„რუსეთის საომარი ეკონომიკა წიაღისეული საწვავიდან მიღებული შემოსავლებით იკვებება. დროა, ონკანი გადავკეტოთ“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე, სადაც მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი წარადგინა.
ახალი პაკეტი რუსეთიდან გათხევადებული გაზის იმპორტის აკრძალვასა და რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სანქციები ასევე ეხება იმ „ფინანსურ ხვრელებს“, რომელთაც რუსეთი სანქციებისგან თავის არიდების მიზნით იყენებს.
„სამწუხაროდ, გასული თვის განმავლობაში რუსეთმა სრულად აჩვენა თავისი უპატივცემულობა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ. მან წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დრონებისა და რაკეტების შეტევა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ეს იყო თავდასხმები როგორც სამთავრობო შენობებზე, ისე საცხოვრებელ სახლებზე. დაიბომბა ევროკავშირის ოფისი კიევში – ჩვენი კავშირის სიმბოლო. ევროკავშირისთვის საფრთხეები იზრდება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის შაჰიდის დრონებმა ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაარღვიეს პოლონეთსა და რუმინეთში. ის, ვისაც მშვიდობა სურს, ასე არ იქცევა. ისე და ისევ, პრეზიდენტი პუტინი ესკალაციას იწვევს და საპასუხოდ ევროპა ზეწოლას აძლიერებს.
რუსეთის საომარი ეკონომიკა წიაღისეული საწვავიდან მიღებული შემოსავლებით იკვებება. ჩვენ ამ შემოსავლების შემცირება გვსურს. ამიტომ ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე. დროა, ონკანი გადავკეტოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
სანქციებს ვუწესებთ ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 118 გემს. ევროკავშირის სანქციების ქვეშ ახლა 560-ზე მეტი გემია. ენერგეტიკული ვაჭრობის მსხვილ კომპანიებს, „როსნეფტსა“ და „გაზპრომნეფტს“, ახლა ტრანზაქციები სრულად ეკრძალებათ. აქტივები გაეყინებათ სხვა კომპანიებსაც. მივდივართ მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთის ომს სანქციების დარღვევით ნავთობის შეძენით აძლიერებს. ჩვენი სამიზნეებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობქიმიური კომპანიები მესამე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში…
გავაგრძელებთ ჩვენს ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ეს სასტიკი ომი დასრულდეს. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად დაამტკიცონ ეს ახალი სანქციები. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა დატოვოს ბრძოლის ველი და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ეს არის გზა, რათა მშვიდობას რეალური შანსი მივცეთ”, -განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს საექსპორტო შეზღუდვებსაც იმ „ნივთებსა და ტექნოლოგიებზე“, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. ევროკომისია რუსეთსა და მესამე ქვეყნებში 45 კომპანიას ასახელებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს პირდაპირ ან ირიბად უჭერენ მხარს.
„ჩვენთვის სამიზნეა შემოსავლის ყველა წყარო, რომელთა დახმარებითაც კრემლი აგრესიას აგრძელებს“, – ამბობს კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.
„ჩვენი სანქციები შედეგიანია და აშკარად აისახება რუსეთის საჯარო ფინანსებსა და ეკონომიკაზე. ევროკავშირისა და მისი პარტნიორების ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს, ვიდრე მშვიდობა არ დამყარდება. ჩვენთვის სამიზნეა შემოსავლის ყველა წყარო, რომელსაც კრემლი აგრესიის გასაგრძელებლად იყენებს.
ჩვენი ინიციატივაა, სრულად ავკრძალოთ ტრანზაქციები რუსეთის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის იმ ბანკებსა და ინსტიტუტებთანაც, რომლებიც მესამე ქვეყნებში საქმიანობენ…
ახალი სანქციები ასევე კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის წვდომას ისეთ ტექნოლოგიებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და გეოსივრცითი მონაცემები, ასევე მნიშვნელოვან რესურსებზე, რომლებიც იარაღის წარმოებაში გამოიყენება – მათ შორის იმ რესურსებზე, რომლებიც მოწოდებულია უცხოელი მომწოდებლებისგან, მათ შორის ჩინეთიდან და ინდოეთიდან…
ევროპას სურს მშვიდობა უკრაინისთვის, მაგრამ რამდენიმე კვირიანი დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი მხოლოდ აგრესიას აძლიერებს და ახლა უკვე თავად ევროკავშირის საზღვრებსაც უქმნის საფრთხეს.
მოსკოვისთვის ომის გაგრძელების შესაძლებლობის წართმევა აუცილებელია როგორც ომის დასასრულებლად, ისე ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების დასაცავად. რუსეთის აგრესია აღარ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს.
ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე – უფრო მკაცრი სანქციებით, რომლებსაც თან ახლავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერაც მანამ, სანამ რუსეთი არ დათანხმდება სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.
გადაწყვეტილება სანქციების ახალი პაკეტის გაფართოების შესახებ ევროკომისიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ტრამპმა ევროპას მოუწოდა, რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგან, რათა კრემლის ომის ეკონომიკა შეასუსტონ. მისი თქმით, თუ ევროპას სურს, რომ ვაშინგტონმა მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს, მაშინ ევროპამ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი უნდა შეწყვიტოს.
ახლა ჯერი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზეა. ევროკომისიის მიერ წარდგენილი სანქციები ძალაში შესვლამდე ბლოკის 27 წევრმა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს.

