მთავარიამერიკააშშNASA-მ მთვარის ARTEMIS II მისია გადადო

NASA-მ მთვარის ARTEMIS II მისია გადადო

მთვარეზე დაბრუნების კოსმოსური პროგრამა ARTEMIS II-ის გაშვება, ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო. აქამდე აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ, 4 ასტრონავტის მონაწილეობით დაგეგმილი მისიის გაშვება, 6-დან 8 თებერვლამდე გადაიტანა. ახლა კი სააგენტოში განაცხადეს, რომ მთვარის რაკეტის გაშვებას მარტში გეგმავენ.

თუმცა, კონკრეტული რიცხვი თუ ამჯერად არ დასახელებულა. ამის მიზეზი ორშაბათს, ორ თებერვალს, ჩატარებული ტესტია, რა დროსაც გამშვებ პლატფორმაზე მყოფი რაკეტის ძრავა და სისტემა უნდა გამოეცადათ. აღმოჩნდა, რომ გადამწყვეტი ტესტის დროს საწვავის გაჟონვა მოხდა. კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გაშვების გადადება „გუნდებს საშუალებას მისცემს, გადახედონ მონაცემებს და ჩაატარონ მეორე გენერალური რეპეტიცია“ ფრენის ტესტირებამდე.

გაჟონვამ, რაკეტის ისედაც სამი წლით დაგვიანებული ფრენა, კიდევ უფრო გაახანგრძლივა.

Artemis 2 ათდღიანი მისიაა და რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს.

პირველ და მეორე დღეს ასტრონავტები სხვადასხვა კომპონენტის შემოწმებაში გაატარებენ, მათ შორის ისინი ხელით მართვის სისტემასა და კომუნიკაციებს გამოცდიან. როგორც კი ყველაფრის გამართულად ფუნქციონირება დადასტურდება, რაკეტის მეორე საფეხური ძრავებს კიდევ ერთხელ აამუშავებს და Orion-ს მთვარის მიმართულებით გაგზავნის, თავად კი მას ჩამოცილება.

მესამიდან მეხუთე დღემდე პერიოდი მთვარემდე მისაღწევადაა გამოყოფილი, რადგან 362 000 კილომეტრი მანძილია დასაფარი. შედარებისთვის, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგური მხოლოდ 402 კილომეტრ დისტანციაზეა. ამ დროის განმავლობაშიც ეკიპაჟი სხვადასხვა ტესტირებას ჩაატარებს და ტექნოლოგიებს გამოცდის.

მეექვსე დღეს Orion უკვე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე შევა და მას ერთხელ შემოუვლის. ასე მოხვდება იგი მთვარის შორეულ მხარეს, რა დროსაც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწასთან მუდმივად „ზურგშექცევითაა”, ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, შორსაა.

მომდევნოდან მეცხრე დღემდე Orion დედამიწისა და მთვარის გრავიტაციის გამოყენებით შინ დასაბრუნებელ ტრაექტორიაზე გადაინაცვლებს. მეათე დღეს იგი უკვე პლანეტაზე დაბრუნდება — ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოვა (ამისთვის ის გაუმჯობესებული თბოდამცავითაა აღჭურვილი) და ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში პარაშუტების მეშვეობით დაეშვება. მათ იქიდან აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენლები გამოიყვანენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend