მთავარისაქართველოყალბი ამბების გავრცელების ძველი და ახალი მეთოდები - მასტერკლასი სტუდენტებისთვის

ყალბი ამბების გავრცელების ძველი და ახალი მეთოდები – მასტერკლასი სტუდენტებისთვის

იცით თუ არა, როგორ იქმნება ყალბი ამბები თანამედროვე ეპოქაში? ან როგორ ვრცელდება პროპაგანდა? ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებს და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მაქსველ ჰამილტონის მასტერკლასებს.

გაიმართა საჯარო ლექციაც, სადაც ამერიკელმა პროფესორმა დამსწრე საზოგადოებას ყალბი ამბების ისტორიული საფუძვლებიც გააცნო და მსმენელს დეზინფორმაციის გავრცელების განსხვავებული პერსპექტივა დაანახა.

“შესანიშნავი გამოცდილება იყო… სტუდენტები ახალგაზრდები არიან და ენთუზიაზმით აღსავსენი. სწორედ მათ აქვთ შესაძლებლობა მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკით შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარებაში.  ჟურნალისტიკა ის სამსახურია, რაც ყველა ქვეყანას სჭირდება. ჩემი ლექცია შეეხებოდა ყალბი ამბების ისტორიულ საფუძვლებს – რატომ წარმოიშვა ყალბი ამბები, რატომ ეთანხმებიან ასეთ  ამბებს და რატომ სჯერათ ადამიანებს იმის, რაც სიმართლე არ არის. მათ სჯერათ სიცრუის, რადგან კომფორტულია გჯეროდეს იმის, რაც გინდა რომ დაიჯერო, ვიდრე მოუსმინო  აზრს, რომელიც თქვენს წარმოდგენებს ეჭვქვეშ აყენებს” , – ამბობს ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მენშიპის მასკომუნიკაციის სკოლის დამაარსებელი ჯონ მაქსველ ჰამილტონი.

მისი თქმით, ტექნოლოგიებმა ყალბი ამბები უფრო საშიში გახადა, რადგან უფრო სწრაფად დაიწყო მათი შექმნა და გავრცელება. ამავდროულად ყალბი ამბები, ადამიანის ყოველდღიურობისა და კომუნიკაციის ნაწილია.

“ისტორიულად, ყოველთვის ვრცელდებოდა ამბები, რომლებიც სიმართლე არ იყო. ყოველთვის გვყავდა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენთვის ისეთი ამბები ეთქვათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რათა მიეღოთ ის, რაც სურდათ“, – განაცხადა ამერიკელმა პროფესორმა.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ უცხოელი სტუდენტებიც, რომლებიც საქართველოში სწავლობენ.

“მიზეზი რატომაც დავესწარი დღეს ლექციას არის ის, რომ მსურდა ჩემი კომპეტენციის მიღმა ინფორმაციის მიღება. ვფიქრობ რომ ყალბი ამბები აქტუალურია სამედიცინო სფეროსთვისაც ამიტომაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის განსხვავებული პერსპექტივის დანახვა, ისტორიული კონტექსტის გაცნობა. გავიგე ყალბი ამბების საფუძვლები , აქამდე ნამდვილად არ ვიცოდი. ძალიან მომეწონა ისტორია, რომელიც პროფესორმა გვიამბო ინგლისის შესახებ”, – ამბობს ნიუ ვიჟენის სტუდენტი ჯემა მალინგსი.

“დეზინფორმაციას ავრცელებს ყველა და აღმოჩნდა, რომ არის ძალიან დიდი მოთხოვნა დეზინფორმაციაზე, იმიტომ რომ უფრო სენსაციურია, უფრო კონსპირაციულია და უფრო მეტ ხალხს იზიდავს. ამან შექმნა დიდი პრობლემა ყველასთვის. თავისთავად დეზინფორმაციის პრობლემა არ არის ახალი და ახლა არ გაჩენილა, ყოველთვის არსებობდა და დღევანდელი დისკუსიაც ამას ეხებოდა. პროფესორმა ისაუბრა როგორ იქმნებოდა დეზინფორმაცია მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, მაგრამ დღეს განსაკუთრებული განგაშის განცდა აქვს ამ ფენომენს, იმიტომ რომ ამით დაკავდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებიც. ეს იწვევს იმას რომ ადამიანები ვკარგავთ რწმენას იმაში რისაც ადრე უფრო გვჯეროდა“, – განაცხადა ნიუ ვიჟენის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის  დეკანმა ბიძინა ჯავახიშვილმა.

თანამედროვე ინფორმაციული სივრცე ძალიან რთული და მანიპულაციურია. ჯონ მაქსველ ჰამოლტონის მსგავსი ექსპერტები ამბობენ, რომ ინფორმაციის გადამოწმების და თანამედროვე ინსტრუმენტების სწორი გამოყენება მომავალი ჟურნალისტების სუპერძალა გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend