ჩეხეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური აქცია პრეზიდენტის მხარდასაჭერად გაიმართა. ათობით ათასი დემონსტრანტი პრაღის ქუჩებში სწორედ პეტერ პაველისთვის სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბა. ეს მას შემდეგ, რაც მთავარსარდალმა ღიად ისაუბრა ახალი ევროსკეპტიკური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტრ მაცინკას, მუქარისშემცველ წერილებზე მისი მისამართით, რათა პრეზიდენტი ეიძულებინა გარემოს დაცვის მინისტრად მემარჯვენე პოპულისტი, ფილიპ ტურეკი დაენიშნა.
პეტერ პაველი უარს ამბობს მთავრობის კაბინეტში დანიშნოს პირი, რომელმაც საზოგადოებას თავი ნაცისტური მისალმებით დაამახსოვრა და ამის გამო ბოდიშიც მხოლოდ ნაწილობრივ მოიხადა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, წარსულში ტურეკის მიერ გაკეთებული რასისტული, სექსისტური თუ ჰომოფობიური განცხადებები შეუთავსებელია მინისტრის თანამდებობასთან. ჩანს, რომ ამაში პრეზიდენტს სხვებიც ეთანხმებიან.
„აქ ვარ იმიტომ რომ არ მომწონს მოქმედი მთავრობის პოლიტიკური კულტურა, არ მომწონს მათი მხრიდან პრეზიდენტზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობები“, – აღნიშნა აქციაზე მისულმა სილვა რეჰაკოვა, რომელიც ქალაქ ჰრუსოვადანაა.
„მე აქ ბრნოდან ჩამოვედი მეგობრებთან ერთად, რადგან გვჯერა, რომ წესიერება და კარგი ურთიერთობები ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, ასევე პოლიტიკასა და საზოგადოებაში. გვსურს, მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტსა და დემოკრატიულ განვითარებას ზოგადად. რადგან ჩვენ ძალიან არ მოგვწონს, რაც ახლა ხდება“, –ამბობს ჯირი ბუსეკი, IT სპეციალისტი ქალაქ ბრნოდან.
პრაღის ცენტრში, სტარომესტკისა და ვაცლავის მოედნებზე შეკრებილების ზუსტი რიცხვი სამართალდამცავ ორგანოებს არ დაუსახელებიათ, თუმცა ორგანიზატორების შეფასებით, ქუჩაში 80 დან 90 ათას ადამიანამდე იდგა. ჩეხეთის რესპუბლიკის დროშის გარდა, ადგილზე მოჩანდა ევროკავშირისა დ უკრაინის დროშებიც, რაც პეტერ პაველის საგარეო პოლიტიკასთან რეზონირებს და წინააღმდეგობაშია ახალ კოალიციურ მთავრობასთან.
თავად პაველმა საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე ჩანიშნა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ, მილიარდერ ანდრეი ბაბიშთან. რომელიც ერთი შეხედვით პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არსებულ დავაში არ ერევა, თუმცა მაციკის გათავისუფლებასაც არ გეგმავს, რასაც მოსახლეობის ნაწილი მისგან მოითხოვს.
ამ პროცესების ფონზე საპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს სამშაბათს კენჭი უყაროს ახალი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს, რაშიც წარმატება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ანდრეი ბაბიშის პარტიამ „ანო“ კოალიციაში მყოფ კიდევ 2 პარტიასთან ერთად მყარი უმრავლესობა მოიპოვა, 200 მანდატიდან საკანონმდებლო ორგანოში 108 მათია. ამ პარტიების შეხების წერტილი ევროსკეპტიკური განწყობები და უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგობაა.
ახალი კოალიციური მთავრობის წინააღმდეგ მორიგი აქცია ჩეხეთში უკვე 15 თებერვალსაა ჩანიშნული.

