მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის მოქმედება ამერიკულ ფილმს „ზაზუნას დღე“ შეადარა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის მოქმედება ამერიკულ ფილმს „ზაზუნას დღე“ შეადარა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის თავდაცვითი პოლიტიკა გააკრიტიკა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„შარშან ერთი წლის წინ აქ დავოსში, მე ჩემი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დავასრულე. ევროპამ უნდა იცოდეს თავი როგორ დაიცვას. ერთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ჩვენ ისევ იმ მდგომარეობაში ვართ, როცა მე მიწევს იმავეს გამეორება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპა ყოველწლიურად ახალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მათ არ იციან, როგორ იმოქმედონ. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე რეაგირების გამოც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ირანში რეჟიმი ათასობით მოსახლეობას თავისუფლად კლავს და ამაზე პასუხს არავინ სთხოვს. ეს კი ყველა მჩაგვრელისთვის გზავნილია, თუ საკმარის ხალხს მოკლავ, ძალაუფლებას შეინარჩუნებ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსგავსი გზავნილები ევროპას არ აწყობს, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი რეაგირებას აგვიანებენ, რაც სხვა შემთხვევების დროსაც მეორდება.

ყველას ახსოვს შესანიშნავი ამერიკული ფილმი „ზაზუნას დღე“ ბილ მიურეისა და ენდი მაკდაუელის მონაწილეობით, მაგრამ ასე ცხოვრება არავის სურს, ერთი და იმავეს გამეორება კვირების, თვეებისა და წლების განმავლობაში. და მაინც, ზუსტად ასე ვცხოვრობთ ახლა. ესაა ჩვენი ცხოვრება. და ყველა ასეთი ფორუმი ამას ადასტურებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ევროპისა და მსოფლიო ყურადღება ძირითადად გრენლანდიაზეა გადასული. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ლიდერების უმეტესობამ უბრალოდ არ იცის, რა უნდა გააკეთოს.

„როგორც ჩანს, ყველა უბრალოდ ელოდება, რომ ამერიკა დამშვიდდება, იმ იმედით, რომ ეს საკითხი უბრალოდ გაივლის. მაგრამ რა მოხდება, თუ ის არ გაივლის? რა მოხდება შემდეგ? ირანში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ბევრი საუბარი იყო, მაგრამ იქ ხალხი სისხლში ჩაიხრჩო. მსოფლიო ირანელ ხალხს საკმარისად არ დაეხმარა. ეს სიმართლეა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დავოსზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ევროპას რუსული აქტივების გაყინვისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა პარტნიორებს რუსული ნავთობის ექსპორტის შესაჩერებლად მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური ომის მეოთხე წელი მიმდინარეობს. ის ადამიანი, ვინც ეს ომი დაიწყო, არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ის კვლავ ცდილობს ევროპაში თავისი გაყინული ფული დაიბრუნოს. და იცით რა? ის გარკვეულ წარმატებასაც აღწევს, ეს სიმართლეა. სწორედ პუტინი ცდილობს, გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული გაყინული რუსული აქტივები და არა ისინი, ვისაც აქვს ძალაუფლება. ის ამ ომისთვის არ ისჯება. საბედნიეროდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა და ამისთვის მადლიერი ვარ. მადლობა ურსულას. მადლობა, ანტონიოს და ყველა იმ ლიდერს, ვინც ამ პროცესში დაგვეხმარა. მაგრამ როდესაც დრო დადგა, ეს აქტივები რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად გამოგვეყენებინა, ეს გადაწყვეტილება დაიბლოკა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთვის პასუხი უნდა აგოს, თუმცა ამის მიუხედავად რუსული ნავთობი ევროპაში კვლავ შედის.

„რაც შეეხება თავად ცეცხლის შეწყვეტას. ამ კუთხით დახმარება ვის შეუძლია? ევროპას უყვარს მომავალზე საუბარი, მაგრამ დღეს მოქმედებას თავს არიდებს. ქმედებებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორი მომავალი გვექნება. სწორედ ეს არის პრობლემა, რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს შეაჩეროს ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები და ჩამოართვას ნავთობი, ევროპას კი არა? რუსული ნავთობი დღემდე შედის ევროპის სანაპიროებზე. ეს ნავთობი აფინანსებს უკრაინის წინააღმდეგ ომს. ეს ნავთობი ხელს უწყობს ევროპის დესტაბილიზაციას. ამიტომ, რუსული ნავთობი უნდა შეჩერდეს, ჩამოერთვას და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ. რატომაც არა? თუ პუტინს ფული არ აქვს, ევროპისთვის ომიც აღარ იქნება. თუ ევროპას ფული აქვს, მაშინ მას შეეძლება დაიცვას საკუთარი მოსახლეობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დავოსში სიტყვით გამოსვლამდე, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, სადაც მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილეს. როგორც მხარეებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული და დადებითი იყო. დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების მიღწევა ორივე ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს სურთ. მან ასევე თანაგრძნობა გამოხატა უკრაინელების მიმართ, რომლებიც ზამთარში გათბობის პრობლემები აქვთ, უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე რუსული იერიშების გამო.

უკრაინის მოქალაქეებმა მეტროსადგურს შეაფარეს თავი რუსეთის საჰარეო შეტევის შემდეგ, კიევი, 20 იანვარი, 2026 წელი Copyright AP Photo

„კარგი შეხვედრა მქონდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკისთან არაერთი კარგი შეხვედრა მქონია, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა. იცით, სასაცილოა, 35-წლიანი ომი ერთ დღეში დავასრულე, 32-წლიანი – ორ დღეში და სხვა ომები, ბევრად უარესი ომი – ოთხ დღეში. ეს კი უსასრულოდ გრძელდება. სინამდვილეში სხვა ომები შეიძლება უფრო რთულიც კი იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ომის დასრულების მიზნით დათმობაზე წასვლა ყველა მხარეს მოუწევს

„შეთანხმებისთვის ყველა დათმობაზე მიდის. ევროპაც იქნება ამის ნაწილი, ის აუცილებლად უნდა იყოს. ეს არ არის ის, რასაც ევროპა ჩემთვის გააკეთებს. უფრო მე ვაკეთებ ამას ევროპისთვის. პირველ რიგში, მე ამას სიცოცხლის გადასარჩენად ვაკეთებ. შემდეგ უკვე ევროპისთვის ვაკეთებ. ეს ჩვენზე დიდად არ მოქმედებს. სიცოცხლის დაკარგვის გარდა, ეს დიდად არ მოქმედებს ჩვენზე. ათასობით მილის დაშორებითაა, ოკეანე გვაშორებს, მაგრამ მე მაქვს მისი დასრულების უნარი და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. მეგონა, რომ პუტინს ეს ყველაფერი სურდა. შეიძლება სურს კიდეც, მაგრამ აქეთ ნაბიჯს არ გადადგამს, თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა იყო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარის მიღმა გაიმართა, იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ისინი შეხვედრის შემდეგ გაემგზავრნენ მოსკოვში, სადაც ოფიციალური შეხვედრა გამართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, იური უშაკოვთან. რუსულმა მხარემ შეხვედრა დადებითად შეაფასა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტერიტორიული საკითხის მოგვარების გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება. რუსული მხარე ითხოვს, რომ უკრაინამ ჯარები გაიყვანოს აღმოსავლეთ რეგიონებიდან, რომლებსაც მოსკოვი სრულადაც კი არ აკონტროლებს.

„განმეორებით აღვნიშნეთ, რომ ტერიტორიული საკითხის მოგვარების გარეშე, უბრალოდ გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის იმედი არ არსებობს. ჩვენ, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, გულწრფელად ვართ დაინტერესებული, მოვაგვაროთ უკრაინის კრიზისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით. სანამ ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის კუთხით რუსეთი თანმიმდევრულად გააგრძელებს მოქმედებებს ბრძოლის ველზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები სტრატეგიულ ინიციატივას ფლობენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში, იური უშაკოვმა.

უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით სამმხრივ შეხვედრას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართავენ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამმხრივი მოლაპარაკებები 23 იანვარს უნდა დაიწყოს და ის ორი დღე გაგრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებებისას რუსეთი დათმობებზე წასასვლელად მზად უნდა იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend