მთავარიმსოფლიოაბუ-დაბიში რუსეთი და უკრაინა პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ

აბუ-დაბიში რუსეთი და უკრაინა პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ

აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის პირველი დღე განსაკუთრებული სიახლეების გარეშე დასრულდა. მხარეები საუბარს დღეს, 5 თებერვალს, გააგრძელებენ. კიევში აცხადებენ, რომ მთავარი პრიორიტეტი მათთვის ღირსეული მშვიდობის დამყარების გზაზე კონკრეტული შედეგების მიღწევაა. შედეგი არის, თუმცა პოლიტიკურზე მეტად ჰუმანიტარულ საკითხზე. აშშ-ის შუამავლობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ უკრაინა და რუსეთი მორიგ ჯერზე გაცვლიან პატიმრებს. საკითხზე მეტი იცის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც საზღვრებს გარეთ მყოფ საკუთარ დელეგაციას უკვე ესაუბრა.

„სამმხრივი ფორმატის  შეხვედრის შემდეგ ჩვენმა დელეგაციამ ანგარიში უკვე ჩამაბარა, ის რუსტემ უმეროვმა, კირილ ბუდანოვმა და დავიდ არახამიამ  მომახსენეს. შედგა კონტაქტი გუნდსა და ამერიკულ მხარეს შორის. ჩვენ განვიხილეთ მოლაპარაკებების ძირითადი შედეგები, თუმცა საუბრები გაგრძელდება. არსებობს ხელშესახები ნაბიჯიც, ჩვენ ველით რომ უახლოეს მომავალში შედგება ომის პატიმრების გაცვლა. დაკავებულები სახლში უნდა დაბრუნდნენ. ზოგადად კი გეტყვით, რომ უკრაინის პოზიცია მკაფიოა: ომი უნდა დასრულდეს და რუსეთი უნდა იყოს მზად ამისათვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი არ სურთ კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფების მუშაობის შესახებ განცხადება არ იქნება. ზოგად პოზიციებში კი ცვლილება არ შეინიშნება. მოსკოვში ომის დასრულების პირობად კვლავ უკრაინის ტერიტორიების დათმობას განიხილავენ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ იერიშებზეც თავისი პასუხი აქვთ.

„მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხში რუსეთის კარი ღია რჩება. ჩვენი პოზიცია კრისტალურად ნათელია, მის შესახებ კარგად იცის კიევის რეჟიმმაც და ამერიკელმა მომლაპარაკებლებმაც, რომლებიც ძალისხმევას დებენ სამმხრივ მოლაპარაკებებში. სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, ჩვენი იერიშები კი ეხება სამხედრო კომპლექსებთან დაკავშირებულ ობიექტებს. ოპერაცია გრძელდება“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

4-წლიანი ომი დასრულების საქმეში რუსეთისა და უკრაინის მორიგებას კვლავ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარეტ კუშნერი და სტივ  ვიტკოფი ცდილობენ. პირველი ასეთი შეხვედრა 23-24 იანვარს შედგა, გარღვევების გარეშე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იმ პროგრესზე საუბრობს, რომელსაც სისხლიან კონფლიქტში ბოლო პერიოდში მიაღწიეს. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ამჟამად საქმე ყველაზე რთულ ასპექტებზეა შეჩერებული, რაც კონფლიქტის მოგვარების ვადებს ბუნდოვანს ხდის.

კარგი ამბავია ის, რომ პირველად ხანგრძლივი დროის მანძილზე ერთ მაგიდასთან გვყავს უკრაინისა და რუსეთის ტექნიკური სამხედრო ჯგუფები, ჩვენი ექსპერტების ჩართულობით. სტივ ვიტკოფი და ჯარეტ კუშნერი ასევე ესწრებიან ამ შეხვედრას, რაც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია. იმის თქმა არ მსურს, რომ საუბრები უკვე პროგრესია, მაგრამ კარგია, რომ ჩართულობას ვხედავთ. მსურს, გაგაფრთხილოთ, რომ არსებობს ბევრი მგრძნობიარე საკითხი, შესაბამისად, ვიდრე გარღვევას არ მივაღწევთ, პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვდება და არ გაჟონავს. ჩვენი მიზანია, დავრჩეთ ამ პროცესში ჩართულნი, ვთვლით, რომ დიდ პროგრესს უკვე მივაღწიეთ, რომ გადახედოთ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების იმ საკითხებს, რომლებიც გასულ წელს არსებობდა და იმ ჩამონათვალს, რომლითაც დღეს ვხელმძღვანელობთ. ნათელია, რომ ის ხელშესახებად შემცირდა. ეს კი კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ისაა, რომ დარჩენილი საკითხები რეალურად ყველაზე რთული საკითხებია. ომი კი გრძელდება. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ხელშესახებ დროსა და ენერგიას ვუთმობთ ამ საკითხს და ასე გავაგრძელებთ, რათა გარღვევას მივაღწიოთ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ფრანგულ მედიასთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან ომში უკრაინამ 55 ათასი სამხედრო დაკარგა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend