობის გარდა სხვა ალტერნატივები არ გააჩნია, რადგან უნგრეთი ცენტრალური ევროპის გულში მდებარეობს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა.

„თუ აშშ-ის პრეზიდენტი რუკას დახედავს, ის დაინახავს, ​​რომ მისი ქვეყნის სანაპიროები მარცხნიდან და მარჯვნიდან წყლებით არის გარშემორტყმული. უნგრეთი კი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა. ჩვენ ზღვა არ გვაქვს და აქ პირდაპირი საზღვაო ტრანსპორტის შემოსვლა შეუძლებელია. ჩვენ გარკვეულ ენერგოტრანსპორტირების მარშრუტებზე ვართ დამოკიდებული. ეს ძირითადად მილსადენებია. რა თქმა უნდა, არის ელექტროქსელებიც, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მილსადენები, თორემ ენერგია არ გვექნება. უნდა გავაგებინოთ ამერიკელებს ჩვენი მდგომარეობა“,-ამბობს ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ცივი ომის დროს უნგრეთში რუსეთის დომინირების ღია მოწინააღმდეგე იყო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსკოვთან ურთიერთობები ძალიან დაათბო, რამაც გააოგნა როგორც მისი ოპონენტები, ასევე მისი ადრინდელი მოკავშირეები.

ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყველაზე სანდო ადვოკატად მიჩნეული ორბანი კრემლთან თბილ ურთიერთობებს ინარჩუნებს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიუხედავად.

„როდესაც დონალდ ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, ყველაფერი შეიცვალა. მტრული დამოკიდებულების ნაცვლად, უნგრეთი ახლა ვაშინგტონში, თეთრ სახლში მეგობრად აღიქმება. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პირადად უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მეგობრად მიიჩნევს“,-ამბობს პეტერ სიიარტო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ გიგანტებს, „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“, რამაც შეიძლება მათი უცხოელი მყიდველები – როგორებიცაა: ინდოეთი, ჩინეთი და უნგრეთი – მეორადი სანქციების ქვეშ მოაქციოს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ მკვეთრად შეამცირა ან საერთოდ შეაჩერა რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უნგრეთმა და მეზობელმა სლოვაკეთმა საწვავის მილსადენებით მიწოდება სრულიად შეინარჩუნეს.

დამოუკიდებელი მკვლევრების ანგარიშის თანახმად, უნგრეთმა რუსული ნავთობის წილი ენერგეტიკულ ნარევში ომამდელი 61%-დან დაახლოებით 86%-მდეც კი გაზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend